Accessibility links

logo-print

რუსეთ-საქართველოს კვლავ უჭირს საერთო ენის გამონახვა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 8 თებერვალს საქართველოში ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მეფის - დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღინიშნა. სხვადასხვა გამოკითხვით, ქართველები ყველაზე მეტად სწორედ დავით აღმაშენებლის

გაცოცხლებას ნატრობენ. 8 თებერვალს პრეზიდენტმა შევარდნაძემ ყვავილებით შეამკო სასტუმრო ივერიის წინ განთავსებული დავით აღმაშენებლის ძეგლი. მრავლისმთქმელია ის ფაქტი, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლი იმ სასტუმროს წინ არის აღმართული, სადაც მეათე წელია, აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ.

სამწუხაროდ, კვლავაც ძნელი სათქმლია, რამდენი ხანი მოუწევთ აფხაზეთიდან დევნილებს სასტუმროებსა და საერთო საცხოვრებლებისთვის თავის შეფარება. იმედი, რომ ახლო პერსპექტივაში რადიკალური ცვლილება მოხდება აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში, კვლავაც ეფემერულია.
8 თებერვალს საქართველოს საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებდნენ ცნობას, რომ უშედეგოდ დასრულდა მოსკოვში მიმდინარე მოლაპარაკება, აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობოებისთვის მანდატის გასაგრძელებლად საქართველოს მიერ წაყენებულ პირობებთან დაკავშირებით. მოლაპარაკებაში ქართული მხრიდან მონაწილებდნენ საგანგებო დავალებათა მინისტრი მალხაზ კაკაბაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ ანთაძე. შეგახსენებთ, ერთი კვირის წინ კიევში გამართულ დსთ-ს სახელმწიფოთა მეთაურების არაფორმალურ შეხვედრაზე რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეთანხმებით, ორი კვირის ვადაში ორმხრივ კომისიას უნდა დაედგინა, რამდენად კანონიერია სოხუმი-სოჭის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა და აფხაზეთის მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტების გაცემა. გარდა ამისა, ქართული მხარე აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განთავსებული სამშვიდობოებისთვის მანდატის გაგრძელების პირობად აყენებს სამშვიდობოების მდინარე ენგურიდან მდინარე ღალიძგაზე გადაადგილებას.
ჯერჯერობით ამ საკითხებთან დაკავშირებით არაფერი გარკვეულა. რუსი ცისფერჩაფხუტიანების დისლოკაციის ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით, რუსეთის მხარე კვლავ აცხადებს, რომ ამისთვის აუცილებელია აფხაზური მხარის თანხმობა. სოხუმის ხელისუფლება კი არასდროს არ დაეთანხმება ასეთ გადაადგილებას. სოჭი-სოხუმის სარკინიგზო მიმოსვლის ამუშავება, ისევ და ისევ, კერძო სტრუქტურის ინიციატივად ფასდება. რაც შეეხება აფხაზეთის მოსახლეობისთვის რუსეთის პასპორტების გაცემის ფაქტს, რუსეთის მხარე ვერც აქ ხედავს საერთაშორისო სამართლის დარღვევას.
შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას 16 თებერვლამდე მოუწევს გადაწყვეტილების მიღება - გაუგრძელოს თუ არა ასეთ პირობებში რუსეთის სამშვიდობო ნაწილებს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში ყოფნის მანდატი. საინტერესოა, რომ 17-18 თებერვალს ჟენევაში დაგეგმილ დახურულ შეხვედრაზე გაეროს მაღალი თანამდებობის პირები და საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები იმსჯელებენ, თუ როგორი იქნება მათი პოლიტიკა, აფხაზეთში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე.
აფხაზეთში შექმნილი სიტუაცია ერთ-ერთ ძირითად სადისკუსიო თემად იქცა 8 თებერვალს კისლოვოდსკში დასრულებულ "კავკასიური" ოთხეულის შეხვედრაზეც. ამ შეხვედრაში საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის პარლამენტის თავმჯდომარეები მონაწილეობდნენ. მათი ერთობლივი განცხადებით, უახლოეს ხანში მათი ქვეყნის პრეზიდენტები ინფორმირებულნი იქნებიან შეხვედრაზე მიღწეული შედეგების თაობაზე.
XS
SM
MD
LG