Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი დამოუკიდებლად აპირებს ურანის ექსპლოატაციას


კვირას, 9 თებერვალს, ირანის პრეზიდენტმა მოჰამად ხათამიმ განაცხადა, რომ ირანი ურანს მოიპოვებს საკუთარ ტერიტორიაზე, რათა ბირთვულ რეაქტორებში გამოიყენოს იგი ელექტროენერგიის დეფიციტის დასაფარად.

ამასთან, მან დასძინა, რომ ეს ბირთვული პროგრამა მხოლოდ და მხოლოდ სამოქალაქო მიზნებს ისახავს. ტელევიზიაში ხათამის გამოსვლა პირველი შემთხვევაა, როცა ირანმა აღიარა, რომ ურანის რეზერვები მოეპოვება.

"ირანმა ურანის რეზერვები აღმოაჩინა და მოიპოვებს მას... ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, ბირთვული ტექნოლოგია სამოქალაქო მიზნებით გამოვიყენოთო", თქვა ირანის პრეზიდენტმა.

როგორც ხათამის გამოსვლაში იყო ნათქვამი, ურანის საბადოები მდებარეობს სავანდის რეგიონში, ქალაქ იაზდიდან ორას კილომეტრში. ურანის გადამამუშავებელი ცენტრები კი ქალაქებში, ისფაჰანსა და კაშანში მდებარეობს.

შეერთებული შტატები კატეგორიულად ეწინააღმდეგება ირანში ბირთვული პროგრამის განვითარებას. ვაშინგტონის აზრით, თეირანი ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს. მაგრამ ირანის ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ უჭირს 65 მილიონიანი მოსახლეობის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა და ბირთვული ელექტროსადგურები ამ პრობლემის დასაძლევად სჭირდება.

ირანმა გაეროსთან არსებული ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები მიიწვია თებერვლის ბოლოსთვის, რათა შემოწმდეს ქვეყნის ბირთვული ობიექტები.

ამ პროცესის პარალელურად ირანი წარმატებებს აღწევს სარაკეტო შეიარაღების სფეროში. ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ ირანმა შექმნა მყარი საწვავი რაკეტებისთვის, რაც მის სარაკეტო შეიარაღებას უფრო მობილურს ხდის. როგორც ირანის თავდაცვის მინისტრმა ალი შამხანიმ თქვა სარაკეტო საწვავის ქარხნის გახსნისას, ამ ტიპის საწვავი ნებისმიერი რაკეტებისთვის შეიძლება იქნეს გამოყენებული.

ვაშინგტონი დიდი ხანია უსაყვედურებს რუსეთს იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი ირანს დახმარებას უწევს ბირთვული რეაქტორების მშენებლობაში. ბუშერის ატომური რეაქტორი, რომლის მშენებლობაში რუსეთი დახმარებას უწევს ირანს, 2004 წლის ბოლოსთვის უნდა ამუშავდეს. მოსკოვი ირწმუნება, რომ ირანის ელექტროსადგურებში მოხმარებული ურანის ნარჩენები, რომელიც ბირთვული იარაღისთვის შეიძლება იქნეს გამოყენებული, კვლავ რუსეთში დაბრუნდება.

მაგრამ ირანის პრეზიდენტ ხათამის თუ ვენდობით, ეს მთლად ასე არ უნდა იყოს. თავის გამოსვლაში ხათამიმ თქვა, რომ ელექტროენერგიის საწარმოებლად აუცილებელია, ირანი თავად აკონტროლებდეს ბირთვული პროცესის მთელს ციკლს.
XS
SM
MD
LG