Accessibility links

logo-print

პლურალიზმი ქართულ პოლიტიკაში


ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირება საზოგადოებისთვის საშიშ შინაარსს იძენს. ოპოზიცია ხელისუფლების კრიმინალიზაციაზე საუბრობს, ხელისუფლება კი ოპოზიციის პასუხისმგებლობისთვის

სისხლის სამართლებრივ საფუძველს ეძებს. საპირისპირო აზრის მიმართ შემწყნარებლობა და პოლიტიკური დიალოგი ქართული რეალობისთვის დამახასიათებელი არ არის.


იმ ფაქტს, რომ ქართულ პოლიტიკაში დიალოგის კულტურა არ არსებობს, მყარი ფესვები აქვს. დღემდე პოლიტიკური სპექტრი დაყოფილია "ჩემიანებად" და "სხვებად". "სხვის" მიმართ ზიზღი და მიუღებლობა კი იყო ის მთავარი წყარო, რომელიც კვებავდა საბჭოთა საზოგადოების სოციალურ ენერგიას ათწლეულების განმავლობაში. კონსოლიდაცია ხდებოდა ისეთი ცნებების საფუძველზე, როგორიც იყო "კულაკი", "ხალხის მტერი", "იმპერიალისტი", "სიონისტი", "ფორმალისტი". კლასობრივი ბრძოლა, რომელიც თავიდან ბოლომდე მთავარ ძარღვად გაჰყვა საბჭოთა იმპერიას, სწორედ "ჩემიანის" და "უცხოს" მკაფიო გამიჯვნას ეფუძნებოდა.

ამას ემატებოდა მეორე ნაკადი: ღია ან ფარული ბრძოლა ერების თვითშემეცნების წინააღმდეგ, მათი გაერთგვაროვნების მცდელობა. ამისთვის ერთი ძირითადი მეთოდი გამოიყენებოდა: იმპერიაში შემავალ თითოეულ ერს თავს ახვევდნენ დაბალ თვითშეფასებას, ხოლო იმპერიის ცენტრი მიჩნეული იყო ცივილიზაციის ოაზისად. ისეთ დიდ ქვეყანაში, როგორიც არის უკრაინა, მოხერხდა მშობლიური ენის სრული იგნორირება. 60-იანი წლებიდან სულ ბოლო პერიოდამდე "ადამიანურ" ენად მხოლოდ რუსული ენა მიიჩნეოდა და იწოდებოდა კიდეც. საქართველოში ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. სამაგიეროდ, ფართოდ დაინერგა ქართველის, როგორც თავქარიანი და კანონგარეშე მცხოვრები ადამიანის - სტერეოტიპი. შედარებით მდიდარი ქართველები უსათუოდ კომბინატორები იყვნენ, შედარებით ღარიბები - ვაჭრები. რაც მთავარია, გონიერებით არ გამოირჩეოდნენ. ერთადერთი ფენა, რომელიც რეალურად აფასებდა ვითარებას და ცივილიზაციის ცენტრისკენ მიისწრაფოდა, შემოქმედებითი ინტელიგენცია იყო: ქართველი მსახიობები და მწერლები. მათ რუსი კოლეგები ლამის თავის თანასწორად აღიქვამდნენ და ამით უდიდეს პატივს მიაგებდნენ.

ამგვარი კოლონიური ცნობიერების მიღმა საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც მეტ-ნაკლებად არსებობდა ანტიკოლონიური ცნობიერებაც. თუ, ერთი მხრივ, ქართველი დაკნინებული იყო საკუთარ თვალში, მეორე მხრივ, მუდმივად ცოცხლობდა ერის დიდებული ისტორიისა და კულტურის განცდა.

ეს წინააღმდეგობა, ეს გახლეჩილი ცნობიერება, არის საბჭოთა პერიოდის მთავარი მემკვიდრეობა, რომლითაც დღემდე გაჯერებულია ქართული საზოგადოება. ძველი, კოლონიური ცნობიერება შენარჩუნებულია, ძირითადად, სახელისუფლო ადმინისტრაციების მეშვეობით, რომლებიც არსებითად არ შეცვლილა. შენობების თავზე ახლა სხვა დროშები ფრიალებს და კაბინეტების წინ აბრებიც განახლებულია; მაგრამ სახელისუფლო სისტემა ისევ და ისევ აიძულებს საზოგადოების რიგით წევრს, კნინობითი აზრი შეინარჩუნოს საკუთარ თავზე და ქვეყანაზე. ამას კი ბუნებრივად მოჰყვება ცივილიზაციის ოაზისის ძებნა სადღაც სხვაგან, სხვა პიროვნებებსა და სხვა ქვეყანაში.

მეორე მხრივ, ჩვენშიც მკვიდრდება ახალი ცხოვრების ატრიბუტები, მათ შორის, დემოკრატია. საინფორმაციო საშუალებებით ადამიანები ისმენენ უამრავ აზრს და ისიც კი შესაძლებელია, რომ პირდაპირ ეთერში სახელმწიფო მინისტრს ბრალი დასდონ პრეზიდენტის წინააღმდეგ შეთქმულებაში.

მაშ, რა არის პრობლემა? ღია საზოგადოებებში პოლიტიკური კულტურა ერთიანია, იგი თავად უზრუნველყოფს ინფორმაციის კლასიფიკაციას: ანალიზს და დახარისხებას მნიშვნელობის მიხედვით. ამავდროულად, გარანტირებულია დიალოგი ერთი და იმავე მნიშვნელობის მოვლენის ირგვლივ.

კოლონიური კულტურა კი მონოლოგების ხელოვნური ნაერთია. ეს არის ქართული პოლიტიკის სახე: პლურალიზმი, როდესაც ყველა თავის აზრს გამოთქვამს და საზოგადოებამ არ იცის, ვის ნათქვამს რა მნიშვნელობა მიანიჭოს, რა მიიჩნიოს პირველხარისხოვნად და რა - უმნიშვნელოდ. შედეგად, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხვდებიან ის ადამიანები, რომლებსაც საინფორმაციო საშუალებები ანიჭებენ მნიშვნელობას; მათი შერჩევა კი ობიექტურ კრიტერიუმებს არ ეფუძნება. ამგვარი მონოლოგური პოლიტიკური სისტემა დაუბალანსებელია თავისი სეგმენტების დონეზე. არებითი და არაარსებითი, ტყუილ-მართალი აღრეული და გაუმიჯნავია. შედეგად, ჩვეულებრივი ადამიანისთვის გაუგებარია, არის თუ არა ხუთჯვრიანი დროშის საკითხი აქტუალური, უწყობდა თუ არა შეთქმულებას ჯორბენაძე თავის პრეზიდენტს, მტრები არიან თუ მეგობრები ჟვანია და სააკაშვილი და მრავალი სხვა საკითხი...

ჩვენს პოლიტიკაში პლურალიზმი, აზრთა სხვადასხვაობა არის, მაგრამ სხვისი აზრის მიუღებლობის ვითარებაში, დიალოგის და სამართლებრივი ცნობიერების გარეშე, ინფორმაციის დახარისხების გარეშე, ეს პლურალიზმი პოლიტიკას მხოლოდ და მხოლოდ კონფლიქტურს ხდის. კონფლიქტურობის ხარისხი კი საზოგადოებისთვის სულ უფრო საშიშ ზღვარს აღწევს.
XS
SM
MD
LG