Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყი მორიგ დათმობაზე მიდის გაეროს განიარაღების ექსპერტებთან


ანდრო ეული, პრაღა ერაყი უპირობოდ დათანახმდა, "U-2"-ის ტიპის ამერიკის სადაზვერვო თვითმფრინავებმა ერაყის ტერიტორიის თავზე იფრინონ, რაც მასობრივი განადგურების იარაღის ძიებაში უნდა დაეხმაროს გაეროს განიარაღების ექსპერტებს.

ბაღდადის ამგვარი გადაწყვეტილების შესახებ ორშაბათს განაცხადა გაეროში ერაყის მუდმივმა წარმომადგენელმა მოჰამედ ალ-დურიმ. რა რეაქცია მოჰყვა ერაყის ამ მორიგ დიპლომატიურ მანევრს?

ორშაბათს, ნიუ-იორკში, მოჰამედ ალ-დურიმ ბაღდადის გადაწყვეტილება წერილობით დაუდასტურა ერაყის განიარაღების საერთაშორისო კომისიის თავმჯდომარეს ჰანს ბლიქსს. წერილში ნათქვამია, რომ გაეროს ექსპერტებს, ინსპექციის მიზნით, ასევე შეუძლიათ ისარგებლონ საფრანგეთისა და რუსეთის თვითმფრინავებით.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა, ერაყის ამ გადაწყვეტილებას დროის მოგების მორიგი ცდა უწოდა. მანამდე ერაყი სხვა დათმობებზეც წავიდა. კერძოდ, მან ნება დართო გაეროს ექსპერტებს, ოფიციალურ პირთა თანდასწრების გარეშე გაესაუბრონ იმ ერაყელ მეცნიერებს, ვინც შეიარაღების სფეროში მოღვაწეობდა, და წარმოადგინა სათანადო დოკუმენტაცია მის შეიარაღებაში არსებული ნერვული გაზისა და ანთრაქსის შესახებ.

ექსპერტთა ვარაუდით, მას შემდეგ, რაც ჰანს ბლიქსი, 14 თებერვალს, უშიშროების საბჭოს წარუდგენს მორიგ საანგარიშო მოხსენებას განიარაღების ექსპერტთა მიერ ერაყში გაწეული მუშაობის შესახებ, შეერთებული შტატები, ერაყის წინააღმდეგ ძალის გამოყენების მიზნით, ზეწოლას მოახდენს უშიშროების საბჭოზე.

ამასობაში, საფრანგეთმა, რუსეთმა და გერმანიამ გამოაქვეყნეს ერთობლივი დეკლარაცია, მოწოდებით, რომ უფრო ფართო მასშტაბით და მკაცრად მოხდეს ერაყში სამხედრო ობიექტების შემოწმება. დეკლარაცია ორშაბათს წაიკითხა პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკების შემდეგ. შირაკის აზრით, ჯერ კიდევ არსებობს ერაყთან ომის თავიდან აცილების შესაძლებლობა.

[ჟაკ შირაკის ხმა]: "გვჯერა, რომ კვლავაც არსებობს ომის ალტერნატივა. რუსეთს, გერმანიასა და საფრანგეთს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, ყოველი ღონე იხმარონ იმისთვის, რათა ერაყის განიარაღება მშვიდობიანი საშუალებებით მოხდეს."

ხოლო ვლადიმირ პუტინმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ აშკარა პროგრესი შეიმჩნევა თანამშრომლობაში გაეროს განიარაღების ექპერტებსა და ერაყის ხელისუფლებას შორის. "როგორც პრეზიდენტმა შირაკმა განაცხადა, და მას სავსებით ვეთანხმები, ჩვენ განვაგრძობთ ამ მიმართულებით სვლას, ანუ ყოველგვარ ზეწოლას მოვახდენთ ბაღდადზეო" - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

აშშ-მა და ბრიტანეთმა არაერთგზის განაცხადეს, რომ ამოიწურა ის დრო, როცა ერაყს უნდა შეესრულებინა გაეროს რეზოლუციები, და რომ ბაღდადის წინააღმდეგ აუცილებელია სამხედრო ძალის გამოყენება. 15-წევრიან უშიშროების საბჭოში ამ მოსაზრებას იზიარებენ ესპანეთი და ბულგარეთი, ხოლო დანარჩენი წევრების უმრავლესობა ერაყში სამხედრო ინსპექციების შემდგომი გაგრძელების მომხრეა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა უშიშროების საბჭოში 13 თებერვლისთვის არაოფიციალური სხდომა მოიწვია. სხდომის დღის წესრიგშია ჰუმანიტარული პროგრამის განხილვა იმ შემთხვევისათვის, თუ შეერთებულმა შტატებმა ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო.
XS
SM
MD
LG