Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უპრეცედენტო გაქცევა 225 დღიანი ტყვეობის შემდეგ - ქართველმა მეზღვაურებმა თავი თვითონ გადაირჩინეს


2002 წლის ივლისის ბოლოს სომალის ნაპირებთან დატყვევებული ქართველი მეზღვაურების ბედი გაურკვევლი აღარ არის. როგორც ცნობილი გახდა, ისინი მეკობრეებს თავად, საკუთარი ძალებით, დაუსხლტნენ.

გაქცევა ბოსაასოვოს ნავსადგურიდან 7 თებერვალს, ტყვეობიდან 225 - ე დღეს, მოხდა. სომალელი მეკობრეებისგან თავის დაღწევა, თანაც - გემით, ფასდება როგორც უპრეცედენტო ფაქტი. საქართველოს ხელისუფლებისგან ბედის ანაბარა მიტოვებულმა მეზღვაურება საკუთარ თავსაც და სხვებსაც დაუმტკიცეს, რომ გაჭირვებისას ყველაზე მეტად საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეს, მით უფრო მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქე ხარ.

გაჭირვებაში ჩავარდნილი ადამიანი საქართველოს ხელისუფლების იმედად კი არა, საკუთარი თავის იმედად რომ უნდა იყოს, საქართველოში ტყვედ ჩავარდნილმა პიტერ შოუმაც დაადასტურა. გავრცელებული ინფორმაციით, მან შექმნილი ვითარებით შესანიშნავად ისარგებლა და ბოროტმოქმედებს სრულიად შემთხვევით, მათ შორის გაურკვეველი მოტივით ატეხილი სროლის დროს დაუსხლტა. ასე იყო თუ ისე, შოუს გათავისუფლება მარტო ბრიტანელი ბანკირის მოხერხებულობას არ მიეწერა და ეს ფაქტი ქართველი სამართალდამცავების მიერ პანკისში ჩატარებული ანტიკრიმინალური ოპერაციის საამაყო შედეგად მოინათლა. გაჭირვების დროს საქართველოს ხელისუფლების იმედად გულხელდაკრეფით ყოფნა რომ არაფრის მომტანია, საქართველოში დატყვევებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე უკეთ შორეულ სანაპიროებთან დატყვევებულ საქართველოს მოქალაქეებს უნდა სცოდნოდათ - გასული წლის 30 ივლისს სომალის ნაპირებთან მეკობრეების მიერ აყვანილ ბერძნულ ტვირთმზიდზე მყოფ ფოთელ მეზღვაურებს, რომლებმაც 225 დღიან ტყვეობას თავი ამ ორიოდე დღის წინ დააღწიეს.

"სომალიდან გამოქცევა, თანაც - გემით, ნამდვილი გმირობაა" - ასეთი შეფასება მიეცა ამ ფაქტს და ის ქართველმა მეზღვაურებმა, უდავოდ, დაიმსახურეს. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ასეთი შემთხვევები მსხვერპლის გარეშე ძალიან იშვიათად მთავრდება. უმეტეს შემთხვევაში, მეკობრეები ეკიპაჟს შუა ზღვაში პატარა ნავით საკვებისა და საკომუნიკაციო საშუალებების გარეშე უშვებენ, გემს კი გადაღებავენ და ყალბი დოკუმენტაციით ყიდიან.
სხვადასხვა მონაცემებით, ბოლო ათი წლის მანძილზე მეკობრეებმა 800-მდე მეზღვაური მოკლეს, უგზო-უკვლოდ კი 300-ზე მეტი მეზღვაურია დაიკარგა. სომალის ნაპირებთან უცხო ქვეყნების გემების დაკავების არაერთ ფაქტს ჰქონია ადგილი. მეკობრეთა თარეში იქ ანტიტერორისტული კოალიციის სამხედრო გემების პატრულირებას უნდა შეემსუბუქებინა, მაგრამ ქართველ მეზღვაურებს ვერც ამან უშველა.
ცნობილია, რომ ბრიტანეთის და საფრანგეთის სამხედრო გემებმა "ჟენლილის" ალყა მაშინ მოხსნეს, როცა მეკობრეები მეზღვაურების ლიკვიდაციით დაიმუქრნენ. ფოთელი მეზღვაურების ბედი ვერც გამოსასყიდის გადახდამ გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ ბერძნულმა კომპანიამ "პალას ნავიგეიშენმა" მეზღვაურების გამოსასყიდი თანხა ჯიბუტის ერთ-ერთ ბანკში ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბრის ბოლოს გადარიცხა, ფოთელი მეზღვაურების ტყვეობას წერტილი მათმა მოხერხებულობამ დაუსვა. გახმაურებული ინფორმაციით, მათ მეკობრეები დაარწმუნებს რომ გემზე საწვავი არ არსებობდა და სწორედ მაშინ აუშვეს ღუზა, როცა გემზე მყოფი მეკობრეები ნაპირისკენ ამბის გასაგებად გაამგზავრეს. მდევარისგან დასხლტომისა და ძლიერ ღელვაში ხეტიალის შემდეგ "ჟენლილი" საბერძნეთის გემმა იპოვა. ზურაბ გიორგაძე, არტურ არუთუნიანი, ნიკოლოზ პიჟოვი, ალექსანდრე ჩიჩაძე, ანატოლი არხანგოროდსკი და გულადი რუხაძე გადარჩნენ, რადგან იცოდნენ, რომ გადარჩენისთვის თავად უნდა ეზრუნათ, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ არც არავინ მოიკითხავდა. საქართველოს ხელისუფლებას მათ გამოსახსნელად თითქმის არაფერი უღონია, იმის გარდა, რომ სახალხო დამცველი ფოთელი მეზღვაურების გათავისუფლების საქმეში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო კომიტეტის ჩართვას ცდილობდა.
XS
SM
MD
LG