Accessibility links

logo-print

ერაყის კრიზისი ნატოში უთანხმოებას იწვევს


უკვე რამდენიმე კვირაა, ერაყის კრიზისი მწვავე დისკუსიებს იწვევს დასავლელ მოკავშირეებს შორის - ერთი მხრივ აშშ-ს, მეორე მხრივ კი გერმანიასა და საფრანგეთს სხვადასხვაგვარად წარმოუდგენიათ

კრიზისის მოგვარების სტატეგია. თუმცა, უთანხმოება ტრანსატლანტიკური განზომილებით არ ამოიწურება: ათიოდე დღის წინ ევროპის 8 სახელმწიფოს ლიდერთა ღია წერილმა, რომელშიც ისინი სოლიდარობას უცხადებენ ვაშინგტონს ერაყისადმი დამოკიდებულების თვალსაზრისით, ცხადჰყო, რომ აზრთა სხვადასხვაობა სუფევს ევროკავშირის წევრებს შორიც. ამ დღეებში კი ყურადღების ცენტრში ნატო დგას -ბრიუსელში ორშაბათს გამართულ სხდომაზე გერმანიამ, საფრანგეთმა და ბელგიამ ისევ დააბრკოლეს ნატოს დანარჩენი 16 წევრის მიერ მხადაჭერილი ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს სამხედრო მომზადების დაწყებას, ერაყისაგან მისი მოსაზღვრე ერთადერთი ნატოელი მოკავშირის, თურქეთის დასაცავად.

ასე რომ, ნატოს წევრებს სამკვირიანი დისკუსიისა და ექვსი საგანგებო სხდომის მიუხედავად ვერ მოუხერხებიათ ერთიანი პოზიციის შემუშავება თურქეთის დასახმარებლად სამხედრო მომზადების დაწყების საკითხში. მართალია, ალიანსის გენერალური მდივანი ჯორჯ რობერტსონი ირწმუნება, რომ უთანხმოების საგანია სამხედრო მომზადების დაწყების მხოლოდ თარიღი, მაგრამ ორშაბათს მას მაინც მოუხდა ნატოში გამეფებულ კრიზისზე მითითება. ალიანსში შეერთებული შტატების ელჩმა ნიკოლას ბერნსმა კი საკმაოდ მკვეთრი განცხადება გააკეთა: ნიკოლას ბერნსის ხმა "ნატო სერიოზული კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. ჩვენი ალიანსის შემაკავშირებელი მთავარი პრინციპია ის, რომ, თუ ალიანსის რომელიმე წევრს გაუჭირდა, მას ყველა ვეხმარებით. თურქეთმა მოითხოვა "ავაკსის" ტიპის თვითმფრინავები, "პარტიოტის" ტიპის ანტისარაკეტო სისტემები და ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის ექსპერტები თავდაცვის მიზნით და არა აგრესიის განსახორციელებლად. ეს განაცხადი ნატოში სამი კვირის წინ იქნა შემოტანილი, მას სამი კვირაა განვიხილავთ. დღეს თურქეთმა მორიგი ნაბიჯი გადადგა - მოითხოვა ნატოს ხელშეკრულების მეოთხე მუხლის ამოქმედება და კიდევ ერთხელ ითხოვა დახმარება. აშშ ფიქრობს, და ეს ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა და რამსფელდმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა პაუელმა ბოლო 24 საათის მანძილზე გაკეთებული განცხადებებით დაადასტურეს, რომ ახლა ნატოს ყველა წევრს ჰმართებს თავისი ვალდებულების შესრულება".

ამერიკელი ელჩი ამ განცხადებით გამოვიდა ორშაბათს საღამოს, მას შემდეგ, რაც ნატოს სამი წევრის უარყოფითი პოზიციის გამო უშედეგოდ დამთავრდა კენჭისყრა თურქეთის დახმარების საკითხზე. ბრიუსელში ჩვენი რადიოს კორესპონდენტმა აჰტო ლობიაკასმა შეიტყო აგრეთვე, რომ ვაშინგტონმა ამ სამი ქვეყნის, გერმანიის, საფრანგეთისა და ბელგიისაგან მოითხოვა, 24 საათში მოუღონ ბოლო უთანხმოებას, რათა ნატომ დამაჯერებლობა არ დაჰკარგოს. თუმცა, ერთობლივი განცხადება, რომელიც გერმანიამ, საფრანგეთმა და ბელგიამ ასევე ორშაბათის კენჭისყრის შემდეგ გაავრცელეს, გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ვაშინგტონის მოთხოვნას პარასკევამდე მაინც არ შეასრულებენ. განცხადებაში, კერძოდ ნათქვამია, რომ გერმანია, საფრანგეთი და ბელგია მზად არიან, შეასრულონ თავიანთი ვალდებულება მოკავშირე თურქეთის წინაშე, ოღონდ ჯერ დაელოდებიან გაეროს უშიშროების საბჭოს პარასკევის სხდომას, რომელზეც ანგარიშით წარდგებიან ერაყში განიარაღების ექსპერტთა ხელმძღვანელები. საფრანგეთის წარმომადგენლის განმარტებით, მოცემულ ეტაპზე, ანუ უშიშროების საბჭოს სხდომამდე თურქეთის თხოვნაზე დაყაბულება იმის ნიშანი იქნებოდა, რომ გაეროს ძალისხმევას წერტილი დაესვა და ერაყთან ომი გარდაუვალია.

სამშაბათს საღამოს ამაოდ დამთავრდა ნატოს წევრთა უმრავლესობის მორიგი მცდელობა, პოზიცია შეეცვლევინებინათ საფრანგეთის, გერმანიისა და ბელგიის წარმომადგენლებისათვის: ბრიუსელში თბილისის დროით 21 საათზე დაწყებული სხდომა 15-ოდე წუთში შეწყდა.
XS
SM
MD
LG