Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საით წავა ადამიანის უფლებათა დაცვა პარლამენტში


დავით პაიჭაძე, თბილისი სამშაბათს, 11 თებერვალს, ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნანა ბიჭიაშვილი ჟურნალისტების წინაშე წარდგა. ეს იყო ახლად არჩეული უფლებადამცავის პირველი საჯარო შეხვედრა.

მომავალი საქმიანობის პრიორიტეტებად ნანა ბიჭიაშვილს საკანონმდებლო მუშაობა, ბავშვთა, ქალთა და უნარშეზღუდულ პირთა უფლებებზე ზრუნვა მიაჩნია.

ადამიანის უფლებათა დამცავისათვის საქართველოში არსებობს რამდენიმე ტესტური ხასიათის შეკითხვა, რომელთა პასუხი აუცილებლად მიანიშნებს კონკრეტული პიროვნების გაქანებას ამ სფეროში. ნანა ბიჭიაშვილთან ჩემი დიალოგი 1944 წელს მესხეთიდან დეპორტირებული მოქალაქეების რეპატრიაციაზე ლაპარაკით დაიწყო: როგორია ქალბატონ ნანას ხედვა, უნდა ველოდეთ თუ არა რაიმე ძვრას კანონმდებლობაში ადამიანის უფლებათა კომიტეტის მხრიდან? [ნანა ბიჭიაშვილის ხმა]: "ამას კიდევ ღრმად შესწავლა უნდა - ჩვენ, უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩავარდნილ ქვეყანას, შეგვიძლია ამდენი ხალხის მიღება? ვფიქრობ, იქნებ რაღაც ჯგუფად?! 10 ოჯახი, 15 ოჯახი, 20 ოჯახი"...

მეორე საკითხი, რაც ადამიანის უფლებათა ახალი დამცველის წინაშე დავსვით, წინასწარი დაკავების საკანში არსებული მდგომარეობა და პოლიციაში ადამიანების წამება გახლდათ. თავისი მიმართება ნანა ბიჭიაშვილმა ამ სიტყვებით გამოხატა [ნანა ბიჭიაშვილის ხმა]: "წინასწარი დაკავების საკნების შესახებ მე ახალი რა უნდა ვთქვა, როცა ამდენი იწერება? არის ასეთი ფაქტები, მაგრამ მე კონკრეტულად ვერ გეტყვით. განა, არ ვიცი და იმიტომ? არა! მე მიყვარს ციფრებით და სტატისტიკით საუბარი და რასაც ჩემი თვალით ვნახავ".

მსმენელმა იცის, რომ ქალბატონ ნანას ზოგიერთი კოლეგა ცნობილია რელიგიურ უმცირესობათა დევნითა და ამა თუ იმ პოლიტიკოსის გენეალოგიის ჩხრეკით, რათა რომელიმე შტოზე არაქართული ეროვნების ნათესავი უპოვოს და ამის გამო სისხლის ნაკლებ სიწმინდეზე, როგორც საძრახის ფაქტორზე მიანიშნოს. მე დავუკონკრეტე ნანა ბიჭიაშვილს ამ კოლეგის გვარი და ვთხოვე, გამოეხატა დამოკიდებულება მის მიმართ.
[ნანა ბიჭიაშვილის ხმა]: "როგორ შემიძლია მე პრინციპული არ ვიყო! ჩვენ გვგონია, თუ გვეუბნებიან, რომ ჩვენზე მეტი ტოლერანტი ადამიანები არ არსებობენ. და ამ დროს ლაპარაკი, რომ ის სომეხია, ის ებრაელია, ის ქართველია ან რუსია... უკვე არ არის ადამიანი, რომ გენეტიკაში ვიღაც არ ჰყავდეს. ნუ, ამაზე ლაპარაკი... მმმ... რა ვიცი".

ლაპარაკი ადამიანის უფლებების დაცვაზე საქართველოში განსაკუთრებულ სიმწვავეს იძენს, როცა საქმე რელიგიურ უმცირესობებს შეეხება. მკალავიშვილის მიერ მრავალგზის დარბეული მოქალაქეების დაცვაზე სახელმწიფო, არსებითად, უარს ამბობს. ნანა ბიჭიაშვილს ყურადღება გავუმახვილე სწორედ ამ პრობლემაზე და ვკითხე, როგორ აპირებს რელიგიურ ჯგუფთა უფლებაშელახული წევრების ქომაგობას [ნანა ბიჭიაშვილის ხმა]: "როგორ შეიძლება რწმენის გამო ვინმე დასჯილი იყოს? ბოლოს და ბოლოს, ბუბა კიკაბიძის სიმღერა მაინც... კაცი იყავ კაცური და სადაც გინდა იქ ილოცეო, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. ამის გამო არავინ არ უნდა დაირბეს! რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტებს, გეუბნებით, რომ მე თვითონ უნდა ვნახო. ახლა, იმის დროს თუ არ დამიძახეს, ვერ ვნახავ, მაგრამ თქვენი მეშვეობით ისევ! მე ვხედავდი ერთ მხარეს: როგორ ირბეოდა ეს მიტინგები მკალავიშვილის მიერ. იქ რომ გამოდიოდნენ ადამიანები, როდესაც მიკროფონი მიჰქონდათ, ამბობდნენ, რომ აი, ჩვენ არ გვიღებენ, აი, ნახეთ, დაგლეჯილი მაქვს, აი ნახე ეს... არ მეთანხმებით ამაში? ესეც იყო: დაზარალებულები მკალავიშვილის მხრიდან".

ნანა ბიჭიაშვილთან ჩემი საუბარი დასრულდა ბასილ მკალავიშვილის თავდასხმების დროს მისსავე დაზარალებულ მომხრეებზე გულისტკივილის გამოთქმით. ვისაც აფიქრებს ადამიანის უფლებათა დაცვა პარლამენტის დონეზე, იმას შევახსენებთ, რომ არჩევნებამდე დაახლოებით 9 თვეა დარჩენილი.
XS
SM
MD
LG