Accessibility links

რუსეთი საქართველოს კვლავაც ბრალს სდებს ტერორისტების მფარველობაში


გასული კვირის ბოლოს მიუნხენში გაიმართა უშიშროების საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენცია, რომელშიც საქართველოს წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა.

შეხვედრაზე მთელ რიგ საკითხებზე იყო საუბარი. კვლავ გაიმართა მსჯელობა იმის თაობაზე, არის თუ არა პანკისის ხეობა ტერორისტთა თავშესაფარი.

მიუნხენის ორდღიან კონფერენციაზე, რომელიც 8 და 9 თებერვალს გაიმართა, რუსეთმა კვლავ წამოაყენა პრეტენზიები საქართველოს მიმართ. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა განაცხადა, რომ ახლახან ბრიტანეთსა და საფრანგეთში დაპატიმრებულმა ტერორისტებმა, რომლებიც ქიმიური იარაღის დამზადებაში არიან ეჭვმიტანილი, პანკისის ხეობაში გაიარეს მომზადება.

ივანოვის თქმით, პანკისში არსებულ კუსტარულ ლაბორატორიებში მზადდებოდა მომწამვლელი გაზი რიცინი, რომელიც ქიმიურ იარაღად შეიძლება იქნეს გამოყენებული.

20 იანვარს ლონდონში ბრიტანეთის პოლიციამ რეიდისას დააკავა რამდენიმე ჩრდილოაფრიკელი ისლამისტი, რომლებიც ჩეჩნეთთან და ავღანეთთან არალეგალურ კავშირებში არიან ეჭვმიტანილი. ამ რეიდს წინ უსწრებდა რიცინის აღმოჩენა ლონდონის ერთ-ერთ ბინაში.

ბრიტანეთის მასმედია ანონიმ წყაროზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ შესაძლოა, "ალ-ყაიდის" მებრძოლებმა რიცინის საწარმოებელი ლაბორატორიები პანკისში მოაწყვეს მას მერე, რაც ავღანეთში თალიბანის რეჟიმი დაემხო. გარდა ამისა, შეერთებული შტატებიც ცდილობს სადამ ჰუსეინის რეჟიმის პანკისის ხეობასთან კავშირი დაამტკიცოს.

საქართველოს ხელისუფლება ირწმუნება, რომ არ არსებობს იმის დამადასტურებელი ფაქტობრივი მასალა, რომ პანკისში ოდესმე ყოფილიყოს მომაკვდინებელი ქიმიური იარაღის საწარმოებელი ლაბორატორიები. ამასთან, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის, ავთანდილ იოსელიანის თქმით, საქართველოდან ჩეჩნეთში ქიმიური იარაღის კონტრაბანდა ბევრად უფრო იოლია ვიდრე პირიქით.

ორშაბათს ედუარდ შევარდნაძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ პანკისის ხეობაში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაცია წარმატებული იყო.

[შევარდნაძის ხმა] "ჩემი კეთილი რჩევაა და არა მარტო ივანოვის მიმართ: რუსეთმა მიხედოს ჩეჩნეთს, ჩეჩნეთის პრობლემას, მოაგვაროს იგი. პანკისს კი როგორმე საქართველო მოაგვარებს და მოაწესრიგებს."

როგორც მოსკოვის კრიტიკოსები ფიქრობენ რუსეთში და მის ფარგლებს გარეთ, კრემლის მცდელობა, ჩეჩნეთის პრობლემები პანკისს დაუკავშიროს, იმით აიხსნება, რომ მან ვერა და ვერ მოახერხა სეპარატისტული მოძრაობის დამარცხება ჩრდილოკავკასიის რესპუბლიკაში, სადაც უკვე მეოთხე წელია გრძელდება ომი.

მიუნხენის შეხვედრაზე რუსეთს კრიტიკა მხოლოდ საქართველოს მისამართით არ გამოუთქვამს. სერგეი ივანოვმა - ისე, რომ ქვეყნის სახელი არ დაუსახელებია - მიანიშნა, რომ გერმანია საერთაშორისო ტერორიზმთან დაკავშირებულ რიგ ჩეჩნურ ორგანიზაციებს იფარებს. შესაძლოა, ივანოვის კრიტიკა ეხებოდა შეერთებულ შტატებსაც, რომელსაც ჩეჩენ მეამბოხეთა რაზმები არ შეაქვს საერთაშორისო ტერორისტთა სიაში.
XS
SM
MD
LG