Accessibility links

logo-print

როგორ სრულდება მიმდინარე წლის ბიუჯეტი


2003 წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები კვლავ ფინანსთა სამინისტროსა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს შორის დაპირისპირების საგნად იქცა. ეს დაპირისპირება ტრადიციასაც კი დაემსგავსა,

რადგან მთავრობა ბიუჯეტის შესრულების არარეალურ, გაზრდილ პარამეტრებს აქვეყნებს ხოლმე, ხოლო საბიუჯეტო ოფისი საწინააღმდეგოს ამტკიცებს. ეკონომიკური გათვლები ცხადყოფს, რომ არათუ გაზრდილი ბუჯეტის შესრულება მოხერხდება, არამედ მოსალოდნელია სეკვესტრი.

საქართველოს პარლამენტს დამტკიცებული ბიუჯეტი ჯერაც არ გადაუგზავნია პრეზიდენტისთვის ხელმოსაწერად. ამის მიზეზი საკანონმდებლო ორგანოს ბიუროკრატია კი არ არის, არამედ ის, რომ პარლამენტმა კენჭი უყარა არასრულყოფილ კანონპროექტს და ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი მხოლოდ მისი დამტკიცებიდან რამდენიმე დღის შემდეგ შევიდა პარლამენტში.

საბოლოო ვარიანტიდან ირკვევა, რომ, ბიუჯეტის საქვეყნოდ გაცხადებული 210 მილიონიანი მატების ნაცვლად, მისი შემოსავლითი ნაწილის მხოლოდ, დაახლოებით, 140 მილიონი ლარით გაზრდაა დაგეგმილი. თუმცა ამ მაჩვენებლის შესრულებაც კითხვის ქვეშ დგება, თუ გავითვალისწინებთ იანვრის თვის ბიუჯეტის შევსების დინამიკას. საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელის რომან გოცირიძის განცხადებით:

[რომან გოცირიძის ხმა] „14%-იანი ზრდა მაინც უნდა დაფიქსირებულიყო, ვინაიდან ბიუჯეტში შემოსავლები იზრდება 14%-ით. არათუ 14%-ინი ზრდა, არის 10-11%-ით კლება."

რომან გოცირიძე ამის მთავარ მიზეზად წინასწარი გადახდის მახინჯ პრაქტიკას ასახელებს. ფინანსთა სამინისტრო საბიუჯეტო ოფისის გაანგარიშებებს სიცრუედ აცხადებს ხოლმე, ამიტომ ამჯერად რომან გოცირიძემ, თავისი სიტყვების დასტურად, მოიშველია ეროვნული ბანკის ანგარიში, რომელიც გაცილებით ობიექტურია სხვა უწყებებთან შედარებით. ეროვნული ბანკის მონაცემებით, იანვრის თვის ბიუჯეტის შესრულებას 22,8 მილიონი ლარი დააკლდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც დაფიქსირებულია 6 მილიონიანი კლება. ასეთი ტენდენციის მიზეზად რომან გოცირიძე შემდეგ მიზეზებს ასახელებს:

[გოცირიძის ხმა] „ერთი, არასწორი ოპტიმიზმი, ანუ უუნარობა მთავრობისა ამოიღოს შესაბამისი გადასახადები და, მეორე, ბიუჯეტის არასწორი დაგეგმვა. წინასწარ ჩადებულია ილუზიები, რომელიც მიმართულია ერთი მხრივ რაღაც მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და შემდეგ უკვე წლის განმავლობაში ყველა ეჩვევა, რომ ბიუჯეტი არ შესრულდება. ამიტომ ადვილია წლის ბოლოს ბიუჯეტის შეუსრულებლობის გამოცხადება, ვიდრე წლის ბოლოს იმ განცხადების გაკეთება, რომ ქვეყანაში, ფაქტობრივად, არაფერი არ იზრდება."

ასეთ ვითარებაში თუ რას ემყარება მთავრობის გადაწყვეტილება 140 მილიონით გაზარდოს შემოსავლები, ძნელი სათქმელია. თუმცა ქაღალდზე ბიუჯეტის ამ მოცულობით ზრდა სრულებით შესაძლებელია, რადგან მასში იგულისხმება ჯანდაცვის სახელმწიფო ფონდის 25-30 მილიონი ლარი, რომელიც ადრე ბიუჯეტში არ აღირიცხებოდა.

ასევე, მთლიანი შიდა პროდუქტის 5-6%-იანი ზრდა და ეროვნული ვალუტის ინფლაცია- დევალვაცია ბიუჯეტის ციფრობრივ ზრდას განაპირობებს, თუმცა რეალურად კი სულ სხვა რამ ხდება: მთავრობა გასული წლის ბიუჯეტის მაჩვენებლების შესრულებასაც კი ვერ ახერხებს.

[გოცირიძის ხმა] „მიუხედავად იმისა, რომ 140 მილიონით დაიგეგმა ზრდა წინა წელთან შედარებით, ბიუჯეტი, სულ მცირე, 100 მილიონით იქნება შეუსრულებელი. უფრო რეალისტური პროგნოზით თუ გვინდა ვთქვათ, ეს იქნება 130 მილიონი ლარი."

დაახლოებით ამდენივე დანაკლისს ვარაუდობდა რომან გოცირიძე გასული წლის ბიუჯეტთან დაკავშირებითაც. მისი ეს პროგნოზი გამართლდა, თუმცა მთავრობამ სეკვესტრი არ განახორციელა და, შესაბამისად, ხელფასების და პენსიების რამდენიმე თვის დავალიანება მიმდინარე წლის ბიუჯეტს დააწვა ტვირთად.
XS
SM
MD
LG