Accessibility links

logo-print

ცენტრალური ბიუჯეტის პრობლემები ადგილობრივი ბიუჯეტებისათვის გადამდები აღმოჩნდა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი რის ვაი-ვაგლახით და სხვადასხვა პოლიტიკური გარიგებების წყალობით მიღებულ ახალ სახელმწიფო ბიუჯეტს ჩანასახშივე ტრადიციული პრობლემები დაეკვება. მართალია, სახელმწიფო ხაზინას

და ფინანსთა სამინისტროს იანვრის თვის საბოლოო შედეგები არ გამოუქვეყნებიათ, მაგრამ წინასწარი მონაცემები გეგმის შესრულების თაობაზე სერიოზულ ეჭვს ბადებს.

წლის პირველი თვე სადღესასწაულო უქმეების გამო, ტრადიციულად, მეტისმეტად რთული პერიოდი გახლავთ, სამეურნეო თუ ადმინისტრაციული აქტივობის თვალსაზრისით, თუმცა ეს არც ფისკალურ სტრუქტურებს აძლევს გამართლების საფუძველს და, მით უმეტეს, მთავრობას, რომელსაც ამ პარამეტრების დამტკიცება და, მათი თქმით, ამბიციური ბიუჯეტის საკანონმდებლო ხელისუფლებაში გატანა, პირდაპირი მნიშვნელობით, ძალიან ძვირი დაუჯდა.

იმის გამო, რომ ფინანსური უწყება ოფიციალური შედეგების შელამაზებით და ციფრების ეკვილიბრისტიკით არის გართული, ჩვენ იმ დამოუკიდებელ წყაროებზე დაყრდნობა მოგვიწევს, რომლის მიხედვითაც, 30 იანვრისათვის ბიუჯეტი 40 მილიონით იყო გარღვეული და, გეგმით გათვალისწინებული 74 მილიონის ნაცვლად, ხაზინაში კალენდარული თვის დამთავრებამდე ერთი დღით ადრე მხოლოდ 34 მილიონი ლარი იყო შესული. რაც არ უნდა ეკონომიკური სასწაული მოეხდინათ საგადასახადო სტრუქტურებს, ძნელი დასაჯერებელია ერთ დღეში 60 პროცენტიანი გარღვევა დაბალანსებულიყო. მიუხედავად ამისა, საფინანსო უწყება მაინც გვაიმედებს, რომ გადასახადების აკრეფის გეგმა ნორმალურად მიმდინარეობს.

ცენტრალურ ბიუჯეტს არც თბილისის ბიუჯეტი "ჩამორჩა", რომელმაც 2 მილიონი ლარი მოისაკლისა და დედაქალაქის ბიუჯეტს, 13 მილიონის ნაცვლად, 11 მილიონი ლარი მიუთვალა. შედეგად, როგორც საკრებულოში აცხადებენ, მთელი რიგი სოციალური და კულტურული პროექტების დაფინანსებას საფრთხე შეექმნა. პრობლემები შეექმნება განათლებისა და კომუნალური მომსახურების სფეროებსაც.

ამ სირთულეების აღმოსაფხვრელად საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია ახალი ინიციატივით გამოდის და მოითხოვს შეიქმნას თბილისის საგადასახადო ინსპექცია, რომელიც მუნიციპალური დაქვემდებარების იქნება. კომისიაში ფიქრობენ, რომ ამით ძნელად კონტროლირებად თვითმმართველობის გადასახადებზე მონიტორინგი და თავად გადასახადების ამოღების მაჩვენებელი გაიზრდება.

ცენტრალური ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილ თბილისის საკრებულოს ეჭვი აქვს, რომ "მოქალაქეთა კავშირი" საგადასახადოების მიერ აკრეფილ თანხას თავის სასარგებლოდ გადაქაჩავს, რითაც კიდევ ერთხელ დადგება საფრთხის ქვეშ დედაქალაქის ბიუჯეტის 14 პროცენტიანი ზრდა, რისი ვალდებულებაც თბილისის საკანონმდებლო ორგანომ აიღო.

საგადასახადო სამსახურის მუნიციპალურ დაქვემდებარებას საკრებულოში, მომხრეეებთან ერთად, მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, რომლებიც ფისკალური დეცენტრალიზაციის პრეცედენტს საშიშ რეციდივად მიიჩნევენ.

ინიციატივების დეფიციტს არც ცენტრალური ხელისუფლება განიცდის - ფინანსთა სამინისტრო უახლოეს ხანში აპირებს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ყოველთვიური ანგარიშიდან ყოველკვარტალურზე გადავიდეს. მინისტრის მოადგილე ლევან ჩრდილელი აცხადებს, რომ ანგარიშის ჩაბარების ეს სიხშირე უფრო გამართლებულია, შემოსავლების დინამიკის თვალსაზრისით, რადგან მთელი რიგი გადასახადები, კერძოდ, მოგების, სამეწარმეო საქმიანობის და ა.შ. კვარტალში ერთხელ არის გადასახდელი.

ამ იდეას ხელისუფლების მხრიდან დროის მოგებად და პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებად მიიჩნევს საბიუჯეტო ოფისი, რომლის ხელმძღანელის რომან გოცირიძის თქმით, ამ შემთხვევაში ანგარიშის ჩაბარების ჯერადობა 12-დან 4-მდე შემცირდება.

ფინანსთა სამინისტროს ინიციატივა მას შემდეგ დაინერგება, რაც პარლამენტი ამ მექანიზმის გათვალისწინებით დაამტკიცებს "საბიუჯეტო სისტემის შესახებ" ახალ კანონს. თავად კანონპროექტი კი საგაზაფხულო სესიების დღის წესრიგშია შეტანალი.

ამ ინიციატივების მიუხედვად, ბიუჯეტი 2003 პოლიტიკურად უაღრესად დატვირთული და ძნელად შესასრულებელი იქნება. იგივე რომან გოცირიძე ფიქრობს, რომ წელს, შარშანდელთან შედარებით, გაცილებით უარეს შედეგებს მივიღებთ. ჩავარდება ყოველი თვის ბიუჯეტი, რადგან შარშანდელი ბიუჯეტის შესავსებად წინასწარ არის აღებული დიდძალი თანხა. საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ბიუჯეტ 2003-ს სულ მცირე 130 მილიონიან გარღვევას უწინასწარმეტყველებს. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ წლევანდელი წლის საბიუჯეტო კანონი ისევ არარეალურ პარამეტრებზეა დაფუძნებული. მარტო პრივატიზებიდან წელს 50 მილიონი ლარის შემოსავალია ნავარაუდევი, მაშინ როდესაც 2002 წელს ამ სფეროდან მხოლოდ 8 მილიონის მობილიზება მოხერხდა. თუ ამას დავუმატებთ შარშანდელ 100 მილიონიან დეფიციტს და წინა წლების დავალიანებას, შთამბეჭდავ ციფრს მივიღებთ.

საგადასახადო ადმინისტრირების გამოსწორებისათვის ხელისუფლებას დიდი ძალისხმევის გაღება მოუწევს. ამასთან, სერიოზული ცვლილებები უნდა შევიდეს საგადასახადო პოლიტიკაში. ამჟამად მოქმედი კოდექსის უსუსურობას დღეს უკვე ხელისუფლებაც აღიარებს. სახელმწიფო მინისტრის მოადგილის გიორგი ისაკაძის აზრით, გადასახადები უნდა გამარტივდეს, "დღგ მაღალია და მასზე ორიენტაცია, გარკვეულწილად, აკნინებს სხვა გადასახადების მიმართ დამოკიდებულებას". უმთავრეს მიზეზად კი, რომელმაც საბოლოოდ დაუკარგა სახე ამჟამინდელ საგადასახადო კოდექსს, გიორგი ისაკაძე მიიჩნევს იმ უამრავ შესწორებებს, რომელიც მეწარმისათვის ცნობილი მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც ახალი განაკვეთების გადახდის აუცილებლობის საკითხი წამოიწევს ხოლმე.

საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების უკან სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა გავლენათა ჯგუფები იდგნენ. ეს ტრადიცია არც ამჟამად არის მოშლილი. შედეგად კი, ისედაც რთული საგადასახადო კოდექსი აბსურდულ და მეტისმეტად ეკლექტიკურ დოკუმენტად იქცა, რომლის გაშიფვრა არათუ მეწარმეს, თავად საგადასახადო სამსახურების წარმომადგენლებსაც უჭირთ.

ფისკალური პოლიტიკის რეფორმირებაზე ყველა საუბრობს, შემუშავებულია რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტიც, მაგრამ საქმე თეორიულ დისპუტებს ვერ გასცდა. ამასთან, ფისკალური რეფორმა მთლიანად ეკონომიკური კანონმდებლობის კონტექსტში უნდა განვიხილოთ. თუმცა ერთია კარგი კანონმდებლობა და მეორე - მისი რეალური აღსრულება, რასაც, კვალიფიცირებულ ჩინოვნიკებთან ერთად, მაღალი პოლიტიკური ნებაც სჭირდება. ამას კი დღევანდელ ხელისუფლებას ნამდვილად "ვერ დავწამებთ".
XS
SM
MD
LG