Accessibility links

logo-print

15 თებერვალს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის


15 თებერვალს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის

კინომუზეუმებში იტალიელი რეჟისორი ქალის ლილიანა კავანის ფილმის "ღამის პორტიეს" საიუბილეო ჩვენება ეწყობა. 30 წლის წინ ამ სურათის პრემიერას მაშინვე გამოეხმაურნენ საბჭოთა კინოკრიტიკოსები - ტოტალიტარიზმის ფსიქოლოგიურ-სექსუალური ძირების წარმოჩენამ, რასაც ლილიანა კავანი ამ ფილმში ახერხებს, ყველაზე მეტად მარქსისტები გააღიზიანა. ფაშიზმის მხილებამ არა სოციალურ-პოლიტიკური, არამედ ფსიქოანალიტიკური პოზიციიდან, ძალიან დააფრთხო კომუნისტური ბლოკის იდეოლოგები. ვფიქრობ, "ღამის პორტიე" არც საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას მოეწონება. ამ თემაზე ფსიქოლოგ თეა გოგოტიშვილს ვესაუბრე.

1973 წელს თავის ფილმში "ღამის პორტიე" იტალიელმა ქალბატონმა ლილიანა კავანიმ ვილჰემ რაიჰის ფსიქოლოგიური მოძღვრების კინემატოგრაფიულ ინტერპრეტაციას მიმართა - ადამიანი, რომელსაც არა აქვს სუბლიმაციის, კერძოდ კი, სექსუალური სუბლიმაციის საშუალება, დათრგუნულია და არ შეიძლება იყოს ბედნიერი. ტოტალიტარული რეჟიმები, ეკლესია, სამართალი და, განსაკუთრებით, საზოგადოებრივი აზრი, ადამიანს ხელს უშლის იცხოვროს თავისი გრძნობების, თუ გნებავთ, ვნებების კარნახით. დათრგუნული ადამიანი კი თავად საზოგადოებისთვის, ქვეყნისთვისაა საშიში. მისგან ან "ბატონის" ფსიქოლოგიური ტიპი ყალიბდება, ან "მსახურისა". ორივე შემთხვევაში ადამიანი მოკლებულია თავისუფლებას და საზოგადოებაც, რომელიც "ბატონებად" და "მსახურებად" იყოფა, ვერა და ვერ ხდება თავისუფალი. ლილიანა კავანის ახალი არაფერი უთქვამს, მაგრამ მისმა ამ ამბავმა ფაშისტური საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილ ზედამხედველზე, მაქსზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან 13 წლის შემდეგ თავის ერთ-ერთ მსხვერპლს, ლუციას, ხვდება, მთელი იტალიური საზოგადოება ააფორიაქა. 13 წლის შემდეგ, ახლა უკვე ვენაში, სადაც მაქსი ერთ სასტუმროში ღამის პორტიედ მუშაობს, ყოფილ ჯალათსა და მის მსხვერპლს შორის ურთიერთობა განახლდება. ჯალათის როლში ამჯერად ლუცია გვევლინება. თუმცა ფილმის ფინალში ორივე მსხვერპლად იქცევა. მაქსს და ლუციას გათენებისას ვენის ერთ ხიდზე ხოცავენ.

საბჭოთა კავშირში "ღამის პორტიე" ახსნეს, როგორც ფაშიზმის გამართლება - თითქოს ავტორი ამტკიცებდა, რომ ფაშიზმი არ არის ისტორიული თუ სოციალური მოვლენა და რომ სადომაზოხისტური ვნებები ბუნებრივია ადამიანისთვის. ფილმის დამცველებმა, რომელთა შორის დიდი იტალიელი რეჟისორი ლუკინო ვისკონტიც აღმოჩნდა, "ღამის პორტიეს" ასეთი გამარტივებული ინტერპრეტაცია არ გაიზიარეს.

მას შემდეგ 30 წელი გავიდა. კომუნისტური რეჟიმი დაემხო, თუმცა სადომაზოხისტური ტენდენციები ჩვენში არ გამქრალა. ამის შემდეგ ბუნებრივად იბადება კითხვა: იქნებ ფაშიზმის ძირები, მართლაც, ადამიანის ბუნებაში უნდა ვეძებოთ, იქნებ "პატარა ჰიტლერი" ყოველ ადამიანში ბუდობს. ამ თემაზე გავესაუბრეთ ფსიქოლოგ თეა გოგოტიშვილს, რომელმაც გვითხრა:

[თეა გოგოტიშვილის ხმა] "თუ მივიღებთ იმას, რომ ადამიანი არის მიკროკოსმოსი, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ მასში ჩადებულია როგორც კონსტრუქციული, ასევე დესტრუქციული ვნებები. და რამდენად განვითარდება ერთი ან მეორე მხარე, დიდ როლს თამაშობს სოციალური გარემო...ტოტალიტარულ გარემოში არის ძალიან ნაყოფიერი ნიადაგი იმისთვის, რომ ადამიანში გაიღვიძოს მისმა დესტრუქციულმა საწყისმა. მით უმეტეს, თუ ლიდერი არის ისეთი ავტორიტარი, რომელიც გარკვეულ იდეას უკავშირებს მეორე ადამიანის ან ადამიანთა დიდი ჯგუფის ჩაგვრას... მით უფრო დიდი შანსია, რომ ეს იდეები მასებში დაინერგოს და უკიდურესი სიმძაფრით იყოს ასახული."

და როცა ლიდერი არ არის და როცა მასებში ვერავინ ახერხებს იდეების დამკვიდრებას, თავისუფლდება თუ არა საზოგადოება იმ ვნებებისგან, რომელიც ლილიანა კავანის ფილმის გმირების ტრაგედიას განაპირობებს? თეა გოგოტიშვილის აზრით:

[თეა გოგოტიშვილის ხმა] "მასების მართვის სამი ტიპი არსებობს. ერთი არის ძალადობა, მეორე - შთაგონება და მესამე - მატერიალური სტიმული... ავტორიტარული სტილი და ფორმა მართვისა, რომელიც ძალადობას და ძალმომრეობას გულისხმობს, შთაგონებაში შეიძლება პირდაპირი შთაგონება და ირიბი შთაგონებაც ვიგულისხმოთ... მაკიაველის აქვს ამ თემაზე დაწერილი, რომ ავტორიტარი ორნაირი არსებობს - ლომი, რომელიც ღიად გამოხატავს თავის პოზიციას და მეორე, მელიის ტიპის პოლიტიკოსები, მესამე - მატერიალური დაინტერესებით მანიპულატორები."[სტილი დაცულია]

ეს უკანასკნელი, ანუ ირიბი შთაგონების ფორმა, საკმაოდ დამახასიათებელია დღევანდელი ქართული საზოგადოებისთვის. თეა გოგოტიშვილის აზრით, ჩვენს ქვეყანას კიდევ დიდი დრო სჭირდება იმისთვის, რომ ტოტალიტარული სისტემის მანკიერებისგან განთავისუფლდეს. ამის მისაღწევად, პირველ რიგში, აღზრდის სისტემა უნდა შეიცვალოს.
[თეა გოგოტიშვილის ხმა]: "ეს ტიპი ადამიანებისა, მორჩილი, რომელიც შეიძლება თავისი უკიდურესი გამოხატვით მაზოხისტადაც იქცეს... ჩვენ თუ სულიერ პლანს შევეხებით, გარკვეული მორჩილება ღვთის წინაშე ადამიანში ისედაც დევს, მაგრამ აქ სოციალურად დამახინჯებული ფორმა მიეცემა ყველაფერს აღზრდის პროცესში და, თუ გავითვალისწინებთ, რა წიაღში იზრდება ადამიანი, როგორი აღზრდის პირობებში ხდება მისი ფორმულირება, რა ტიპის დასჯას იყენებენ..."

ლილიანა კავანის ფილმში საკონცენტრაციო ბანაკის ტყვე, ღირსებააყრილი ლუცია, იმდენად ეჩვევა ძალადობას, რომ, გარკვეული თვალსაზრისით, სიამოვნებს კიდეც, როცა თრგუნავენ და შეურაცხყოფას აყენებენ. ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი ჩვენთან საუბარში ზიგმუნდ ფროიდს იხსენებს:

[თეა გოგოტიშვილის ხმა] "ფროიდს აქვს საინტერესო აზრი, რომ, თუ დასჯაში მშობელი ეხება ბავშვის ეროგენულ ზონებს... დასჯაში სიამოვნების მიღება - ეს ფიქსირდება, ასეთი სახის ურთიერთობები, და შემდეგში აუცილებელი ხდება, რომ ადამიანი ვინმემ დასაჯოს იმისთვის, რომ მან გარკვეული სექსუალური სიამოვნება... როდესაც მონური ტიპის ადამიანი გარკვეულ ინტიმურ ურთიერთობაში შედის მეორე ადამიანთან, ის "მე-იდეალად" აქცევს იმ ობიექტს, თავისი ნებისაგან დამოუკიდებლად. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ეს "მე-იდეალი" გაშინაგდება ამ ადამიანში. ერთ სხეულში, ერთ ფსიქიკაში არის "მე-რეალური" და "მე-იდეალური", რომელიც იმ მეორე ობიექტის შინაგან ასახვას წარმოადგენს, ის იდენტიფიცირებულია უკვე ამ "მე-იდეალთან", გარე ობიექტთან. ავტომატურად გადმოიღებს მისი ქცევის, ფასეულობათა სისტემას. ამიტომ ქცევის სტილი ზუსტად იმ ფორმით ვითარდება, როგორც ეპყრობა მას მეორე ადამიანი."[სტილი დაცულია]

"მე-იდეალი" ნებისმიერი ტოტალიტარული სისტემის ატრიბუტია. თუმცა ტოტალიტარული რეჟიმების დამხობის შემდეგ უამრავი პოლიტიკოსი ცდილობს პოპულისტური ლოზუნგებით მოხიბლოს საზოგადოება და "მე-იდეალის" როლში მოგვევლინოს. საქართველოს უახლეს ისტორიას ასეთი "მე-იდეალის" მრავალი მაგალითი მოეპოვება. ნიშანდობლივია, რომ კერპებს სწორედ ის ადამიანები უსწორდებიან ხოლმე, რომლებიც თავიდან ამ "მე-იდეალთან" იყვნენ იდენტიფიცირებულნი. ლილიანა კავანის ფილმის გმირების მსგავსად, "მე-რეალური", ბოლოს და ბოლოს, შურს იძიებს ხოლმე "მე-იდეალურზე", მაგრამ, საუბედუროდ, ამ პროცესების გააზრება იშვიათად ხდება. თავისუფლებას მოკლებულ საზოგადოებას ახალი კერპების მოთხოვნილება უჩნდება. თეა გოგოტიშვილის აზრით:
[თეა გოგოტიშვილის ხმა] "თუ თავიდანვე ვაღიარებთ იმას, რომ სადიზმი არის აგრესიის გამოხატვის ფორმა... ამ შემთხვევაში, აგრესიის ირიბი გამოხატვის ფორმა შეიძლება იყოს ის ძალაუფლება, რომელსაც ესა თუ ის პოლიტიკოსი ცდილობს, რომ მოიპოვოს."

და არა მარტო პოლიტიკოსი. საქართველოში ადამიანის უფლებათა დამცველები ერთმნიშვნელოვნად აცხადებენ, რომ ციხეებში კვლავაც გრძელდება პატიმრების ცემა; დადასტურდა, რომ პოლიციის განყოფილებებში სცემენ და აუპატიურებენ არასრულწლოვანებს. ლილიანა კავანის მაქსი ისევ ცოცხალია. ჩვენში იგი პოლიციელის ნიღბით ცდილობს დამალოს თავისი არასრულფასოვნება. ფსიქოლოგ თეა გოგოტიშვილის თქმით:

[თეა გოგოტიშვილის ხმა] "ადამიანი შემთხვევით არ ირჩევს თავის პროფესიას. ეს მისი შინაგანი ტენდენციების რეალიზების საშუალებაა ყოველთვის. ამ შემთხვევაში თუ ის ირჩევს პროფესიას, რომლითაც მან უნდა დაარეგულიროს სხვა ადამიანების ყოფა-ცხოვრება და სამართალი დაამყაროს, ბუნებრივად იბადება აზრი, თუ რა ფარული მოტივაცია უდევს ამას საფუძვლად."

ადამიანები, რომლებიც სხვისი ცხოვრების "დარეგულირებას" ცდილობენ, რაღა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ ტოტალიტარული ქვეყნების მოქალაქეები არ არიან. სამყარო სავსეა ასეთი ხალხით. მაგრამ ამას ზოგან აღიარებენ, ზოგან არა... იქ, სადაც დღეს ლილიანა კავანის "ღამის პორტიეს" იუბილეს აღნიშნავენ, ადამიანები საკუთარი თავის გააზრებას ცდილობენ. იქ, სადაც თანამედროვე მსოფლიო კინოს კლასიკად აღიარებული სურათი არავის ახსოვს, ხალხი ისევ "ძველთა ძველი" ვნებებით ცხოვრობს.
XS
SM
MD
LG