Accessibility links

logo-print

ეკონომიკური ბერკეტებით აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების სუსტი მხარეები


ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი აფხაზეთის კონფლიქტის საკითხებში ასლან აბაშიძე აფხაზეთის პრობლემის ეკონომიკური მეთოდებით მოწესრიგების მთავარი იდეოლოგია.

მისმა თამამმა ინიციატივებმა სოხუმთან ეკონომიკური ურთიერთობების დამყარების შესახებ თბილისში ბევრი გაანაწყენა, რადგან ოფიციალური თბილისი სწორედ ეკონომიკას განიხილავდა სეპარატისტულ ხელისუფლებაზე ზეწოლის ერთ-ერთ მთავარ ბერკეტად. თუმცა აფხაზეთში წლების მანძილზე განვითარებულმა მოვლენებმა არც ერთ და არც მეორე პოზიციას დიდი პერსპექტივები არ დაუტოვა.

აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებაზე ზეწოლის ეკონომიკურ ბლოკადად წოდებული მექანიზმი რომ არაეფექტური აღმოჩნდა, ყველასათვის ცხადია. აჭარის ავტონომიის წარმომადგენელი ჰამლეტ ჭიპაშვილი ფიქრობს, რომ:

[ჰამლეტ ჭიპაშვილი] „თუკი ასეთი მდგომარეობა გაგრძელდება, მოხდება ის, რომ ჩვენ კიდევ უფრო დავშორდებით ერთმანეთს. ამიტომ ეს გზა არის მიუღებელი. არის ერთადერთი გზა, რომელიც იძლევა საშუალებას იმისა, რომ პოზიციები დაუახლოვდეს ერთმანეთს - ეს არის ეკონომიკური კავშირები, ეს არის საკომუნიკაციო კავშირების აღდგენა და ეს არის, რაც მთავარია, ნდობის აღდგენა."

თუ როგორ ვითარდებოდა აფხაზეთის ეკონომიკა ეგრეთ წოდებული ბლოკადის პირობებში, ერთი მაგალითის საფუძველზე განვიხილავ. ახლახან ოფიციალური თბილისი განსაკუთრებული პროტესტით შეხვდა რუსეთსა და აფხაზეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას. ეს უფრო პოლიტიკურ ნაბიჯს ჰგავდა, ვიდრე რეალობით ნაკარნახევ აუცილებლობას, რადგან საქართველოს მეორე დიდი მეზობელი და მეგობარი თურქეთი საზღვაო მიმოსვლის მეშვეობით წლების მანძილზე აქტიურად თანამშრომლობს აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებასთან ეკონომიკის სფეროში. სწორედ კომუნიკაციის ამ სახეობამ შეუწყო ხელი ეკონომიკური საქმიანობის იმ სფეროს განვითარებას, რომელმაც სეპარატისტული ხელისუფლების განმტკიცება განაპირობა.

ომის შემგომ ქაოსში ჩაფლულ აფხაზეთში სახელმწიფო ბიუჯეტი, ფაქტობრივად, არ არსებობდა და გადასახადების აკრეფაც უტოპიას წააგავდა. ეკონომიკურმა ბლოკადამ კი სეპარატისტები აიძულა ფული ჯართის გაყიდვით ეშოვათ. იმავე ბლოკადის წყალობით, ჯართს აფხაზეთის გარეთ თვითნებურად ვერავინ გაიტანდა და მისი ექსპორტირება მხოლოდ სოხუმის პორტიდან იყო შესაძლებელი. სოხუმის პორტს კი სეპარატისტული ხელისუფლება აკონტროლებდა. მოგვიანებით ჯართს ხე-ტყე და ნახშირი დაემატა. ამ რეალობის წყალობით კი, შეიქმნა თვითაღიარებული რესპუბლიკის საბაჟო და საგადასახადო სტრუქტურები, ასევე დაწესდა გადასახადები და მოხდა ბიუჯეტის ფორმირება. მოგვიანებით თურქეთთან აეწყო სიგარეტისა და საწვავის ბიზნესი, რომლის აქციზი, ასევე, აფხაზური ბიუჯეტის შემოსავალს წარმოადგენს. რუსეთში კი ოჩამჩირესა და გალის რაიონებში მოყვანილი ციტრუსების ფართო ასორტიმენტის ექსპორტი ხორციელდება.

წელს აფხაზეთის ბიუჯეტის შემოსავლითი ნაწილი 410 მილიონი რუსული რუბლით განისაზღვრა, ე.ი., დაახლოებით, 28 მილიონი ლარით. ზუსტად ამდენივეა ბიუჯეტის გასავალი ნაწილიც. სეპარატისტულ ხელისუფლებას ასეთი ბიუჯეტის შესრულების სულაც არ ეშინია, რადგან 2002 წლის ბიუჯეტი სოხუმმა და გაგრამ გადაჭარბებით შეასრულა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ გადასახადების მოცულობა ორჯერ ნაკლებია, ვიდრე რუსეთსა ან საქართველოში და მათი ამოღების მხოლოდ 50 %-იანი მაჩვენებლის მიღწევაა დაგეგმილი, ნათელია, რომ სეპარატისტები ბიუჯეტის შესრულებას შეძლებენ.ასეთ პირობებში, საეჭვოა, აფხაზეთი საქართველომ საკუთარი ეკონომიკით მოხიბლოს. აფხაზეთიდან დევნილი ხელისუფლების ლიდერის თამაზ ნადარეიშვილის განცხადებით:

[ნადარეიშვილის ხმა] „მით უმეტეს, ახლა, ამ ბოლო 10 წლის განმავლობაში, ის თაობა, რომელიც გაიზარდა დამოუკიდებლად, ის გაზრდილია ისე, რომ, არა მგონია, რამეთი დააინტერესონ ისინი, რომ საქართველოსკენ მობრუნდნენ. ეს, რაც შეეხება იდეოლოგიას, ფსიქოლოგიას. ახლა, რაც შეეხება ეკონომიკას. ეს აბსურდული იყო, რომ თბილისი დააინტერესებდა თავისი ეკონომიკური ბერკეტებით, რომ აფხაზეთი მობრუნდებოდა აქეთ."[სტილი დაცულია]

თამაზ ნადარეიშვილი 10-11 წლის წინანდელ პერიოდს იხსენებს, როდესაც სოხუმის აეროპორტი მილიონნახევარ ტურისტს ემსახურებოდა და ავტონომიის ბიუჯეტი საქართველოს ამჟამინდელ ბიუჯეტს აღემატებოდა.

ასეთი ეკონომიკური პოტენციალის მქონე რეგიონის რკინიგზის გახსნით შემობრუნება, მართლაც, ნაკლებად დამაჯერებლად გამოიყურება. მით უმეტეს, რომ, რკინიგზის ორივე მიმართულებით ამოქმედების შემთხვევაში, საბაჟო და სატრანზიტო გადასახადების უმეტესი ნაწილი სეპარატისტული ხელისუფლების ბიუჯეტს ერთიორად გაზრდის, რაც დამოუკიდებლად ცხოვრების ილუზიას კიდევ უფრო განუმტკიცებს. თბილისი კი სეპარატისტულ რეგიონს მხოლოდ მკაცრ საგადასახადო სისტემასა და მწირ დაფინანსებას თუ შესთავაზებს. დღეისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი 6,5 მილიონი ლარითაა განსაზღვრული და ეს აფხაზეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ხარჯებს უნდა გასწვდეს.

შესაძლოა, ეკონომიკურ ბლოკადას, ხოლო, მეორე მხრივ, ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენას, როგორც კონფლიქტის მოგვარების საშუალებას, თავ-თავისი დადებითი მხარე აქვს, მაგრამ, დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში, არც ერთი მათგანი არ უბიძგებს სეპარატისტულ ხელისუფლებას ეძებოს დანარჩენ საქართველოსთან თანაცხოვრების გზები.
XS
SM
MD
LG