Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული,პრაღა ერაყის კრიზისი, და ფხენიანი გამოწვევას უცხადებს ვაშინგტონს - ამ საკითხებზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას უცხოეთის პრესის დღევანდელ მიმოხილვაში.

"ომი და სიბრძნე" - ასეა დასათაურებული ნიკოლას კრისტოფის კომენტარი გაზეთ "ნიუ-იორკ ტაიმსში". პრეზიდენტმა ბუშმა და სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა დაამტკიცეს, წერს ამერიკელი ჟურნალისტი, რომ ერაყს დამალული აქვს იარაღი, რომ სადამ ჰუსეინი - მატყუარა და არამზადაა, რომ ერაყელი მოხელეები ტელეფონით აცნობენ ერთმანეთს თავიანთ საიდუმლო გეგმებს. მაგრამ ბუშმა და პაუელმა ვერ დაგვარწმუნეს იმაში, რომ ერაყში შეიარაღებული ინტერვენციაა შექმნილი ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალი. ნიკოლას კრისტოფი განაგრძობს:

"იმათ, ვისაც როყიო ტყვიებით დახოცილი ბავშვები უნახავს, კარგად მოეხსენებათ, რომ ომი - ყველაზე უკანასკნელი გამოსავალია, და რომ ჯერ კიდევ არის უკეთესი ვარიანტი: თავშეკავება. ამიტომაც გამოდიან აგრესიული განცხადებებით პენტაგონში სწორედ სამოქალაქო ხელმძღვანელები. ხოლო ყოფილ გენერლებს, მაგალითად ნორმან შვარცკოფს, ენტონი ზინნისა და უესლი კლარკს ადარდებს ომის პერსპექტივა. ვაშინგტონელი ქორები, სადამ ჰუსეინს, ხშირად ჰიტლერს ადარებენ. თუმცა, თავის დროზე ეგვიპტის პრეზიდენტს ქამალ აბდელ ნასერსაც ადარებდნენ ჰიტლერს. ამგვარი შედარება ორივე შემთხვევაში არაკორექტულია. სადამი, შესაძლოა არანაკლებ ამაზრზენიც იყოს, ვიდრე ჰიტლერი, მაგრამ იგი ვერ განახორციელებს ამჟამად თავის მეზობლებზე თავდასხმას. უფრო მართებული იქნება სადამის შედარება არა ჰიტლერთან, არამედ ლიბიელ დიქტატორთან, პოლკოვნიკ მუამარ კადაფისთან, რომელსაც 80-იან წლებში, "მეორე ჰიტლერს" უწოდებდნენ. მას შემდეგ სადამიცა და კადაფიც დიდად არ შეცვლილან, თუმცა მაშინ, 80-იან წლებში, შეერთებული შტატები ლიბიელი დიქტატორის შავბნელ საქმიანობას ამხელდა, ხოლო ბაღდადელ დესპოტს, ელაციცებოდა."

"ლიბია ატარებდა აგრესიულ პოლიტიკას, ცდილობდა მასობრივი განადგურების იარაღის შეძენას, მხარეს უჭერდა ტერორიზმს, და აფეთქებებიც მოაწყო ბერლინის დისკოთეკასა და ავიაკომპანია "პან ამერიკენის" სამგზავრო თვითმფრინავში. მაგრამ, პრეზიდენტმა რეიგანმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა არ შეიყვანა ჯარი ლიბიაში, სამაგიეროდ სანქციები მიიღო ტრიპოლის წინააღმდეგ და ყოველმხრივ შეუზღუდა კადაფის მოქმედების თავისუფლება, რამაც სასურველი შედეგი გამოიღო. დაახლოებით იგივე ხდება დღესაც. სადამი კატა-თაგვობანას თამაშს ცდილობს გაეროსთან. თუმცა ერაყში მივლინებული განიარაღების ექსპერტები სულაც არ არიან უგუნურები, და თუ სადამი დაუმალავს მათ იარაღს, იგი ვერ შესძლებს თავისი არსენალის გაზრდას, და მით უმეტეს ბირთვული იარაღის შექმნას - ამისთვის დიდი ქარხნებია საჭირო. ხოლო ომი, მოსალოდნელი მსხვერპლის პარალელურად, ასიდან ორას მილიარდამდე დოლარი დაუჯდებოდა ამერიკელ ბეგარის გადამხდელებს".

ბრიტანეთის გაზეთი "ტაიმსი" ერაყის კრიზისთან დაკავშირებით რუსეთში ხუთშაბათს ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს. გაზეთი წერს:

"გამოკითხულთა თითქმის ორი მესამედი დარწმუნებულია იმაში, რომ შეერთებული შტატები, ყველა შემთხვევაში, ომს დაიწყებს ერაყთან. ამასთანავე მოსკოვში, არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა 5 თებერვალს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის გამოსვლას გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა განაცხადა, "ახლა ერაყის რეჟიმმა უნდა დაამტკიცოს, რომ ქვეყანაში ნამდვილად მიმდინარეობს განიარაღების პროცესიო". თუმცა მასობრივი ინფორმაციის როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო საშუალებები, რუსეთში, უფრო კრიტიკულად არიან განწყობილი აშშ-ის მიმართ. ასე მაგალითად, გაზეთმა "ვრემია ნოვოსტეიმ", პაუელის არგუმენტებს არადამაჯერებელი უწოდა. გაზეთის აზრით, ხსენებულ არგუმენტებს როგორც ომის მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეებიც გამოიყენებენ. ამასობაში, გავლენიანი რუსი დეპუტატები აცხადებენ, რომ აშშ-მა კედელთან მიაყენა სადამი. "მას ახლა მხოლოდ ერთი არჩევანიღა დარჩა: მოკვდეს, ანაც გმირული წინააღმდეგობისას დალიოს სული" - ამბობს სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმირ ლუკინი. გამოკითხვის თანახმად, რუსების 61 პროცენტს მიაჩნია, რომ მათმა ქვეყანამ, ერაყთან ომის დაწყების შემთხვევაში,ნეიტრალიტეტი უნდა შეინარჩუნოს, 50 პროცენტზე მეტი დარწმუნებულია იმაში, რომ აშშ-ს ერაყის ნავთობსაბადოების ხელში ჩასაგდებად სურს ომის დაწყება. გამოკითხულთა მხოლოდ 12 პროცენტი იზიარებს ვაშინგტონის პოზიციას, რომ საქმე, ერაყის მასობრივი განადგურების იარაღსა და საერთაშორისო ტერორიზმთან ბაღდადის ნავარაუდევ კავშირებს ეხება."

გაზეთ "ინდეპენდენტის" მიმომხილველი ადრიან ჰამილტონი სულაც არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ოვაციებითა და ყვავილებით შეეგებოს აშშ-ის თაოსნობით ერაყში შეჭრილ მრავალეროვან ძალებს.
ბრიტანელი ჟურნალისტი წერს:

"როგორც რუმინეთში ჩაუშესკუს, ხოლო აღმოსავლეთ გერმანიაში ერიხ ჰონეკერის დამხობამ დაგვანახა, ტირანული რეჟიმები, ადვილად ინგრევა. და ვინაიდან ერაყსა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში იმდენად ძლიერია უკეთესი, დემოკრატიული მომავლისადმი სწრაფვა, რომ მოსალოდნელი ომი, ერაყთან, შესაძლოა არა მარტო მცდარი, არამედ უაღრესად სახიფათოც აღმოჩნდეს. არაბული ქვეყნის დედაქალაქს დასავლეთის ჯარი დაიკავებს, ერაყის ოკუპაცია სამ წელიწადს, ან შესაძლოა კიდევ მეტ ხანს გასტანს, და ყოველივე ეს მოხდება არა დემოკრატიის, არამედ აშშ-ის უშიშროების უზრუნველსაყოფად. ბაღდადის ოკუპაცია, ისლამური სამყაროს თვალში გამოჩნდება, როგორც ამერიკის ძლევამოსილების დემონსტრირება, და არა ერაყელი ხალხის გათავისუფლება ტირანიისაგან. მოხდება პოლიტიკის შემდგომი რადიკალიზაცია, ეგვიპტესა და ირანში ზურგს შეაქცევენ პროდასავლური ორიენტაციის რეფორმისტებს, ქუჩებში იმატებს ანტიამერიკული რიტორიკა. და შემდგომი განმტკიცების ნაცვლად ჩვენ ძირს გამოვუთხრით მსოფლიოში მშვიდობას, სტაბილურობასა და დემოკრატიას".

შვეიცარიის გაზეთი "ნოიე ციურხერ ცაიტუნგი" იმაზე ამახვილებს ყურადღებას, თუ რა პოზიცია შეიძლება დაიკავოს თურქეთმა ერაყთან მოსალოდნელი ომის შემთხვევაში. 6 თებერვალს, თურქეთის პარლამენტმა ნება დართო შეერთებულ შტატებს - დაიწყოს თურქეთის სამხედრო ბაზებისა და ნავსადგურების მოდერნიზაცია, იმ შემთხვევისთვის, თუ ერაყზე მოხდება თავდასხმა. გაზეთი, სარედაქციო სტატიაში წერს:

"თურქეთის სამხედრო სარდლობა ნაკლების ენთუზიაზმით შეხვდა ერაყთან ომის იდეას, ხოლო ქვეყნის ზომიერი ისლამისტური მთავრობა ომის წინააღმდეგია, საერთოდ. რაც შეეხება საზოგადოებრივ აზრს, აქ გამორიცხულია საერთოდ ომისადმი მხარდაჭერა. რაც შეეხება თურქეთის პარლამენტის გადაწყვეტილებას, აქ ძალის პოლიტიკამ გაიტანა თავისი. თეთრი სახლის ადმინისტრაციამ, ათასგვარი დაპირებებითა და მუქარით, მუხლებზე დააჩოქა თურქეთი. ".

როგორც გერმანიის გაზეთი "ველტი" წერს სარედაქციო სტატიაში, ჩრდილოეთი კორეა ტოტალური ომით იმუქრება - ამ ქვეყნის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აშშ-ს თურმე განზრახული აქვს, ერაყის შემდეგ ჩრდილოეთ კორეაზე განახორციელოს თავდასხმა, და ამიტომაც ფხენიანმა, შესაძლოა, პირველმა განახორციელოს დარტყმა. ხოლო გერმანიის მორე გაზეთის "ზიუდოიჩე ცაიტუნგის" აზრით, ამერიკელი სამხედროების კოშმარული სიზმარი რეალურ კონტურებს იძენს. გაზეთი წერს:

"იმ დროს, როცა აშშ სპარსეთის ყურის რეგიონში ომისათვის ემზადება, ჩრდილოეთი კორეის სტალინისტურმა რეჟიმმა გადაწყვიტა ძალთა ბალანსი შეცვალოს შორეულ აღმოსავლეთში და აშშ გააძევოს რეგიონიდან. და ფხენიანი, განმაცვიფრებელი თავხედობით ანხორციელებს ამ გეგმას. ამის უკანასკნელი მაგალითია ხმამაღალი მუქარა, რომ ფხენიანი პირველი განახორციელებს სამხრეთ კორეაში განთავსებულ ამერიკელ ჯარისკაცებზე თავდასხმას. ამდენად გამოდის, რომ ვაშინგტონი ერაყის პრობლემითაა დაკავებული და უგულვებელყოფს იმ რეალურ საფრთხეს, ჩრდილოეთი კორეიდან რომ მომდინარეობს. დიქტატორ კიმს, მისი კოლეგის სადამისაგან განსხვავებით, ვერ დააშინებ; კიმსა აქვს ბირთვული იარაღი, რომლის გამოყენებას არ მოერიდება. ამიტომაც, სასწრაფოდ უნდა მოხდეს კიმ ჩენ ირზე პოლიტიკური ზეწოლა. ამ მხრივ, მთელი პასუხისმგებლობა გაეროს უშიშროების საბჭოს, და პირველ რიგში მის მუდმივ წევრს, ჩინეთს აკისრია. ჩრდილოეთი კორეის სტალინისტური რეჟიმის რეანიმაცია ხომ სწორედ ჩინეთიდან მიღებული დახმარების წყალობით გახდა შესაძლებელი".

"წაგებული თამაში კორეაში" - ასეა დასათაურებული სარედაქციო სტატია გაზეთ "ბოსტონ გლოუბში". გაზეთის აზრით, შეცდომა დაუშვა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა, როცა უარი თქვა მოლაპარაკებაზე ფხენიანთან, და მან ეს უნდა აღიაროს. სტატიაში ვკითხულობთ:

"მას შემდეგ, რაც ჯორჯ ბუშმა ყურად არ იღო ვაშინგტონის აზიელი მოკავშირეების, სამხრეთი კორეისა და იაპონიის რჩევა - მოლაპარაკება დაეწყო ფხენიანთან, ჩრდილოეთი კორეის პრობლემა, კრიზისში გადაიზარდა. პირველი შეცდომა ორი წლის წინათ იქნა დაშვებული, როცა ბუშმა მხარი არ აუბა სამხრეთი კორეის მაშინდელ პრეზიდენტს, რომელიც ჩრდილოეთთან დიალოგისა და შერიგების მომხრე იყო. შეცდომა იყო ასევე იმ ვალდებულებათა შეუსრულებლობა, ყოფილი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის მიერ ფხენიანთან 1994 წელს დადებულმა შეთანხმებამ რომ დააკისრა შეერთებულ შტატებს. და ბოლოს, შეცდა ბუში, როცა თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმების დადებაზე უთხრა უარი ჩრდილოეთ კორეას".
XS
SM
MD
LG