Accessibility links

logo-print

8 თებერვალს თბილისის უნივერსიტეტის დაფუძნების


ეკა წამალაშვილი და დავით პაიჭაძე, თბილისი 8 თებერვალს თბილისის უნივერსიტეტის დაფუძნების

85 წლისთავი აღინიშნა. ამ ოფიციალური იუბილეს გარდა უნივერსიტეტთან მიმართებით წელს კიდევ შეიძლება რამდენიმე, უფრო მოკრძალებული, საიუბილეო თარიღის გახსენება - ვთქვათ, 25 წელი 78 წლის 14 აპრილის შემდეგ, ან 15 წელი უნივერსიტეტის პრესკლუბის დაარსებიდან. "ახალგაზრდული პროგრამის" დღევანდელ გადაცემაში სწორედ ამ მოვლენას გავიხსენებთ და სტუდენტური მოძრაობის ძველი თაობის წარმომადგენელს შევხვდებით. ის დღეს სახელმწიფო სამსახურშია, მაღალი თანამდებობა უკავია და ხშირად უწევს სტუდენტების აქტიურ წარმომადგენლებთან მუშაობა. სახელმწიფო მინისტრის მოადგილე თედო ისაკაძე ილაპარაკებს იმაზე, თუ რა ურთიერთობა არსებობდა 10-15 წლის წინანდელ ქართველ სტუდენტებსა და უფროსი თაობის წარმომადგენლებს, მათ შორის, მაშინდელ ხელისუფლებას შორის. რა ვითარება იყო, ამ მხრივ, ადრე და რა ვითარებაა დღეს -ეს გახლავთ ჩვენი გადაცემის თემა.


თედო ისაკაძე ხელისუფლების ის წარმომადგენელია, რომლის წარსულიც, კომკავშირთან კი არა, ეროვნულ მოძრაობასთან ასოცირდება, ოთხმოციანი წლების შუა წლებიდან გააქტიურებულ სტუდენტურ მოძრაობასთან, რომლის ავანგარდშიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მიერ უნივერსიტეტის კედლებში დაარსებული "პრესკლუბი" იყო. როგორც ცნობილია, სწორედ სტუდენტთა ამ გაერთიანების ინიციატივით დაიწყო ხელმოწერების შეგროვება ტრანსკავკასიური რკინიგზის მშენებლობის წინააღმდეგ და, ასევე, "პრესკლუბი" გახდა იმ ფართომასშტაბიანი გამოსვლების ინიციატორი, რომლებიც დავით გარეჯის გადარჩენის იდეას უკავშირდებოდა. სწორედ დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიიდან სამბჭოთა სამხედრო პოლიგონის გაყვანის მოთხოვნით ორგანიზებული საპროტესტო აქციებით დაიწყო პროცესები, რომლებმაც მოკლე ხანში მთელი საქართველო მოიცვა. ამ პერიოდში უნივერსიტეტის " პრესკლუბი" ანგარიშგასაწევ ძალად იქცა. მას ჰქონდა საკუთარი გამოცემა, უნივერსიტეტის გაზეთის სტუდენტური ფურცელი, რომელიც გარკვეულ ცენზურას გადიოდა, მაგრამ მაინც 150000 - იანი ტირაჟით იყიდებოდა. უნივერსიტეტის "პრესკლუბმა" შეძლო ეროვნული იდეების გარშემო საქართველოს სტუდენტობის დიდი ნაწილი შემოეკრიბა. მათ ერთადერთ მოთხოვნად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნა ჩამოყალიბდა. თუმცა მოთხოვნის რეალიზაცია სტუდენტ ლიდერებს და უფროსი თაობის დისიდენტებს სხვადასხვაგვარად წარმოედგინათ. თედო ისაკაძე ამბობს, რომ "პრესკლუბის" წარმომადგენლები უპირატესობას ბალტიისპირა ქვეყნების ხავერდოვან მოდელს ანიჭებდნენ და ამის გამო ეროვნული მოძრაობის ლიდერებთან გარკვეული უთანხმოებაც ჰქონდათ. რაც შეეხება ხელისუფლებას:

[თედო ისაკაძის ხმა] "იყო მცდელობები ჩვენი დაყოლიებისა თანამშრომლობაზე. იქამდეც კი მივიდნენ, რომ მაშინდელ "ახალგაზრდა კომუნისტს" გვთავაზობდნენ, გვპირდებოდნენ, რომ მთლიანად ჩვენი იქნებოდა. იყო სხვაგვარი, მკვეთრი მეთოდებიც. სწორედ მაშინ დაკარგეს სამსახურები დედაჩემმაც და მამაჩემმაც."

იშვიათად, მაგრამ მაინც იყო შეხვედრები ცენტრალური კომიტეტის მაშინდელ ხელმძღვანელობასთან. იყო რაღაც დაპირებები, მაგრამ ამ შეხვედრებს რაიმე შედეგის გამოღება არ შეეძლო. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომლის ბირთვიც სტუდენტობა იყო, უფრო და უფრო გრანდიოზულ მასშტაბებს იძენდა და, მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის იდეას მაინც სკეპტიკურად უყურებდა. მოხდა ისე, რომ სკეპტიკოსების პროგნოზი არ გამართლდა და, როცა დამოუკიდებლობა რეალობა გახდა, ყველა და, მათ შორის, სტუდენტური მოძრაობის აქტივისტებიც სულ სხვა მოთხოვნების წინაშე აღმოჩნდნენ. მათ ძალები სახელმწიფოს შენებაში ანუ საკუთარ საქმეში უნდა გამოეცადათ. თედო ისაკაძემ ასპარეზად სახელმწიფო სამსახური აირჩია.

[თედო ისაკაძის ხმა] "მე ვთვლი, რომ ჩვენ ვართ ბედნიერი თაობები, რადგან მოგვეცა საშუალება გვეცხოვრა ისეთ ქვეყანაში, რომელზეც უამრავი თაობები ოცნებობდნენ, ვგულისხმობ, დამოუკიდებლობის თვალსაზრისით. მას მერე, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და მოგვეცა საშუალება ჩვენი თავი გამოგვეცადა საქმეში, მე ჩემს თავს მივეცი უფლება და ამის საშუალებაც მომეცა, რომ ვყოფილიყავი სახელმწიფო სამსახურში და არათუ ვნანობ, მეამაყება, რომ მომიწია მუშაობა საქართველოს ხელისუფლებაში იმ პერიოდში, როდესაც ყველაფერი იწყებოდა. მე ვიცი, რომ ბევრს აღიზიანებს ეს, მაგრამ, მოდით, კარგად გავიხსენოთ ის, რაც ხდებოდა აქ. "

როგორ დაიწყო ყველაფერი და რა ხდებოდა საქართველოში ამ რამდენიმე წლის წინ, თედო ისაკაძემ წვრილად გაიხსენა. აღნიშნა, რომ 10 წელში არათუ სახელმწიფოს, ოჯახის დალაგებაა ძნელი, მით უფრო, მაშინ, როცა დაკარგულია ტერიტორიები, როცა აქ ჯერ კიდევ მუშაობს რუსული აგნტურა და როცა, ქართული ხასიათიდან გამომდინარე, ყველას ლიდერობის პრეტენზია აქვს. "იყო შეცდომებიც, მაგრამ საქართველოში მაინც ბევრი რამ გაკეთდა და ამ საქმეების გამო ადამიანები, რომლებიც დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობის სათავეებთან იდგნენ და დღესაც დგანან, აუცილებლად დაფასდებიან," - ასე ფიქრობს წარსულში სტუდენტური მოძრაობის აქტივისტი, შემდეგ - რაჭა-ლეჩხუმში პრეზიდენტის რწმუნებული, დღეს კი - სახელმწიფო მინისტრის მოადგილე თედო ისაკაძე. თხუთმეტიოდე წლის წინ მას თუ თავად უხდებოდა სახელმწიფო კანცელარიის ანუ მაშინდელ ცეკას შენობაში სტუდენტთა მოთხოვნების მიტანა, დღეს ამავე შენობაში სტუდენტების ხშირი მასპინძელი თავადაა. ამბობს, რომ დღევანდელი სტუდენტების მთავარი სოციალური მოთხოვნები დასაქმების და სწავლების რეფორმირების პრობლემებიდან გამომდინარეობს, პოლიტიკური მოთხოვნები კი აფხაზეთის და საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანის პრობლემებს უკავშირდება.
როგორ ხერხდება მასა და დღევანდელ სოციალურად აქტიურ ახალგაზრდებს შორის მუშაობა?

[თედო ისაკაძის ხმა] "როდესაც მოდის ჯგუფი, რომლის უკანაც გარკვეული პოლიტიკური ლიდერები დგანან და ვიცი, რომ მათთან საუბარს არა აქვს აზრი, იმიტომ, რომ დავალებით არიან მოსულები, მათაც ვესაუბრები და ვცდილობ ავუხსნა, რომ მათი მოთხოვნები სუბიექტურია და კარგს არაფერს ემსახურება. მაგრამ არიან სტუდენტები, რომლებსაც მართლა აწუხებთ ესა თუ ის საკითხები. არის ჯგუფი, რომელიც მთლიანად გადართულია ჯავახეთის პრობლემებზე, არიან სტუდენტები, რომლებიც საგადასახადო კოდექსის დახვეწაზე მუშაობენ. ისინი ჩამოყალიბებულნი არიან როგორც პროფესიულად, ისე ინტერესების თავლსაზრისით და მათი ხელშეწყობა უფრო იოლია. ჩვენ ხშირად ვრთავთ მათ სახელმწიფო კომისიებში, ხშირად ვეპატიჟები მე პირადად ჩემს თათბირებაზე. ასევე, ხშირად დავდივარ მათ ღონისძიებებზე, ვეხმარები, რომ მოიპოვონ გრანტი, ჩაატარონ სემინარები და ასე შემდეგ. "

თედო ისაკაძის სტუდენტობის პერიოდში ხელისუფლებასთან ასეთი თანაშრომლობა კომკავშირელთა პრეროგატივა იყო. დღეს სხვა დროა, მაგრამ ხელისუფლებასთან დაახლოებული სტუდენტები ისევ ჩვენი დროის კომკავშირლებად ხასიათდებიან. მათგან განსხვავებით, ახალგაზრდობის დიდ ნაწილს ხელისუფლების დაპირებების არ სჯერა და ვერც ის გაურკვევია, რა შეუძლია შესთავაზოს ამ ხელისუფლებამ მას მთავარი პრობლემების გადასაჭრელად. სტუდენტური მოძრაობის ძველი თაობის წარმომადგენელს ასეთი სკეპტიკოსების ესმის, თუმცა ამ ხელისუფლებაზე საკუთარი წარმოდგენა აქვს.

[თედო ისაკაძის ხმა] "დე გოლი სტუდენტებმა გადააგდეს, ჩერჩილი შემდგომ არჩევნებში დამარცხდა. მე ვფიქრობ, რომ გავა დრო და ჩვენი თაობა მოესწრება პერიოდს, როცა ძეგლების დადგმით მიაგებენ პატივს პირებს, რომლებიც იდგნენ ამ ქვეყნის მშენებლობის სათავეში."



უნივერსიტეტის პრესკლუბზე ლაპარაკის დროს შეუძლებელია ვინმე ტყუოდეს, მათ შორის, ის, ვინც იტყვის, რომ პრესკლუბი არასოდეს არსებულა. მართლაც, 80-ანი წლების მეორე ნახევარში შექმნილ ერთ ცნებას თუ გავიხსენებთ, პრესკლუბი იყო, ალბათ, ყველაზე არაფორმალური გაერთიანება იმ დროს ასპარეზზე გამოსულ ათობით საზოგადოებასა თუ პარტიას შორის. მას არ ჰქონდა ორგანიზაციული სტრუქტურა, არ იყო რეგისტრირებული, კაცმა არ იცის, რამდენი წევრი ჰყავდა, ან რას ნიშნავდა მისი წევრობა. მიუხედავად ამისა, საზოგადოებაში მაშინ მიმდინარე პროცესებით დაინტერესებულმა ადამიანებმა თითქმის უშეცდომოდ იცოდნენ, ვინ მიეთვალათ პრესკლუბისათვის.

აღმოჩნდა, რომ უნივერსიტეტის პრესკლუბს მხოლოდ დამოკიდებულ, არათავისუფალ ქვეყანაში შეეძლო ეარსება. საბჭოთა კავშირის გაუქმების შემდეგ (რასაც ორ კვირაში მოჰყვა სამოქალაქო კონფლიქტი საქართველოში) პრესკლუბმაც წარსულში გადაინაცვლა. ძირითადი იდეა, რომელსაც ეს გაერთიანება და მისი წევრების პათოსი ეფუძნებოდა, იმპერიისგან დამოუკიდებლობა გახლდათ. ამიტომაც მისი წევრები აღიზიანებდნენ პირველი არაკომუნისტური ხელისუფლების წარმომადგენლებს: კომუნისტურ ნომენკლატურასთან დაპირისპირების შემდეგ პრესკლუბი გამსახურდიას ოპოზიციაშიც აღმოჩნდა. ოღონდ, თუ კომუნისტებისგან თავდახსნა დამოუკიდებლობას ნიშნავდა, გამსახურდიას დროს მთავარი მოთხოვნა დემოკრატია იყო. დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის მოლოდინი საქართველოში, რბილად რომ ვთქვათ, თავისებურად გამართლდა. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.

პრესკლუბი, უწინარესად, ალბათ, მაინც კომკავშირის საპირწონე იყო. 80-ანი წლების ბოლოს საზოგადოებრივი და პოლიტიკური აქტივობა ერთი და იგივე გახლდათ და პრესკლუბელთა საქმიანობა ასეთი აქტივობის არაკომკავშირული ალტერნატივა იყო. დღევანდელი გადასახედიდან კი პრეკლუბისა და კომკავშირის ურთიერთობა შეიძლება აღიწეროს დრომოჭმული იდეოლოგიური ფორმულით: აღმოჩნდა, რომ ეს ურთიერთობა დაპირისპირებულთა ბრძოლისა და ერთიანობის კანონით წარიმართა. არაერთმა პრესკლუბელმა პოლიტიკას მიაშურა და, როგორც მოისმინეთ, უკვე ხედავს იმ ძეგლებს, რომელთაც დღევანდელ სახელმწიფო მოღვაწეებს თუ მოხელეებს დაუდგამენ. ეროვნულ მოძრაობაში არაპოლიტიკური ჯგუფებიდან ჩაბმული ადამიანები პოსტიმპერიული ქვეყნის ხელისუფლების სათავეებთან უმტკივნეულოდ აღმოჩნდნენ ყოფილი ოპონენტების - კომკავშირლების გვერდით, რომელთაც არათუ სიტყვა არ დაუძრავთ თავისუფლებაზე, არამედ, პარტიამ როცა მოითხოვა, მიბეგვეს კიდეც თავიანთი ეროვნულად მოაზროვნე თანატოლები: 18 თებერვალს ზუსტად 14 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც პოლიტექნიკური ინსტიტუტის კომკავშირელმა აქტივისტებმა სტუდენტების მიტინგი დაარბიეს. მართლმორწმუნე კომუნისტების უკანასკნელი, ანუ შევარდნაძის თაობისაგან განსხვავებით, 80-ანი წლების კომკავშირლებს უკვე საერთოდ არაფერი სწამდათ, სამაგიეროდ, კარგად იცოდნენ ფულის ყადრი, რომელიც ყოველთვის უხვად ტრიალებდა კომკავშირში. ეგებ ამიტომაც, დღეს ყველაზე წარმატებული ბანკირები და ბიზნესმენები ხშირად ისინი არიან, ვინც კომკავშირში დაჭედეს. აი, ასეთი პოლიტიკური Second Hand-ის გვერდით მოხვდნენ ოდესღაც არანომენკლატურული ახალგაზრდები. დღეს მათ წარსულს არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს. თუმცა ბევრმა, მათ შორის, პრესკლუბელმაც, თავის თავში ვერ აღმოაჩინა სახელმწიფოს ლატენტური მსახური და იმავეს ფიქრობს, რასაც გამსახურდიას დროს - ხელისუფლებას, თუნდაც თანამშრომლობდე მასთან, უნდა მოეკიდო კრიტიკულად; დემოკრატიული თუ ლიბერალური ღირებულებები შეიძლება დამკვიდრდეს მხოლოდ ხელისუფლების ნების საწინააღმდეგოდ... ვინ უკვე ჩამოსცილდა პოლიტიკას, ვინ ისევ უბრუნდება მას, ვინ ემიგრაციაშია, უმეტესობა კი შეუმჩნევლად საქმიანობს...

დღეს საზოგადოებრივი და პოლიტიკური ერთმანეთისგან გამიჯნულია, მიუხედავად იმისა, რომ ამ სიტყვათა მნიშვნელობა ერთია. შინაარსია სხვა. პრესკლუბის არსებობა დღეს შეუძლებელია, რადგან ახალგაზრდულ მოძრაობაში მარტივი ოპოზიცია - კომკავშირელი-ეროვნული - აღარ არსებობს: ახალგაზრდულმა ჯგუფებმა დააცალკევეს და დაინაწილეს სფეროები და ინტერესები, რომელთაც მისდევენ კიდეც საქმიანობაში: ზოგი პოლიტიკური კლასის დუბლშემადგენლობაშია, ზოგიც ხელისუფლებისგან ფულს მოელის მხოლოდ მისთვის ღირებული ამოცანების გადასაწყვეტად და ახალგაზრდულ ფრონდას წარმოქმნის, ზოგი კი მცირერიცხოვანი სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი ხდება... ყველა ამ მიმართულებას 15 წლის წინ უკვე შეიცავდა უნივერსიტეტის პრესკლუბი, წინამორბედი ახალგაზრდული მოძრაობისა საქართველოში.
XS
SM
MD
LG