Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო და, მასთან ერთად, საქართველო ერაყის წინააღმდეგ ომის მოლოდინში


ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების ანტიტერორისტულ კამპანიას და თავადაც, პანკისის პრობლემის გამო, ანტიტერორისტული კოალიციის ყურადღების ცენტრშია,

არცთუ შორეული ერაყის წინააღმდეგ ომის დაწყებას მშვიდად
ელოდება. მაშინ, როცა თბილისიდან ბაღდადამდე სულ რაღაც 1000 კილომეტრია, საქართველოს ხელისუფლებას მოქალაქეების დაცვის არავითარი მექანიზმი და, შესაბამისად, არც არავითარი გეგმა არ გააჩნია იმ შემთხვევისათვის, თუ ერაყზე დარტყმებს სერიოზული გართულებები მოჰყვა.

იმ დროს, როცა ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყება უფრო და უფრო გარდაუვალი ხდება, საქართველო, როგორც ერაყის არცთუ შორეული მეზობელი,
თავს მაინცდამაინც მშვიდად არ უნდა გრძნობდეს. ასე ფიქრობს მწვანეთა პარტიის თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძე.

[გია გაჩეჩილაძის ხმა] " როდესაც საქართველოს ხელისუფლება აქტიურ მხარდაჭერას უცხადებს ამერიკის შეერთებულ შტატებს, პარალელურად, უნდა ემზადებოდეს იმისათვის, რომ საქართველოზე ერაყთან ომის შესაძლო ზეგავლენა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი. თუ სხვა ქვეყნები აკეთებენ ამას, საქართველო მათზე უფრო ახლოს არის ერაყთან. გეგმა მაინც უნდა არსებობდეს."

გეგმა არ არსებობს. რატომ? ამ შეკითხვას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოში გასაგები დუმილით უპასუხებენ. საქართველოს სამოქალაქო თავდაცვის სამსახური არ გააჩნია. რა მდგომარეობაა იმ სფეროში, რომელიც საგანგებო ვითარებაში მოქალაქეების უსაფრთხოებას უნდა უზრუნველყოფდეს, ამაზე მკაფიო წარმოდგენის შესაქმნელად საგანგებო სიტუაციათა სამმართველოს უფროსის მოადგილის თენგიზ შუბლაძის განმარტებას შემოგთავაზებთ:

[თენგიზ შუბლაძის ხმა]" დაცვითი ნაგებობები ცნობილი მოვლენების, პრივატიზაციებისა და სხვა მოვლენების გამო, გამოსულია მწყობრიდან. მხედველობაში მაქვს ფილტრა-სავენტილაციო დანადგარები, რომელიც წმენდს ჰაერს; აირწინაღები, რაც არის შემორჩენილი საბჭოთა კავშირის პერიოდიდან და დღეს უკვე გამოუსადეგარია. ამ მხრივ, ბოლო წლებში არაფერი არ დაგვმატებია, პირიქით, რაც იყო, ისიც დაიტაცეს. ერთადერთი, იმის იმედი უნდა გვქონდეს, რომ არ მოხდება ეს."

ამ იმედით ელოდებიან საქართველოში ერაყის წინააღმდეგ პროცესების განვითარებას და, ვინაიდან საქართველოს ხელისუფლება ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების აქტიური მხარდამჭერია, საზოგადოებაში უფრო და უფრო აქტუალური ხდება მსჯელობა თემაზე, გახდება თუ არა საჭირო ერაყის წინააღმდეგ საქართველოს სამხედრო აეროდრომების გამოყენება. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის სტრატეგიული დაგეგმარების სამმართველოს უფროსი კახა კაციტაძე აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული მიმართონ საქართველოს ამ საკითხით. თუმცა, მისივე თქმით, ცნობილია, რომ ამ ეტაპზე ვაშინგტონი საქართველოს სამხედრო აეროდრომებით დაინტერესებას არ ავლენს და საქართველოსთვის დახმარების თხოვნას დღის წესრიგში არ აყენებს. ასეა ამ ეტაპზე. მომავალში კი, ცალკეული ქართველი სამხედრო ექსპერტები არ გამორიცხავენ, საქართველოს სამხედრო აეროდრომების გამოყენება შეერთებული შტატებისთვის აქტუალური გახდეს, მით უფრო, თუ ომი დიდხანს გაგრძელდა. სამხედრო ექსპერტ ირაკლი ალადაშვილის აზრით, ამ მხრივ, საქართველო შეერთებული შტატებისთვის, ეგრეთ წოდებული, სათადარიგო ვარიანტია. ასეა თუ ისე, ასეთ სათადარიგო ქვეყანას, თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მართებს თადარიგი დაიჭიროს სხვადასხვა კუთხით, პირველ რიგში კი, უსაფრთხოების თვალსაზრისით. თუმცა ძნელი სათქმელია, რა უნდა მოხერხდეს, როცა საგანგებო სიტუაციათა სამსახურში თითქმის არაფერი არ გააჩნიათ. მწვანეთა პარტიის თავმჯდომარის გია გაჩეჩილაძის თქმით, ერაყის წინააღმდეგ საომარი ოპერაციის დაწყების შემთხვევაში ბაღდადიდან 1000 კილომეტრით დაშორებული საქართველო საშიშროების ზონად უნდა წარმოვიდგინოთ. მით უფრო, რომ საქართველოს მეზობელმა თურქეთმა უკვე გააკეთა განცხადება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საკუთარი სამხედრო აეროდრომების დათმობის თაობაზე.
XS
SM
MD
LG