Accessibility links

რატომ გადაწყდა „თბილავიამშენის" მართვის უფლების გასხვისება


მაშინ, როდესაც საქართველოში აქტიურად განიხილება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სამხედრო აეროდრომების დათმობის საკითხი, ტენდერი გამოცხადდა თბილისის საავიაციო ქარხნის აქციათა მართვის უფლებაზე.

„თბილავიამშენის" ტექნიკური აღჭურვილობა, თვითმფრინავების წარმოებასთან ერთად, ავიატექნიკის რემონტის საშუალებასაც იძლევა. შესაბამისად, შესაძლებელია, რომ ეს პოტენციალი გამოყენებულ იქნეს საქართველოს აეროდრომებზე აშშ-ს სამხედრო ავიაციის განლაგების შემთხვევაში.

თითქმის ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც „თბილავიამშენის" საგარეო ურთიერთობებით ამერიკის შეერთებული შტატების დაინტერესებას მცირე სკანდალი მოჰყვა. მაშინ ჩემთან ინტერვიუში საავიაციო ქარხნის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ვაჟა თორდიამ, ირანთან ურთიერთობის უარყოფასთან ერთად, ამერიკასთან თანამშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრა. შეერთებული შტატების კომპანიებთან ერთად სამოქალაქო თვითმფრინავების მშენებლობის პროექტის გაფართოების პარალელურად, „თბილავიამშენმა" ამერიკის მთავრობას სხვა პროექტებიც შესთავაზა.

[ვაჟა თორდიას ხმა] „ჩვენი ურთიერთობა ამერიკასთან - დღეს ეს უკვე აღიარებული ურთიერთობაა და ჩვენ ვხედავთ ამაში დადებით, პოზიტიურ მოვლენებს მომავალში. ჩვენს ქარხანას, რომელსაც ბაზა გააჩნია - იგივე აეროდრომი, იგივე უზარმაზარი კორპუსები და ასე შემდეგ... - გვინდა არ გვინდა, ჩვენს რეგიონში ბოინგები შემოდის და შეიძლება აქ ორგანიზებული იქნეს ბოინგების მომსახურების ცენტრი, რემონტის ცენტრი და ასე შემდეგ."[სტილი დაცულია]

ამ ტიპის პროექტი სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ, შესაძლებელია, შეერთებული შტატების, სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ მიმართული, ავიაციის ნაწილი საქართველოშიც განლაგდეს. უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში კი „თბილავიამშენი" დასავლური სამოქალაქო ავიაციისთვისაც მიმზიდველი საწარმოა.

საქართველოს ქონების მართვისა და პრივატიზაციის სამინისტროს მიერ „თბილავიამშენის" სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი აქციების მართვის უფლებაზე გამოცხადებული ტენდერის პირობებში წერია:

„საჭიროა შეიქმნას ახალი პროგრამა, რომელშიც ნაგულისხმევი იქნება დასავლეთის ქვეყნების საავიაციო მწარმოებლებთან კავშირი და მათთან მასშტაბური პარტნიორული ურთიერთობის დამყარება. დღემდე, როგორც პრაქტიკამ გვიჩვენა, უცხოელი პარტნიორები საწარმოსთან ურთიერთობისას აშკარად თავს იკავებენ კონკრეტული პროექტების განხორციელებისგან. ისინი საწარმოსთან ურთიერთობის ძირითად დამაბრკოლებელ მიზეზად ასახელებენ „თბილავიამშენის" საკუთრების ფორმას."

ტენდერის პირობების მიხედვით, ინვესტორმა, რომელიც10 წლით „თბილავიამშენის" 55,6 მილიონ ლარად შეფასებული აქციების მმართველი გახდება, უნდა შეინარჩუნოს საწარმოს პროფილი. ასევე, ქარხნის განვითარებისთვის უნდა ჩადოს 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია, 40%-ით გაზარდოს წარმოების მოცულობა, 100%-ით - თანამშრომელთა ხელფასები და ასე შემდეგ.

სატენდერო პირობებში ღიად იკვეთება საქართველოს ხელისუფლების სურვილი „თბილავიამშენის" განვითარება დასავლეთის მაღალტექნოლოგიურ წარმოებას და სამხედრო-პოლიტიკურ ორიენტირებს დაუკავშიროს. მაგრამ სატენდერო მოთხოვნათა ერთი მუხლი ამ განზრახვაში ეჭვის შეტანის საფუძველს იძლევა. კერძოდ, საქართველოს მთავრობა ინვესტორისგან მოითხოვს, რომ მას ჰქონდეს ავიამშენებლობის, მათ შორის, სუ-25 ტიპის სამხედრო თვითმფრინავების პროექტირების ან წარმოების არანაკლებ 15 წლის გამოცდილება. ცხადია, რომ ასეთი გამოცდილება, ძირითადად, აქვს რუსეთს. თუმცა ვაჟა თორდიას განცხადებით:

[თორდიას ხმა] „რუსეთიდან ინტერესი არ არის. რუსეთს ძალიან დიდი რაოდენობით ჰყავს ეს თვითმფრინავები და სარემონტო ბაზების უმეტესობა თითქმის რუსეთში იყო განლაგებული ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს."

სატენდერო წინადადებების განხილვა 18 მარტს მოეწყობა. კონკურსისთვის განკუთვნილი ასეთი მოკლე ვადა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ მომგებიანი და მზარდი კომპანიის მართვის უფლების პრივატიზება არამარტო ეკონომიკური მოსაზრებების გამო გადაწყვიტა.
XS
SM
MD
LG