Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასული კვირის პრესის ყურადღების ცენტრში საქართველოში შესაძლო სახელმწიფო გადატრიალების თემა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი გასული კვირის პრესის ყურადღების ცენტრში საქართველოში შესაძლო სახელმწიფო გადატრიალების თემა აღმოჩნდა. ოპოზიციური პარტიების მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, კამათში,

იყო თუ არა ჩაფიქრებული საქართველოში ე.წ. რუსული სცენარის განმეორება, უკვე პრესაც ჩაერთო. 7-13 თებერვლის გაზეთ "ახალი ეპოქის" ვარაუდით, მართალია, ჩვენში შეთქმულებებზე დიდი ხანია არ ულაპარაკიათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ ხნის მანძილზე ძალაუფლებისთვის ბრძოლა ერთი წუთითაც განელებულიყოს. პოსტშევარნაძისეულ ეპოქაში ძალაუფლების მოსაპოვებლად დაუნდობელი და სასტიკი თამაშები უკვე დაიწყო. ამჯერად მთელი ოპოზიციური სექტორი პრეზიდენტის ახალი ფავორიტის - ავთანდილ ჯორბენაძის ჩასაძირად დაირაზმა. ჯერ კიდევ გაურკვეველია, ოპოზიცია სახელმწიფო მინისტრისა და მისი გუნდის წინააღმდეგ მიზანმიმართულ "შავ პიარს" ავრცელებს თუ, მართლაც, იგეგმებოდა ჯორბენაძის "თამადობით" "ხავერდოვანი გადატრიალება". გაზეთი წერს:


"ორიოდე დღის წინათ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებრიობას პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვის "საიდუმლო შეკრების" ამბავი ამცნო. მისი მტკიცებით, ავთნდილ ჯორბენაძის ბინაზე სახელისუფლო ელიტის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და პრეზიდენტის წინააღმდეგ შეთქმულება დაგეგმეს. "ერთ-ერთი გეგმის მიხედვით, პრეზიდენტს ნებაყოფლობით უნდა დაეთმო თავისი პოსტი და ქვეყნის მართვის სადავეები ჯორბენაძისა და მისი გუნდისთვის გადაეცა. თუ ხავერდოვანი გადატრიალების მოწყობა არ მოხერხდებოდა, მაშინ მაღალჩინოსნები ქვეყანაში დესტაბილიზაციასა და საყოველთაო არეულობის მოწყობას გეგმავდნენ." სააკაშვილის ამ ვერსიას უმალ გამოეხმაურნენ ოპოზიციური პარტიები, მათ შორის - დემოკრატთა ლიდერი ზურაბ ჟვანია, ახალდარბეული ახალი მემარჯვენეები და, რაც ყველაზე გასაკვირია, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე.
ავთანდილ ჯორბენაძეს, რომელიც ეფექტიანად აკონტროლებს მთელ სახელისუფლებო ვერტიკალს, პარლამენტში შექმნა თემატური უმრავლესობა და საკუთარი პოზიციების კიდევ უფრო გამყარებასა და განმტკიცებას გეგმავს, იქნებ, მართლაც, სურდეს არჩევნებამდე საპრეზიდენტო ხელისუფლების ხელში ჩაგდება, რადგან არჩევნები "მოქკავშირსაც" და დღევანდელ მთავრობასაც კარგს არაფერს უქადის.
სარწმუნო წყაროს ცნობით, ჯორბენაძემ ედუარდ შევარდნაძეს წარუდგინა ახალი პროექტი, რომელშიც მნიშვნელოვნად იყო შეკვეცილი პრეზიდენტის უფლებები, ხოლო სახელმწიფო მინისტრისა - გაზრდილი. ამასთან დაკავშირებით, ჯორბენაძესა და შევარდნაძეს შორის უსიამოვნო და მწვავე საუბარი შედგა, პროექტი კი დაიბლოკა.
ოპოზიციამ ყოველივე ამას სულ სხვა დატვირთვა მისცა და ხავერდოვანი გადატრიალების სახელისუფლებო ვერსიაც გაახმიანა. მართალია, ასეთ მძიმე ბრალდებას არავითარი მტკიცებულება არ ახლავს და მხოლოდ ზეპირი განცხადებებით შემოიფარგლება, სავარაუდოა, ოპოზიციამ რამდენიმე კურდღლის დაჭერა მაინც მოახერხოს. უწინარესად, ამ თემაზე უკვე ალაპარაკდა მთელი საზოგადოება და ქვეყნის მაღალჩინოსნები პრეზიდენტის წინააღმდეგ შეთქმულებად შეირაცხნენ. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი - პრეზიდენტს, რაც უნდა სწამდეს თავისი ხელქვეითებისა, ალბათ, ამ ამბების შემდეგ მაინც დარჩება ეჭვის ნატამალი, გაუცხოებისა და საფრთხის შეგრძნება. უნდობლობის მცირედი შეგრძნებაც კი ადამიანს უბიძგებს იქითკენ, რომ კადრების შეცვლაზე დაიწყოს ფიქრი. ჩამოთვლილ "შეთქმულთა" შორის უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის ნუგზარ საჯაიას კადრები ჭარბობს - კობა ნარჩემაშვილი, ვალერი ხაბურძანია, სულხან მოლაშვილი და სულხან პაპაშვილი. დღეს ეს პირები, ძირითადად, ძალოვან უწყებებს ხელმძღვანელობენ. არჩევნების წინ პოლიციისა და უშიშროების როლი ძველებურად მნიშვნელოვანია. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე დღეს ყველა პარტიას თავისთან დაახლოებული პირის ხილვა სურს. ამიტომ ყველაზე მძიმე დარტყმა სწორედ ნარჩემაშვილს მიაყენეს. და მეოთხე - ბრალდებაში ყურადღება გამახვილებული იყო რუსეთის მხარდაჭერასა და რუსული გეგმის განხორციელებაზე. ამგვარად კი, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჯორბენაძე და მისი გუნდი რუსეთის დაკვეთებს ასრულებს და წყალს მის წისქვილზე ასხამს.
დაახლოებით ამგვარი მეთოდებითა და მსგავსი კამპანიის წამოწყებით, პოლიტიკურ კარიერას უკვე ბევრი მაღალჩინოსანი დაემშვიდობა. ჩაიძირება თუ არა სახელმწიფო მინისტრის ძლევამოსილი ხომალდი, იმაზე იქნება დამოკიდებული, ჯორბენაძე რამდენად მკვეთრ კონტრდარტყმებს განახორციელებს ოპოზიციის მისამართით. განვითარებულმა მოვლენებმა ისიც დაგვანახვა, რომ ამ ომში "აკრძალული ილეთების" გამოყენებას არც ერთი დაპირისპირებული მხარე არ მოერიდება."

აკრძალული ილეთების გამოყენების შემთხვევები რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად გახშირდება, ამის თქმის საფუძველს კვირის დასაწყისში ახალი მემარჯვენეების ოფისის დარბევის ფაქტიც მოწმობს. 4 თებერვლის გაზეთ "24 საათის" ცნობით, ოპოზიცია ახალ მემარჯვენეებზე თავდასხმას ხელისუფლების ღია ტერორად აფასებს. გაზეთის აზრით კი, ერთი პარტიის შიდა პრობლემა ახალი პოლიტიკური კრიზისის დასაბამი გახდა. "24 საათი " წერს:


"ოპოზიციური პარტიების ლიდერები ერთსულოვანნი არიან: " მომხდარ აღმაშფოთებელ ფაქტზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას და საქართველოს პრეზიდენტს, როგორც საკონსტიტუციო წესრიგის გარანტს." ისინი ითხოვენ, 24 საათში ყველა ტერორისტის დაკავებას და, რაც მთავარია, თავდასხმის ორგანიზატორთა თუ დამკვეთთა გამოვლენასა და კანონის მთელი სიმკაცრით დასჯას. მათივე თქმით, მომხდარი ფაქტის გამოძიების გაჭიანურება აღქმული იქნება, როგორც ხელისუფლების მიერ პირდაპირი ფიზიკური ტერორის გამოცხადება და სამოქალაქო ომის ინსპირირება."



5 თებერვლის გაზეთ "რეზონანსის" ცნობით, ახალი მემარჯვენეების ოფისზე თავდასხმის თემა საინტერესოდ განვითარდა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, რომელზეც ინფორმაციის გასაკეთებლად თბილისის პროკურორი მიიწვიეს. შემდეგ კი სიტყვით ფრაქცია აღორძინების ლიდერი ჯემალ გოგიტიძე გამოვიდა, რომელმაც განაცხადა:



"ჩვენ არაერთხელ მოვიწვიეთ პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრი, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია, ის პარლამენტარებს აგდებულად ექცევა. არაერთხელ განვაცხადე, რომ მითვალთვალებს მანქანა, ისმენენ ჩემს სატელეფონო საუბრებს და დაგეგმილია ჩემი ლიკვიდაცია. თუმცა არავინ მეკითხება, საიდან მაქვს ასეთი ინფორმაცია. სამართალდამცავები მხოლოდ მხრებს იჩეჩენ და იღიმებიან. როცა დაარბიეს აჭარის წარმომადგენლობა, ასეთი ხმაური მაშინ არ ატეხილა.
დღეს ყველა პარტიას ჰყავს შეიარაღებული რაზმი. ამას საფუძველი მიხეილ სააკაშვილმა იუსტიციის მინისტრობის დროს ჩაუყარა. თუ გაწყობთ, რომ ვიომოთ, მაშინ გამოვაცხადოთ, რომ არ ვატარებთ არჩევნებს. ქვეყანაში ტერორი მძვინვარებს და თუ ასე გაგრძელდა, ხვალ სამოქალაქო ომს მივიღებთ. ჩემთვის ცნობილია, რომ უშიშროების სამინისტრომ უშიშროების საბჭოზე წარადგინა ანგარიში, რომელიც სხვა ძალოვნების მუშაობას ეხებოდა, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია. შინაგან საქმეთა სამინისტროში ნარკოტიკები იყიდება. ქვეყანა კი კრიმინალებით იმართება," - მიაჩნია ჯემალ გოგიტიძეს.
"ახლების" ოფისში შეჭრას, ძალოვანების მსგავსად, შიდაპარტიულ დაპირისპირებას უწოდებს ფრაქცია მოქალაქეთა კავშირის ლიდერი ვიტალი ხაზარაძე. მისი თქმით, ახალ მემარჯვენეებს საკუთარი იმიჯის შექმნა სურთ და ამიტომ ადანაშაულებენ ხელისუფლებას. "რაც შეეხება იმას, რომ შეიარაღებულმა პირებმა ახლების ოფისამდე თავისუფლად მიაღწიეს, ეს ძალოვნების სისუსტის ბრალია. თუ დარბევისას მართლაც იყო ყუმბარმტყორცნები გამოყენებული, მაშინ ეს პოლიტიკური პარტია კი არა, შეიარაღებული დაჯგუფება ყოფილა," - მიაჩნია ხაზარაძეს.



აგრესიის რამდენიმე გამოვლინების ფაქტი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. გაზეთების ცნობით, უახლოეს დღეებში გადაწყდება მალხაზ ხვედელიძისთვის წინასწარი აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საქმე - მან ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ს ჟურნალისტს თიკო ფეიქრიშვილს მიაყენა ფიზიკური შეუარცხყოფა. 8 თებერვლის "დილის გაზეთის" ცნობით კი, თბილისის მერიის წინ დაძახებულმა ფრაზამ "მიშიკო, გამოდი" - გაზეთ "ახალი თაობის" ჟურნალისტს გიორგი უძილაურს სამი საათი პოლიციაში გაატარებინა. თვითმხილველთა განცხადებით, გიორგი უძილაური საკრებულოს შენობის წინ ხმაურობდა, იგინებოდა და უწმაწურ სიტყვებს წარმოთქვამდა საკრებულოს თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის მისამართით. 8 თებერვლის "მთავარი გაზეთის" ცნობით, საქმე შემდგომი მოკვლევისთვის პროკურატურას გადაეცა. ჯერჯერობით უცნობია, აღიძვრება თუ არა ხსენებულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე. პროკურატურაში ვარაუდობენ, რომ პროკურატურა ჟურნალისტის მიმართ სისხლის სამართლის საქმეს არ აღძრავს, რადგან უძილაურის ქმედებებში დანაშაულებრივი მომენტები ჯერჯერობით ვერ აღმოაჩინეს.
XS
SM
MD
LG