Accessibility links

რუსეთის პრესა საქართველოში ''ღვინის პუტჩის'' შესახებ


გასულ კვირას რუსეთის წამყვანი გაზეთები საქართველოს თემაზე საუბრისას, ძირითადად, ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ მიმართული ახალი შეთქმულების გამოაშკარავებით იყვნენ დაკავებულნი.

თუმცა აქტუალობა არც ადლერსა და სოხუმს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხს დაუკარგავს. თანაც, განსხვავებით რუსეთის ოფიციალური პირებისგან, რომლებიც დღემდე ირწმუნებიან, სარკინიგზო მიმოსვლას არაღიარებულ რესპუბლიკასთან კომერციული უწყებები აწარმოებენო, რუსეთის პრესა კრემლის კიდევ უფრო შორსმიმავალ გეგმებზე საუბრობს.

7 თებერვლის გაზეთი "ვრემია ნოვოსტეი", ორი რუსი მაღალჩინოსნის - გენერალ ვალერი პუტოვისა და კონსტანტინ ხაგუშის - განცხადებებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ, თბილისიდან წამოსული წინაამდეგობისა და მუქარის მიუხედავად, სოჭსა და სოხუმს შორის სარკინიგზო მიმოსვლა არ შეწყდება. ამ "პატივცემულ გვამებს", რომელთაგან ერთი რუსეთის ფედერალურ სასაზღვრო უწყებას წარმოადგენს, მეორე კი - პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის აპარატს სამხრეთ ფედერალურ ოლქში, გაზეთის კორესპონდენტისთვის შემდეგი განუცხადებიათ:

ვვარაუდობთ, რომ ამავე სარკინიგზო ხაზზე, რომელიც რუსეთს ამიერკავკასიასთან აკავშირებს, უახლოეს ხანებში სხვა შემადგენლობებიც დაიწყებენ მოძრაობას. კერძოდ, ზაფხულის სეზონისათვის სოხუმსა და მოსკოვს შორის სარკინიგზო მიმოსვლის ორგანიზების საკითხიც განიხილება.
"თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთის საზღვრისპირა "ვესელოეში" მერვე თვეა მიმდინარეობს თანამედროვე საკონტროლო-გამშვები პუნქტის მშენებლობა, მაშინ აფხაზეთის ტერიტორიაზე სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა მხოლოდ დროის საკითხია," - წერს გაზეთი.
რუსეთის ამ სცენარის გარდა, გასულ კვირას რუსი ჟურნალისტები ქართულ პოლიტიკაში კიდევ ერთი "რუსული ვარიანტის" - საკუთარი გარემოცვის ხელით ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებიდან ჩამოშორების - შესახებ საუბრობდნენ. თანაც ყველაზე საინტერესო ისაა, რომ, ქართველი კოლეგებისგან განსხვავებით, რუს ჟურნალისტებს სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძის ბინაზე გამართული"საიდუმლო სერობა" უდავო ჭეშმარიტებად მიაჩნიათ. 6 თებერვლის გაზეთი "მოსკოვსკიე ნოვოსტი" წერს:"ამასთან დაკავშირებით, ყურადღებას იმსახურებს კიდევ ერთი ინფორმაცია: თითქოსდა, ჯორბენაძე და კომპანია ცდილობენ მოლაპარაკებას მოსკოვთან, რათა მან ხელი არ შეუშალოს მათ განზრახვას. სანაცვლოდ, თითქოს, ჯორბენაძის მომხრეები მოსკოვს "კონკრეტულ პოლიტიკურ დათმობებს" ჰპირდებიან."

6 თებერვლის გაზეთ "კომერსანტში" გამოქვეყნებული სტატიის, "ღვინის პუტჩის," ავტორი ასევე დარწმუნებულია, რომ ავთანდილ ჯორბენაძის ბინაში შეხვედრა მართლა გაიმართა, თუმცა იქვე ქართული თავყრილობის ერთ მნიშვნელოვან თავისებურებაზეც ამახვილებს ყურადღებას:
"ქართული სუფრული შეხვედრები იმდენად ჩვეულებრივად და ხშირად ეწყობა, რომ თუკი თითოეულ მათგანს შეთქმულების კვალიფიკაციას მივცემდით, მაშინ საქართველო საყოველთაო შეთქმულთა ქვეყნად გადაიქცეოდა. ამჯერადაც, ალბათ, მოხელეები აჭაშნიკებდნენ კახური ღვინის მორიგ პარტიას, რომელიც მაგიდაზე კახელმა ჯორბენაძემ გამოიტანაო", წერს გაზეთი "კომერსანტი".

ძნელი სათქმელია, რამდენად ხშირად მიირთმევენ ჯორბენაძის ბინაში კახურ ღვინოს ქართველი მინისტრები, მაგრამ "კომერსანტის" ინფორმაცია სახელმწიფო მინისტრის კახური წარმომავლობის შესახებ ნამდვილად არ შეესაბამება სინამდვილეს.
XS
SM
MD
LG