Accessibility links

რა ხდება რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე


თამარ ჩიქოვანი, თბილისი გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გახშირდა საუბარი რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევების შესაძლებლობის თაობაზე. თუ რუსეთის ხელისუფლება საფრთხეს კვლავ საქართველოს

ტერიტორიაზე თავშეფარებული ჩეჩენი მებრძოლების რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლაში ხედავს, საქართველოს მხარე უსიამოვნებებს რუსეთის ტერიტორიიდან ელის. ქართული მხარის განცხადებით, არსებობს ინფორმაცია ჩეჩენი საველე მეთაურის რუსლან გელაევის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის მცდელობასთან დაკავშირებით. რა ხდება რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე?

მთებში თოვლის დნობის დაწყებასთან ერთად, რუსეთისა და საქართველოს მაღალი თანამდებობის პირთაგან თითქმის ერთდროულად გაისმა განცხადებები რუსეთ-საქართველოს საზღვარზე შესაძლო გართულებების შესახებ. პირველი ასეთი განცხადება მიუნჰენში, ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე, გაკეთდა. აქ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა განაცხადა, რომ პანკისში პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა და რომ იქაურობას კვლავ აფარებენ თავს საერთაშორისო ტერორისტები.
მეორე განცხადება 9 თებერვალს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსმა ვალერი ჩხეიძემ გააკეთა. მისი თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ ჩეჩენი საველე მეთაური რუსლან გელაევი კვლავ საქართველოში გადმოსვლას გეგმავს. ვალერი ჩხეიძის განცხადებით, მან საქმის კურსში უკვე ჩააყენა რუსეთის მხარე.
მართალია, ჩეჩნურმა წყაროებმა გელაევის საქართველოში შესაძლო გადმოსვლის ინფორმაცია უარყვეს, მაგრამ უთუოდ გასათვალისწინებელია ერთი ფაქტი: მარტის შუა რიცხვებში ჩეჩნეთში რეფერენდუმის ჩატარება იგეგმება. ცხადია, ოფიციალური კრემლი ყველანაირად ეცდება, რეფერენდუმამდე ჩეჩნეთიდან ყველა ის შეიარაღებული საველე მეთაური გამოდევნოს, ვინც უკვე განაცხადა, რომ არ დაუშვებს რეფერენდუმის გამართვას. ასე რომ, შესაძლოა, სულაც არ იყოს ჭეშმარიტებისგან შორს თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბათიაშვილის ვარაუდი, რომ რუსულმა სპეცსამსახურებმა, შესაძლოა, საქართველოს ტერიტორიაზე გამოდევნონ ჩეჩენი შეიარაღებული ჯგუფი და, ვითომ მისი დევნის საბაბით, საომარი მოქმედებები უკვე საქართველოს ტერიტორიაზე განაგრძონ.
ცნობისთვის - საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთი, დაახლოებით, 69 კილომეტრზე გადის. რუსეთის მხარის მტკიცებით, ამ მონაკვეთზე განლაგდა ახალი სასაზღვრო ჯგუფები, რომელთა საერთო შემადგენლობა 3 ათას კაცს აღემატება. თუ ასეთ პირობებშიც კი ჩეჩენი ამბოხებულები შეძლებენ რუსეთის ტერიტორიიდან საქართველოში გადმოსვლას, ბუნებრივია, უეჭველად გაჩნდება ეჭვი, რომ მებრძოლებს რუსეთის მხრიდან საზღვარი ფართოდ გაუღეს.
სხვათა შორის, ქართული მხარე კატეგორიულად არ უარყოფს, რომ პანკისის ხეობაში ჯერ კიდევ არიან დარჩენილნი უკანონო შეიარაღებული პირები, მაგრამ, უშიშროების სამინისტროს განმარტებით, საუბარია კრიმინალებზე და არა საერთაშორისო ტერორისტებზე, რომლებიც მართლაც იმყოფებოდნენ პანკისში, მაგრამ ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარებამდე დატოვეს ხეობა.
რაც შეეხება რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებას, მას 10 თებერვალს პრეზიდენტი შევარდნაძე გამოეხმაურა:
[ ედუარდ შევარდნაძის ხმა] " არ შემიძლია არ ვთქვა: ჩემი მეგობარი რუსეთის ზოგიერთი წარმომადგენელი - განსაკუთრებით, თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი - თვლის, რომ პანკისში არაფერი გაკეთებულა. ჩემი კეთილი რჩევაა და არა მარტო ივანოვის მიმართ: რუსეთმა მიხედოს ჩეჩნეთს, ჩეჩნეთის პრობლემას, მოაგვაროს იგი. პანკისს კი როგორმე საქართველო მოაგვარებს და მოაწესრიგებს."
საქართველოს საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, რუსეთის თავდაცვის მინისტრს პასუხი მიუნჰენში მყოფმა საქართველოს თავდაცვის მინისტრმაც გასცა. სიტყვაძუნწი დავით თევზაძის განცხადებით, მან ივანოვს უთხრა ის, რასაც იმსახურებდა.
XS
SM
MD
LG