Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აპირებს თბილისის ხელისუფლება მასწავლებლებისთვის გაზის გადასახადის დაფინანსებას


თბილისელი მასწავლებლებისთვის ბუნებრივ აირზე შეღავათების დაწესებას დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე პრიორიტეტულ თემად მიიჩნევს. მიხეილ სააკაშვილის აზრით,

ეს მნიშვნელოვანი საკითხი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ადგილობრივმა ბიუჯეტმა, რომლის განხილვასაც საკრებულო, წესით, ხვალ დაიწყებს. წინასწარი მონაცემებით, ბიუჯეტის პროექტი ხსენებულ საკითხს, მართლაც, ითვალისწინებს, მაგრამ რა დოზებით - ეს ჯერჯერობით გაუგებარია.

მანამდე, ვიდრე სააკაშვილი პედაგოგებისთვის დასაწესებელი შეღავათების თაობაზე ოფიციალურ განცხადებას გააკეთებდა, თბილისში გავრცელდა ხმა, რომ მერიამ სოციალურად დაუცველი ფენებისთვის გაზის გადასახადის დაფინანსება შეაჩერა. ამ კატეგორიის ადამიანები ირწმუნებოდნენ, რომ "თბილგაზის" ინკასატორები მათგან გადასახადის დაფარვას ითხოვდნენ. ბუნებრივია, ასეთ ფონზე მასწავლებლებისთვის დასაწესებელი შეღავათების თემა ბევრისთვის საკმაოდ არადამაჯერებლად აჟღერდა.

მიუხედავად იმისა, რომ მერიის მიერ სოციალურად დაუცველი ფენების დაფინანსებასთან დაკავშირებით "თბილგაზის" სხვადასხვა ინსტანციაში სხვადასხვანაირი დამოკიდებულებაა, საბოლოო ანგარიშით, მუნიციპალური საწარმო დახმარებების შეჩერებას უარყოფს. სწორედ ასე ფიქრობს გენერალური დირექტორის მოადგილე ნოდარ ხონელიძე და, თავისი მოსაზრების დასტურად, თბილისის საკრებულოდან 29 იანვარს მიღებულ წერილს იშველიებს:

(ხონელიძის ხმა) "მიღებული მაქვს წერილობით, რომ შეღავათები გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტი ჯერ არ დამტკიცებულა. შეღავათები ჩვეულებრივად მიმდინარეობს. ანგარიშსწორება ხდება ბალანსის შედგენის შემდეგ. იანვარი ახლა დამთავრდა, ბალანსი შევკარით, წარვადგენთ და იქნება მერიის მიერ დაფინანსებული".

როგორც ხონელიძე აღნიშნავს, დაახლოებით 32 ათას აბონენტზე გათვლილმა დაფინანსებამ გასულ წელს 2,5 მილიონი ლარი შეადგინა. აქვე მოგახსენებთ, რომ სოციალურად დაუცველი ფენა უფასოდ ღებულობს ერთჯერადად - 870 კუბ/მეტრ, ხოლო ყოველთვიურად - 20 ან 40 კუბ/მეტრ ბუნებრივ აირს (ოდენობას დახმარების ადრესატთა კატეგორია განსაზღვრავს). თუკი უკვე არსებულ ჩამონათვალს პედაგოგებიც მიემატებიან, მერიას, ცხადია, ყოველთვიურად უფრო მეტი თანხის გადახდა მოუწევს, მაგრამ რამდენად მეტის - ეს ჯერ კიდევ დასადგენია. როგორც თბილისის ვიცე-პრემიერი თემურ ქურხული აღნიშნავს, ბიუჯეტის ამჟამინდელი პროექტი გაზის გადასახადის დაფინანსებას პედაგოგებისთვის ნაწილობრივ, ანუ დაახლოებით 100 ათასი ლარის ფარგლებში ითვალისწინებს. თუმცა, თუკი საკრებულო მოინდომებს, ქურხულის აზრით, სრული დაფინანსებაც სავსებით რეალური შეიძლება გახდეს:

(ქურხულის ხმა) "გაზთან დაკავშირებით, ვფიქრობ, არ უნდა იყოს პრობლემა პედაგოგების დახმარების თაობაზე. წელიწადში ეს თანხა, ალბათ, 100 ათასი ლარის ფარგლებში იქნება. ბიუჯეტის პროექტში გადასახადისგან ნაწილობრივი გათავისუფლებაა ჩადებული, მაგრამ, თუ მოითხოვს საკრებულო, მთლიანად, ნუ, ალბათ, მთავრობაც დაეთანხმება".

როგორ დაეთანხმებიან ერთმანეთს ქალაქის საკრებულო და მთავრობა, ამას სულ მალე ვნახავთ.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG