Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

473-ე გამოშვება.


წამყვანი: მარიამ ჭიაურელი, პრაღა 473-ე გამოშვება.

წამყვანი:
ძვირფასო რადიომსმენელებო, ახლა, ტრადიციისამებრ, "მეათე სტუდიაში" გეპატიჟებით. ყოველკვირეულ რადიოჟურნალს დავიწყებთ საუბრით თემაზე, რა კანონპროექტების განხილვა მოუწევს საქართველოს პარლამენტს საგაზაფხულო სესიაზე; შევეხებით ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის ჰაერიდან დაცვის საკითხსა და თბილისში უკანონო მშენებლობების პრობლემას. შემდეგ კი პრობლემებს გამოვეთხოვებით და სალიტერატურო იუბილეებზე მოგითხრობთ: დღეს გამოვეხმაურებით სხვადასხვა ჟანრის ორი კლასიკოსის, ჟიულ ვერნისა და ჟორჟ სიმენონის დაბადების თარიღებს. "მეათე სტუდიის" ბოლოს კი საინტერესო ამბების კალეიდოსკოპს მოისმენთ. პრაღაში მიკროფონთან მარიამ ჭიაურელია.
[მუსიკა]

რა კანონპროექტების განხილვა მოუწევს პარლამენტს საგაზაფხულო სესიაზე?
თამარ ჩიქოვანი, თბილისი

წამყვანი:
წესით და რიგით, საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია 4 თებერვალს უნდა გახსნილიყო, მაგრამ ამ დღეს პარლამენტარები მხოლოდ პარლამენტის ბიუროს სხდომის ჩატარებას დასჯერდნენ. თუმცა, ბიუროს წევრთა გამოუცხადებლობის გამო, შეკრებას საბოლოოდ ფრაქციათა შეხვედრა უწოდეს. არადა, უახლოეს თვეებში პარლამენტს არაერთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა მოუწევს. კონკრეტულად, როგორი შეიძლება აღმოჩნდეს პარლამენტის სამუშაო გეგმები? ამ საკითხზე თამარ ჩიქოვანი გესაუბრებათ.

თამარ ჩიქოვანი:
ამ მოწვევის პარლამენტის ბოლო სესიის ყველაზე მწვავე და პრინციპულ საკითხად, რა თქმა უნდა, არჩევნებთან დაკავშირებული კანონპროექტებისა და უკვე არსებულ კანონებში ცვლილებების შეტანის საკითხი იქცევა. სამწუხაროდ, როგორც აქამდეც არაერთხელ მომხდარა, ამჯერადაც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის საკითხი პარლამენტმა ბოლოსთვის მოიტოვა და კვლავაც ცაიტნოტში მოუწევს ამ მეტად მნიშვნელოვანი კანონის განხილვა. ყველაზე დიდ კამათს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება გამოიწვევს. ის, რომ ამჟამინდელ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ძირეული გადახალისება არ ასცდება - აღარავის აეჭვებს, მაგრამ როგორი პრინციპით დაკომპლექტდება ცენტრალური საარჩევნო კომისია - ამ საკითხთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია არ არსებობს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გარდა, პრინციპულ დავას გამოიწვევს ქვედა საფეხურის - საოლქო კომისიის - დაკომპლექტების წესიც. სავარაუდოა, რომ ცვლილებები შეეხება ხმის მიცემის პროცედურასაც, რათა არჩევნებისას გაყალბების შესაძლებლობა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.

მიუხედავად დასახული "ღირსეული" ამოცანებისა, საქართველოში ბევრს აეჭვებს, რომ ამჯერად მაინც არჩევნები გაყალბების გარეშე გაიმართება. ექსპერტთა ვარაუდით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პარლამენტის შრომისუნარიონობის ისედაც დაბალი დონე კიდევ უფრო დაეცემა. წინასაარჩევნო პერიოდში პარლამენტში წარმოდგენილი პარტიები მაქსიმალურად შეეცდებიან ქვეყნის ყველაზე მაღალი ტრიბუნის გამოყენებას ამომრჩევლის ყურადღების მისაპყრობად. შესაბამისად, საგაზაფხულო სესია საკმაოდ რადიკალური განცხადებებით იქნება გამორჩეული. არადა, პარლამენტართა მიერ რამდენიმე წლის წინათ გაკეთებულ განცხადებებს და დაპირებებს თუ გავიხსენებთ, 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ისინი არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებას გეგმავდნენ. უპირველეს ყოვლისა, როგორც ჩანს, ახალი პარლამენტის საზრუნავი იქნება ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის პრინციპის განსაზღვრა. დაპირებების მიუხედავად, ამ მოწვევის პარლამენტმა, ამ თვალსაზრისით, ვერაფერი გააკეთა.

ასევე, საეჭვოა, პარლამენტმა განიხილოს ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტი, რომელიც, ფრაქცია "მრეწველების" ინიციატივით, ქართველმა ეკონომისტებმა და ექსპერტებმა მოამზადეს. არადა, საგადასახადო სისტემის მოწესრიგება 1999 წელს ძირითადი საარჩევნო დაპირება გახლდათ მოძრაობისა "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს". ასევე საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტმა, წესით და რიგით, უნდა განიხილოს კანონპროექტი უმაღლესი განათლების შესახებ, რომლის მომზადებაში დიდი წვლილი მიუძღვით უცხოელ ექსპერტებსაც. რამდენად აქტუალურად მიიჩნევენ განათლების თემატიკას წინასაარჩევო პერიოდში პარტიები, დღეს ძნელი სათქმელია.
მართალია, იდეამ მინისტრთა კაბინეტის შემოღების შესახებ, ასე ვთქვათ, ჩაილურის წყალი დალია, მაგრამ პარლამენტს მაინც მოუწევს აღმასრულებელი ხელისუფლების რეორგანიზაციის თემაზე მსჯელობა. გავრცელებული ინფორმაციით, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უკვე მოამზადა პროექტი სამინისტროთა რაოდენობის შემცირების შესახებ. თუ ეს ვარიანტი პარლამენტმა არ დაამტკიცა, მაშინ მას მინისტრობის ორი ვაკანსიის შევსებაზე მოუწევს ზრუნვა: როგორც ცნობილია, თავისუფალია ლტოლვილთა და მშენებლობის მინისტრების თანამდებობები.

პარლამენტის პირველივე სხდომა კი, როგორც ჩანს, მეტად ბობოქარი იქნება. პარლამენტი აუცილებლად განიხილავს 3 თებერვალს ახალი მემარჯვენეების ოფისის დარბევის ფაქტს. გარდა ამისა, მოქალაქეთა კავშირი აუცილებლად წამოჭრის "შეთქმულების" თემასაც. ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირის" თავმჯდომარემ ვიტალი ხაზარაძემ, რომელიც შეთქმულებს მიაკუთვნეს, გამოძიებისთვის ხელშეწყობის მიზნით, სადეპუტატო იმუნიტეტზე უარი თქვა და სხვებსაც მოუწოდა მის მაგალითს მიბაძონ.

თამარ ჩიქოვანი რადიო"თავისუფლებისათვის", თბილისი
[მუსიკა]

თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის დაცვა ჰაერიდანაც იქნება უზრუნველყოფილი
კობა ლიკლიკაძე, თბილისი

წამყვანი:
წინასწარი დაპირების მიუხედავად, 2003 წლის ბიუჯეტში კვლავ ვერ გამოინახა საჭირო თანხა საჰაერო თავდაცვის სისტემის აღსადგენად, რისთვისაც სამხედრო უწყება, პირველ ეტაპზე, 12 მილიონ ლარს მოითხოვდა. შესაბამისად, ის საფრთხე, რასაც საჰაერო სივრცის დაუცველობა განაპირობებდა, წელსაც შენარჩუნდება. თუმცა, როგორც კობა ლიკლიკაძემ შეიტყო, "შავი ხვრელების" რაოდენობა საქართველოს თავზე, შარშანდელისგან განსხავებით, მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს - ნატოსკენ აღებული კურსისა და საქართველოს გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენის მშენებლობის წყალობით.

კობა ლიკლიკაძე:
იანვრის ბოლოს უკრაინის თავდაცვის მინისტრის, გენერალ-პოლკოვნიკ შკიდჩენკოს ვიზიტი საქართველოში ისე დასრულდა, რომ არც თევზაძეს და არც მის უკრაინელ კოლეგას სიტყვაც კი არ დაუძრავთ უკრაინასთან საჰაერო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რაზეც საქართველოს სამთავრობო კულუარებში გაცხოველებული საუბრები მიმდინარეობდა მთელი შარშანდელი წლის განმავლობაში. სამხედრო უწყებიდან გამოსული ინფორმაციით, ამგვარი დადუმების მიზეზი ორგვარია: უკრაინული წარმოების "კოლჩუგებთან" დაკავშირებული საერთაშორისო სკანდალის შემდეგ ამგვარი თანამშრომლობა თბილისს, შესაძლოა, ძალიან ძვირად დაუჯდეს, პირველ ყოვლისა, საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს დონორ ამერიკასთან ურთიერთობის თვალსაზრისით. მეორე მხრივ, როგორც თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე აცხადებს, საქართველოს სამხედრო უწყების ანგარიშზე ჯერჯერობით არ ჩანს არც ერთი თეთრი იმ დაპირებული თორმეტი მილიონიდან, რომელიც თითქმის ბოლომდე გაპარტახებული საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემის ნაწილობრივ აღდგენას ესაჭიროება.

[დავით თევზაძის ხმა] "ახლა, ვინაიდან ბიუჯეტი ამ დაფინანსებას საერთოდ არ ითვალისწინებს, მე რომ გითხრათ, რომ რაღაც რადიკალური ცვლილებები მოხდება ამ მიმართულებით, ალბათ, შეცდომაში უნდა შეგიყვანოთ. მაგრამ ჩვენ ვეცდებით, რომ იმ თანხებით, რაც გამოგვიჩნდება, გარკვეულწილად აღვადგინოთ კონტროლი ჩვენს საჰაერო სივრცეზე, რაც მხოლოდ ერთი ნაწილია, ერთი მონაკვეთია იმ სისტემისა, რასაც საჰაერო თავდაცვა ჰქვია. თუმცა, უნდა გითხრათ, რომ უკრაინა არ არის ერთადერთი შესაძლო პარტნიორი. საკმაოდ ინტენსიურად ვმუშაობთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ამ საკითხზე და გარკვეული პერსპექტივები იკვეთება."

საჰაერო სივრცის კონტროლის ნაწილში კარგი პერსპექტივა გასული წლის მიწურულს გამოიკვეთა და იგი პირდაპირ უკავშირდება პრაღის სამიტზე პრეზიდენტ შევარდნაძის განცხადებას. ლაპარაკია ნატოს ინიციატივაზე, რომელიც წევრ სახელმწიფოთა შორის საჰაერო ვითარების მონაცემთა ურთიერთგაცვლას(Air Situation Data Exchange - ASDE) ითვალისწინებს. ეს პროგრამა საქართველოს ნატოსთან ინტეგრირებული მონიტორინგის, უფრო მარტივად, საქართველოს საჰაერო სივრცეში არსებული ვითარების ზუსტად დაფიქსირების შესაძლებლობას მისცემს. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური განაცხადი ამ პროგრამასთან მიერთების თაობაზე საქართველომ ორი წლის წინ გააკეთა, მაგრამ ბერძნული მხარის უარყოფითი პოზიციის გამო ნატოს სამხედრო კომიტეტმა ვერ მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნულ პროგრამაში საქართველოს ჩართვის შესახებ. 2002 წლის ნატოს პრაღის სამიტის შემდეგ საბერძნეთმა შეცვალა დამოკიდებულება და გასული წლის 9 დეკემბერს ნატოს ყველა შესაბამისმა კომიტეტმა ეს საკითხი განიხილა. თუმცა საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, რაშიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეჭვი არ ეპარება, ნატოს საჰაერო ვითარების მონაცემთა ურთიერთგაცვლის პროგრამასთან საქართველოს მიერთება ეტაპობრივად მოხდება და პროცესი, საბოლოოდ, მხოლოდ 2-3 წელიწადში დასრულდება.

მეორე მნიშვნელოვან და უფრო ახლო პერსპექტივის საქმეს წარმოადგენს საქართველოს გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენის მშენებლობა, რომლის უსაფრთხოების საჰაერო კომპონენტზე იანვრის დასაწყისშივე დაიწყო ლაპარაკი. კერძოდ, საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციამ გაავრცელა ინფორმაცია, ამერიკულ კომპანია "ნორტროპ გრუმანთან" წარმოებული მოლაპარაკების შესახებ, რაც საექსპორტო მილსადენსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საჰაერო სათვალთვალო სისტემის შექმნას ითვალისწინებს. ამავე მიზნით, ქართულ მხარეს უნდა გადმოეცეს ისეთივე ტიპის რადარები, როგორსაც აშშ ავღანეთში იყენებს. ნავთობსადენზე თანამედროვე დაცვის სისტემების დამონტაჟებაზე, ჩვენთან საუბარში, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა სულხან პაპაშვილმაც გაამახვილა ყურადღება.

[სულხან პაპაშვილის ხმა] "არ არსებობს შიშველი მონაკვეთები. ეს არის მთლიანად ჩადებული მიწაში და ახლა რაც შენდება, ეს ასმაგი დატვირთვით იქნება დაცული: სენსორებით, ჩამკეტებით, ვიდეოკამერებით. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ."

"ნორტრონ გრუმანთან" მიმდინარე მოლაპარაკება წინა კვირას ბრიტანულმა გაზეთმა "გარდიანმაც" დაადასტურა და მიუთითა, რომ, რადარული სისტემების გარდა, ნავთობსადენის დასაცავად, შესაძლოა, უპილოტო-მზვერავი თვითმფრინავები "გლობალ ჰოუკებიც" გამოიყენონ. გაზეთის ინფორმაციით, მოლაპარაკების მიმდინარეობის ფაქტს "ნორტონ გრუმანის" წარმომადგენლებიც ადასტურებენ, თუმცა შეთანხმება ჯერჯერობით მიღწეული არ არის.

თუ გავითვალისწინებთ, რომ საექსპორტო მილსადენმა საქართველოს ტერიტორია 248 კილომეტრზე უნდა გადაკვეთოს, მაშინ, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, რაც ჯერ მაინც ვარაუდების სფეროს განეკუთვნება, საქართველოს საჰაერო სივრცის მნიშვნელოვანი მასივი, როგორც მოსალოდნელი სამხედრო პროვოკაციების, ისე საჰაერო ტერორისტული აქტებისაგან საიმედოდ აღმოჩნდება დაცული.

კობა ლიკლიკაძე რადიო"თავისუფლებისათვის", თბილისი
[მუსიკა]

როგორ დავუპირისპირდეთ უკანონო მშენებლობებს?
დავით პაიჭაძე, თბილისი

წამყვანი:
რამდენიმე დღის წინ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ქალაქის მთავარ არქიტექტორს დაავალა, გამოევლინა უკანონო მშენებლობები თბილისში, აღენუსხა კანონის დარღვევით აგებული შენობები და გაეუქმებინა უკანონოდ გაცემული სამშენებლო ნებართვები. თბილისის მთავარი არქიტექტორი, ირაკლი როსტომაშვილი აცხადებს, რომ 300 ასეთი შენობა, მშენებლობა თუ ნებართვა აღმოაჩინა, მაგრამ მარტო მათთან ბრძოლა იმთავითვე წაგებულ საქმედ მიაჩნია. როსტომაშვილი თანადგომას სთხოვს მასმედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ჩანს, ეს ცარიელი სიტყვები არ არის, რადგან ქალაქის არქიტექტურის სამსახურთან ყალიბდება მონიტორინგის ჯგუფი, რომელშიც სწორედ მესამე სექტორის წარმომადგენლები გაერთიანდებიან. მათ განკარგულებაში იქნება სამი მანქანა, რომლითაც რეგულარულად დაათვალიერებენ ქალაქს და შეამოწმებენ, კანონიერია თუ არა ესა თუ ის მშენებლობა. დავით პაიჭაძე გაგაცნობთ ზოგიერთ სირთულეს, რაც ქალაქში უკანონო მშნებლობებს უკავშირდება.

დავით პაიჭაძე:
სამას კანონდარღვევასთან ერთდროული დაპირისპირება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. პირველ ეტაპს თბილისის მთავარი არქიტექტორი თითო რაიონიდან სამ-სამი ყველაზე თვალშისაცემი დარღვევის "ამოწევით" იწყებს და ამბობს, რომ გამჭვირვალედ შეუდგება 15-ვე ობიექტის მიმართ "ღონისძიებათა გატარებას". დღეს ძნელი სათქმელია, რა შინაარსი აქვს ამ ბიუროკრატიულ ტერმინს. როსტომაშვილის თქმით, მშენებლობებთან დაკავშირებული 20-ზე მეტი საქმე სასამართლოში იხილება. იმ ნებართვებსა თუ მშენებლობებს, რომელთაც მოქალაქეები ან არქმშენინსპექცია სასამრთლოში ასაჩივრებენ, არქიტექტურის სამსახური ვერ შეეხება. სამაგიეროდ, ირაკლი როსტომაშვილი ჩამოთვლის იმას, რისი გაუქმების ბრძანება უკვე გასცა [როსტომაშვილის ხმა]: "შიო მღვიმელის 4-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, ამხანაგობა "არაგვი-4"-ის საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, ხუთსართულიანი სახლის მშენებლობა მილორავას ქუჩაზე, ნომერ 2-ში, ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა და ნებართვა საბურთალოს ქუჩა ნომერ 52-ში".

გარდა ამისა, როსტომაშვილს მიაჩნია, რომ უნდა დაინგრეს მეტროს სადგურ ისანთან ტროტუარზე აგებული სავაჭრო ობიექტი, რომლის დოკუმენტაციაც ჯერჯერობით მოძიებული არ არის. [როსტომაშვილის ხმა]: "მტავარია, გადაიხედოს დანაშაულებრივი ნებართვები და გარიგებები. ეს არ უნდა მოხდეს კერძო მეწარმის საზიანოდ. კაცმა თუ სწორედ და ოფიციალურად გადაიხადა ფული, მან კომპენსაცია უნდა მიიღოს, მაგრამ ვინ უნდა გადაიხადოს ეს კომპენსაცია - ხელისმომწერმა პირმა, დანაშაულებრივად რომ გასცა ნებართვა თუ ქალაქის ბიუჯეტმა - უკვე სასამართლოს გადასაწყვეტია."

ამ სიტყვების შემდეგ ირაკლი როსტომაშვილმა სენსაციური განცხადება გააკეთა; თურმე ლოკომოტივის ახალი სტადიონის პროექტი თბილისის არქიტექტურის სამსახურში არ დევს. სტადიონი აშენდა სამსახურთან შეუთანხმებლად და, ამდენად, უკანონო ნაგებობას წარმოადგენს. ჯერ არავინ იცის, არქიტექტურული თვალსაზრისით, რა დარღვევებით აშენდა ლოკომოტივის სტადიონი და ვინ აგებს ამის გამო პასუხს. ასეთ დროს თითქოს ლოგიკურია ლაპარაკი ორმაგ სტანდარტზე: როგორ უნდა ამოიღო ხმა უკანონოდ ჩადგმული ჯიხურის გამო, თუ ქალაქში ათეულ ათასობით ადამიანზე გათვლილი ნაგებობა ისე გაჩნდა, რომ არქიტექტურის სამსახურს არავითარი ნებართვა არ გაუცია?!

ირაკლი როსტომაშვილი წინააღმდეგია, მის სახელს დაუკავშირდეს წინამორბედი მთავარი არქიტექტორების ნამოქმედარი. ის აღწერს უკანონო მშენებლობის დროს წარმოქმნილ უთანხმოებათა მოხსნის მანკიერ წესს და საზოგადოებას გადაწყვეტილებათა ახლებურ მიღებას სთავაზობს [როსტომაშვილის ხმა]: "ძალიან ბევრი ფაქტი ვიცი, როგორ გაჩერდა მშენებლობა ანგარების მიზნით. მისცემდნენ მხარეს ბინას ან საზღაურს და ისიც ჩერდებოდა. ჩემთვის ეს მიუღებელია. ჩემტან შეიქმნეა საზოგადოებრივი საბჭო, პროექტების მიღება იქნება ფართო საზოგადოებისთვის გამჭვირვალე. დაე, კონკრწეტული პ[რეტენზია გამოითქვას კამერებთან, ჟურნალისტებთან და არა ქუჩაში, გარიგების დროს. მთავარი არქიტექტორის გადაწყვეტილება ან დადებითია, ან უარყოფითი. ორივე გადაწყვეტილებას ერთნაირი სიძლიერის არგუმენტი სჭირდება".

ძნელი სათქმელია, რამდენად განხორციელდება ეს წინადადება. ადამიანების დიდმა ნაწილმა, ვისაც ეხება ქალაქის მთავარი არქიტექტორის მიმართვა, შეიძლება ვერ მოიცალოს ამ ხარისხის გამჭვირვალე პროცესებში ჩასაბმელად. თუმცა, ამთავითვე შეიძლება ითქვას, რომ მტავარ არქიტექტორს მოსვენებას არ მისცემს ის, ვინც განაწესა ამ პოსტზე ირაკლი როსტომაშვილი: თბილისის საკრებულო და, განსაკუთრებით "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქცია.

დავით პაიჭაძე რადიო"თავისუფლებისათვის", თბილისი
[მუსიკა]

ჟიულ ვერნი - 175
ბიძინა რამიშვილი, პრაღა

წამყვანი:
გამოჩენილ ფრანგ მწერალი ჟიულ ვერნი თავის წიგნებში მთვარეზე, დედამიწის შუაგულსა და ოკეანის ფსკერზე მოგზაურობაზე ოცნებობდა. დაუღალავმა მკვლევრებმა დროთა განმავლობაში საფრენი, საყვინთი თუ სახმელეთო აპარატები გამოიგონეს და მწერლის ფანტაზია რეალობად აქციეს. მაგრამ ჟიულ ვერნის რომანებს ამით ხიბლი არ მოკლებია. საუკუნეზე მეტია, თაობები იზრდებიან ისეთ წიგნებზე, როგორიცაა "ოთხმოცი ათასი კილომეტრი წყალქვეშ", "მოგზაურობა დედამიწიდან მთვარემდე", "კაპიტან გრანტის შვილები" თუ "საიდუმლო კუნძული". 8 თებერვალს, ჟიულ ვერნის დაბადებიდან 175 წლისთავი სრულდება. ბიძინა რამიშვილი გესაუბრებათ.

ბიძინა რამიშვილი:
მეც, ბევრი თქვენგანის მსგავსად, იმათ რიცხვს ვეკუთვნი, ვისთვისაც სიყმაწვილეში განსაკუთრებით ძვირფასი იყო ჟიულ ვერნის სამყარო. სხვათა შორის, "საიდუმლო კუნძული" იყო პირველი დიდი წიგნი, რომელიც დამოუკიდებლად წავიკითხე და რომელიც ისე მიყვარს, რომ მოგვიანებითაც არაერთხელ გადამიკიხავს. მაგრამ ამჯერად ჟიულ ვერნის მიმართ ჩემს პირად დამოკიდებულებაზე საუბარს არ გავაგრძელებ.

ჟიულ ვერნი 1828 წელს დაიბადა საფრანგეთის ქალაქ ნანტში, საკმაოდ შეძლებული ვექილის ოჯახში. მოგვიანებით თავადაც მამის კვალს გაჰყვა და პარიზში გადავიდა იურისპრუდენციის შესასწავლად. იქ ბიძამისმა გაუხსნა გზა ლიტერატურული წრეებისკენ და ახალგაზრდა ვერნმა პიესების წერა დაიწყო ვიქტორ ჰიუგოსა და უმცროსი ალექსანდრ დიუმას გავლენით. ამ უკანასკნელს იგი პირადად იცნობდა.
ახალგაზრდა ლიტერატორზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ედგარ პოს ნაწარმოებების შარლ ბოდლერისეულმა თარგმანმა, რომელიც 1854 წელს გამოვიდა. ჟიულ ვერნი ამერიკელი მწერლის ერთ-ერთ ყველაზე მხურვალე თაყვანისმცემლად იქცა და მისი გავლენით დაწერა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის პირველი ნაწარმოები "მოგზაურობა საჰაერო ბუშტით", რომელიც 1851 წელს გამოქვეყნდა.

ვერნს ბედმა გაუღიმა, როცა შეხვდა საბავშვო მწერალსა და გამომცემელს, პიერ ჟიულ ეცელს, რომელიც ბალზაკთან და ჟორჟ სანდთანაც თანამშრომლობდა. ეცელის ხელშეწყობით ვერნი მალე საქვეყნოდ ცნობილ მწერლად იქცა მთელს მსოფლიოში და ჰერბერტ უელსის გვერდით ლიტერატურაში სამეცნიერო ფანტასტიკის პიონერის სახელი დაიმკვირა.

ოღონდ უელსისგან განსხვავებით ვერნი ცდილობდა, მისი ფანტასტიკა მაქსიმალურად რეალისტური ყოფილიყო. თუმცა, ზოგჯერ თავადაც ღალატობდა რეალიზმის შეგრძნება. ან, შეიძლება, ეს გაუთვითცნობიერებლობის ბრალიც იყო, როგორც ეს, მაგალითად, შეინიშნება მის რომანში "მოგზაურობა დედამიწის შუაგულში". ეს ალბათ, განსაკუთრებით გეოლოგებს ეცემათ თვალში.
მაგრამ მთავარი ეს არ არის. მკითხველისთვის, - მათ შორის, დღევანდელი მკითხველისთვისაც, რომლისთვისაც უკვე კარგა ხანია ეგზოტიკურობის ხიბლი დაკარგა თვითმფრინავმაც, წყალქვეშა ნავმაც და კოსმოსურმა ხომალდმაც კი, - ჟიულ ვერნის რომანებში არის რაღაც უნივერსალური, რაც ნებისმიერი ეპოქის ადამიანს იზიდავს. ესაა ბუნების დამორჩილების რომანტიკული ოცნება, შორეული და იდუმალი სამყაროს ათვისების წყურვილი, პროგრესისა და წინსვლის რწმენა.

სხვათა შორის, სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდამდე ვერნი იშვიათად მოგზაურობდა. მისი სამოგზაურო-სათავგადასავლო წიგნები პირად გამოცდილებას კი არ ემყარება, არამედ ბიბლიოთეკაში თავაუღებელი შრომისა და ძიების ნაყოფია. მით უფრო დასაფასებელია მისი, როგორც შემოქმედის, ფანტაზია და წარმოსახვის უნარი.

ჟიულ ვერნის წიგნები 140-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი. მისი ნაწარმოებების საერთო ტირაჟის დაანგარიშება პრაქტიკულად შეუძლებელია. ჟიულ ვერნის წიგნების მიხედვით გადაღებულია უამრავი ფილმი. ხოლო ვისაც მის თაყვანისმცემელთა შესახებ ინფორმაცია აინტერესებს, ვურჩევ, არ დაიზაროს და ინტერნეტში მოინახულოს მრავალრიცხოვანი კლუბები. პირადად მე გული დამწყდა, რომ ჩემს ბავშვობაში ასეთი ინტერნეტ-კლუბები არ არსებობდა.
[მუსიკა]

"თავი დაანებეთ ლიტერატურას!", ანუ წარმატების საიდუმლო
ჟორჟ სიმენონი - 100
დავით კაკაბაძე, პრაღა

წამყვანი:
ლიტერატურაზე და, თანაც, ფრანგულენოვან ლიტერატურაზე საუბარი ამით არ დაგვიმთავრებია. ჩვენი შემდეგი სიუჟეტი ეძღვნება ცნობილ ბელგიელ ავტორს ჟორჟ სიმენონს, რომელიც მწერლობაში გავლებული კვალისა თუ შთამომავლებზე გავლენის თვალსაზრისით, მართალია, ჟიულ ვერნს ვერ შეედრება, მაგრამ მაინც უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობდა (და დღესაც სარგებლობს!) დეტექტიური ჟანრის მოყვარულთა შორის. საკმარისია ითქვას, რომ ჟორჟ სიმენონის რომანები 50-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი (მათ შორის, ქართულადაც), ხოლო მისი წიგნების საერთო ტირაჟი, როგორც ბიოგრაფები ირწმუნებიან, 1,4 მილიარდ ეგზემპლარს (!) აღწევს. გამჭრიახ და ალღოიან კომისარ მეგრეს შემქმნელზე დავით კაკაბაძე გესაუბრებათ.

დავით კაკაბაძე:
ჟორჟ სიმენონი ახალგაზრდობიდან მწერლობაზე ოცნებობდა. 20 წლის იყო, როცა თავისი რამდენიმე ნაწერი მიუტანა კოლეტს - მარსელ პრუსტისა და პოლ ვალერის თანამედროვეს, მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ფრანგული მწერლობის "გრანდ დამად" მიჩნეულ მწერალს, რომელიც პარიზის გაზეთ "მატენში" ყოველდღიურ სალიტერატურო რუბრიკას უძღვებოდა.

ახალგაზრდა კოლეგას კოლეტმა, ერთი შეხედვით, უცნაური განაჩენი გამოუტანა: "თავი დაანებეთ ლიტერატურას! ნაკლებად ლიტერატურულად წერეთ და ყველაფერი რიგზე იქნებაო!"

თავისდა საბედნიეროდ, სიმენონმა ყურად იყო გამოცდილი მწერლისა და ლიტერატურული გემოვნებით დაჯილდოებული კრიტიკოსის რჩევა: "მას მერე ვცდილობ, უბრალოდ და სადად ვწეროო", უთქვამს უკვე ხანში შესულ სიმენონს მასთან სტუმრად მისული ერთი ჟურნალისტისთვის. იმ დროისთვის მას უკვე სამასამდე რომანი ჰქონდა გამოქვეყნებული, ხოლო კოლეტთან ზემოთ აღწერილი საგულისხმო შეხვედრიდან ოთხი ათეული წელი იყო გასული.

"კოლეტის შეგონება დამწყები მწერლისთვის იმდენად დამაჯერებელი აღმოჩნდა, რომ ის იოლად შეელია ყოველგვარ ეპითეტებს და თავისი ნაწარმოებები უაღრესად სადა, მარტივ საკითხავად აქცია" - ასე ახასიათებს სიმენონის ბიოგრაფი პიერ ასულინი დღეს უკვე საქვეყნოდ ცნობილი მწერლის სტილს.

ჟორჟ სიმენონი 1903 წლის 13 თებერვალს, ნაშუაღამევს დაიბადა. იმ წელს 13 თებერვალი პარასკევს დაემთხვა, რაც ცრუმორწმუნე ანრიეტ სიმენონს - ბავშვის დედას - ცუდად ენიშნა. იგი მეან ქალებს შეევედრა, პატარა ჟორჟის დაბადების თარიღად სარეგისტრაციო ჟურნალში 12 თებერვალი, ღამის თორმეტის ნახევარი შეეტანათ.

ძნელი სათქმელია, რა გავლენა იქონია ახალშობილის შემდგომ ცხოვრებაზე ამ პატარა და უწყინარმა ტყუილმა. ფაქტი ის არის, რომ სიმენონმა საზოგადოებაში მოპოვებული ადგილისა თუ მატერიალური კეთილდღეობის თვალსაზრისით ისეთ მწვერვალებს მიაღწია, როგორზეც მისი მშობლები ძნელად თუ იოცნებებდნენ.

15 წლის ასაკში ჟორჟ სიმენონი სკოლას ტოვებს და მუშაობას იწყებს რეპორტიორად ყოველდღიურ საქალაქო გამოცემა "გაზეტ დე ლიეჟში". ოთხი წლის შემდეგ, დეკემბრის ერთ წვიმიან დღეს, იგი პარიზში ჩადის: მუყაოს ერთი ჩემოდნითა და მტკიცე განზრახვით, თავი წერით ირჩინოს. იგი გასაოცარი სისწრაფით აცხობს იაფფასიან რომან-სერიებს, მაგრამ, ამავე დროს, მაღალმხატვრული ლიტერატურის შექმნაზეც ოცნებობს. მალე იგი ცოლსაც ირთავს და თან რომანს აჩაღებს იმხანად სრულიად უცნობ მოცეკვავესთან, შემდეგ კი ლეგენდად ქცეულ ჟოზეფინ ბეიკერთან. იგი ბევრს მოგზაურობს: საფრანგეთში, ევროპაში, აფრიკაში... მაგრამ თან პროვინციაში მშვიდსა და უდარდელ ცხოვრებაზე ოცნებობს.

დისკუსია ნაცისტური გერმანიის მიმართ სიმენონის არცთუ მკაფიო დამოკიდებულების გარშემო მწერალს იძულებულს ხდის, ერთ ხანს შეერთებულ შტატებში გადასახლდეს. იგი არ მალავს, რომ მატერიალურ მხარეს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და საფრანგეთის ყველაზე პრესტიჟულ გამომცემლობა "გალიმარს" ზურგს შეაქცევს, როგორც კი სხვაგან მეტი ფულის გაკეთების შანსი მიეცემა.

გამომცემელი არტემ ფაიარი მას ლამის აიძულებს, წეროს და წეროს რომანები, რომლებიც მკითხველთა შორის არნახული პოპულარობით სარგებლობს. "70 სიტყვა წუთში, 80 გვერდი დღეში!" - ასეთი იყო სიმენონის სამუშაო რეჟიმი იმ წლებში, როცა კომისარ მეგრეს მისთვის, დიდებასთან ერთად, ფულიც მოჰქონდა.

"მხოლოდ ბიბლია თუ უთარგმნიათ სიმენონის ნაწარმოებებზე უფრო ხშირადო", ამბობს დეტექტივების მოყვარული და ექსპერტი ალენ დევალკი - მფლობელი ბრიუსელის დეტექტიური ლიტერატურის მაღაზიისა, რომელიც ამ ტიპის ერთადერთი მაღაზიაა მთელს ბელგიაში. მე კი დავძენ: არა მარტო უთარგმნიათ, არამედ კინოფილმებიც გადაუღიათ. თანაც, ისეთ რეჟისორებს, როგორიც არიან ჟან რენუარი, ბერტრან ტავერნიე თუ კლოდ შაბროლი.

სიმენონის გარდაცვალებიდან 23 წელი გავიდა, მაგრამ მის რომანებს მკითხველი არ მოჰკლებია. იმავე ალენ დევალკის აზრით, მწერლის პოპულარობის მიზეზი უწინარესად მის სადა, უპრეტენზიო სტილში უნდა ვეძიოთ.

როგორ ჩანს, ტყუილად არ ამბობდა თავად ჟორჟ სიმენონი, ჩემს წარმატებას კოლეტს უნდა ვუმადლოდეო.
[მუსიკა]

წამყვანი:
ახლა კოლეტის შეგონებას, "თავი დაანებეთ ლიტერატურას", პირდაპირი მნიშვნელობით შევასრულებთ და სხვა თემებს შემოგთავაზებთ, თუმცა საუბარი მაინც კულტურას, კერძოდ, კინოსა და თეატრს შეეხება. ეთერშია ჩვენი ტრადიციული რუბრიკა, "საინტერესო ამბების კალეიდოსკოპი".
[მუსიკა]

ბერლინში დაიწყო საერთაშორისო კინოფესტივალი

ხუთშაბათს საღამოს ბერლინის ცენტრში, პოტსდამის მოედანზე აღმართულ შთამბეჭდავ ნაგებობაში, რომელსაც "ბერლინალე-პალასტს" უწოდებენ 2000-ზე მეტი გერმანელი თუ უცხოელი სტუმარი მიიღეს: საზეიმო ვითარებაში, ახალი ამერიკული კინოფილმის, "ჩიკაგოს" ჩვენებით დაიწყო ბერლინის 53-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც კანისა და ვენეციის ფორუმებთან ერთად მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ კინოფესტივალად ითვლება. მთავარი პრიზის, "ოქროს დათვისათვის" პაექრობაში ჩაება 22 კინოფილმი და მათ შორის ამ თუ სხვა პრიზებით დაჯილდოვებულთა შესახებ ჩვენს გადაცემებში გიორგი გვახარია მოგითხრობთ. თუმცა, გამარჯვებულთა ვინაობის გამოვლენამდე 10 დღე რჩება. ცნობილია მხოლოდ იმ მოღვაწის ვინაობა, რომელიც კინოხელოვნებაში შეტანილი ღვაწლისათვის საპატიო დათვით დაჯილდოვდება - ეს გახლავთ ფრანგი მსახიობი ანუკ ემე, რომლის მონაწილეობით გადაღებული რამდენიმე ფილმი საქართველოშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს...
[მუსიკა კინოფილმიდან "ქალი და მამაკაცი"]

ინგმარ ბერგმანის არჩევანი

ბერლინის კინოფესტივალს უკავშირდება დიდი შვედი რეჟისორის, ინგმარ ბერგმანის ერთ-ერთი პირველი აღიარება საერთაშორისო სარბიელზე: მის შედევრს, "მარწყვის მდელო", 1958 წელს "ოქროს დათვი" ერგო. მას შემდეგ თითქმის ნახევარმა საუკუნემ განვლო და დღეს უკვე ბერგმანის სახელობის პრემიაც არსებობს. ოღონდ, კინოს დიდოსტატი საკმაოდ უჩვეულო კრიტერიუმებსაც იშველიებს ფილმების შესაფასებლად. ყოველ შემთხვევაში, ასე მოხდა წელს: ბერგმანმა გამარჯვებულად გამოაცხადა "ალფრედ ნობელის" ბიოგრაფიის ეკრანიზაცია მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ეკრანიზაციის ავტორმა, ასევე შვედმა რეჟისორმა ვილგოტ სიემანმა კატეგორიული უარი თქვა მისი ფილმის სატელევიზიო რეკლამის ბლოკებით გაწყვეტაზე. "როცა ტელევიზიაში ფილმის ჩვენებას კვების პროდუქტების, მოტოციკლეტებისა და ქალის საფენების სარეკომენდაციოდ წყვეტენ, რისხვა მიპყრობს, წნევა მიწევს და ემოციურ შოკში ვვარდები. თავს შეურაცხოფილად ვგრძნობო", - ასე, ვფიქრობ, ბევრისთვის გასაგებად და დამაჯერებლად ასაბუთებს ინგმარ ბერგმანი თავის გადაწყვეტილებას.
[მუსიკა]

კევინ სპეისი ლონდონში

უჩვეულო გადაწყვეტილება მიიღო ჰოლივუდის ვარსკვლავმა, ოსკარის ორგზის მფლობელმა კევინ სპეისიმაც: ის ამიერიდან ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ თეატრს, "ოლდ ვიკს" უხელმძღვანელებს, რათა ის დახურვას გადაარჩინოს. დიახ, ძნელი წარმოსადგენია, რომ თითქმის ორი საუკუნის წინ დაარსებული თეატრი, რომლის სცენაზე ლორენს ოლივიე, ვივიენ ლი, ალეკ გინესი, პიტერ ოტული მდგარან, ფინანსური თვალსაზრისით, სულს ღაფავს და ბეწვზეა გადარჩენილი ... სტრიპტიზ-შოუს სამყოფლად გადაკეთებას. კევინ სპეისის მტკიცედა აქვს გადაწყვეტილი ოლდ ვიკის ხსნა ესოდენ არასახარბიელო ბედისაგან. ის თეატრის დირექტორიც იქნება და მსახიობიც, რომლის გვერდით ჰოლივუდის სხვა ვარსკვლავებიც ითამაშებენ. თუმცა, ლონდონის საამაყო თეატრის გადარჩენაში, რასაკვირველია, ბრიტანელი ვარსკვლავებიც მიიღებენ მონაწილეობას: ახალი წარმოდგენისათვის მუსიკის დაწერას აპირებს ცნობილი კომპოზიტორი და მომღერალი ელტონ ჯონი. ჩვენ კი მანამდე ელტონ ჯონის ძველ ჰიტს მოვუსმინოთ...
[მუსიკა: ელტონ ჯონის სიმღერა "Don’t Go Breaking My Heart"]

წამყვანი:
ეს იყო ყოველკვირეული რადიოჟურნალი "მეათე სტუდია", რომელიც პრაღაში მოამზადეს დავით კაკაბაძემ, ბიძინა რამიშვილმა და მარიამ ჭიაურელმა. რადიო "თავისუფლების" თბილისის სტუდიაში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე ეთერსა და ინტერნეტში...
XS
SM
MD
LG