Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რისთვის შეიქმნა საარჩევნო სისტემის სრულყოფის ქვეკომისია


"საკონსტიტუციო საკითხთა კომისიის" ჩარჩოებში საარჩევნო სისტემის სრულყოფის ქვეკომისია შეიქმნა. ის 8 პარლამენტარითა და არასამთავრობო ორგანიზაციების 8 წარმომადგენლით დაკომპლექტდა.

კომისიის მუშაობას კოორდინაცია პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა მარიამ ცაცანაშვილმა უნდა გაუწიოს. ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, ქვეკომისიას არჩევნებთან დაკავშირებული სადავო საკითხების შეჯერების მიმართულებით მუშაობა დაუსახეს მიზნად. საარჩევნო სისიტემის სრულყოფის ქვეკომისია ოფიციალურად 10 თებერვალს გაფორმდა, 11 - ში დაინიშნა მისი წევრების შეხვედრა სახელმწიფო მინისტრთან. ამ შეხვედრაზე ქვეკომისიაში შეყვანილი მესამე სექტორის წარმომადგენლებიც მივიდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა, გიგა ბოკერიამ, მხოლოდ შეხვედრის წინ შეიტყო იმის შესახებ, რომ მისი გვარი საარჩევნო სისტემის სრულყოფის ქვეკომისიაში ფიგურირებს.

დეპუტატთაგან: ირაკლი გოგავა, როსტომ დოლიძე, გიორგი თარგამაძე, კონსტანტინე კემულარია, ვასილ მაღლაფერიძე, ზაქარია ქუცნაშვილი, ფიქრია ჩიხრაძე, ვახტანგ ხმალაძე. არასამთავრობო ორგანიზაციებიდან: გიგა ბოკერია, ზურაბ ჭუაბერაშვილი, თინა ხიდაშელი, ნანა კაკაბაძე, გია ნოდია, გია ჟორჟოლიანი, ავთანდილ სულაბერიძე, დევი ხეჩინაშვილი - აი, ეს ადამიანები შეიყვანეს საარჩევნო სისტემის სრულყოფის ქვეკომისიაში. არასამთავრობო ორგანიზაციების დასახელებული წარმომადგენლები კი, ამჯობინებდნენ ემუშავათ ტექნიკურ ჯგუფში, რომელსაც ზუსტი საარჩევნო სიების შექმნის პრობლემის გადაჭრა ავალია და რომლის კოორდინატორიც შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილია. რატომ, ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ, მანამდე კი - ძალიან მოკლედ ახლად შექმნილი ქვეკომისიის შესახებ: როგორც მისმა კოორდინატორმა მარიამ ცაცანაშვილმა განმარტა, ის არჩევნებთან დაკავშირებული სადავო საკითხების შესაჯერებლად შეიქმნა, ანუ შეიქმნა იმისათვის, რომ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებული სადავო პოლიტიკური საკითხები საპარლამენტო განხილვებამდე დაამუშაოს. არჩევნებთან დაკავშირებულ სადავო საკითხებს კი - მათ შორის, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესს - პარლამენტი წყვეტს. ქვეკომისიის წევრები პარლამენტს, ცხადია, გადაწყვეტილებას ვერ უკარნახებენ. აქედან გამომდინარე, საარჩევნო სისტემის სრულყოფის ქვეკომისიაში შეყვანილი მესამე სექტორის წარმომადგენლები ქვეკომისიის შექმნას სკეპტიკურად შეხვდნენ. ზოგიერთმა მათგანმა განმარტა კიდეც, რომ ტექნიკურ ჯგუფში რაღაც ასპარეზი მაინც ექნებოდათ, ვთქვათ, იმავე ზუსტი საარჩევნო სიების პრობლემის მოგვარებაზე პასუხისმგებლობის ასაღებად. მით უფრო, რომ არჩევნებთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემების მოგვარების საკუთარი გეგმაც ჰქონდათ შემუშავებული. ცნობილია, რომ ის საარჩევნო სიების შედგენაში რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის ჩართვას ითვალისწინებს. ამ გეგმის მიხედვით, არჩევნებთან დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარება მოწვეულ სუბიექტს უნდა დაევალოს და არა ადგილობრივ ბიუროკრატიულ სტრუქტურებს.

რადგანაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ტექნიკურ ჯგუფში კი არა, ახალშექმნილ ქვეკომისიაში ჩართეს, მათ იფიქრეს, რომ ამით ისინი საარჩევნო სიების პრობლემის გადაჭრის საქმეს ჩამოაცილეს. 11 თებერვალს, სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრის წინ, მესამე სექტორის წარმომადგენლებს ჯერ კიდვე არ ჰქონდათ მკაფიო წარმოდგენა იმაზე, რის გაკეთებას შეძლებდნენ ახალშექმნილ ქვეკომისიაში. როგორც თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელმა გიგა ბოკერიამ გვითხრა:

[გიგა ბოკერიას ხმა] " როცა ჩვენ ვლაპარაკობთ პროფესიულ საარჩევნო კომისიებზე და ამაზე პრინციპულად გვეთანხმება სახელმწიფო მინისტრი, რომელიც, ამავე დროს, ეგრეთ წოდებული მმართველი პარტიის თავმჯდომარეა, მერე ვგებულობთ, რომ მათ შემოგდებული აქვთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პარტიული პრინციპით დაკომპლექტების ყველაზე ცუდი ვარიანტი."


სახელმწიფო მინისტრმა მესამე სექტორის წარმომადგენლებს აუხსნა, რომ მათ, საარჩევნო კომისიების ფორმირების წესის გარდა, საარჩევნო სიების პრობლემის მოგვარების საქმესთანაც ექნებათ შეხება, რომ ქვეკომისია ამ მიმართულებითაც იმუშავებს. პასუხად მიიღო, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ზუსტი სიების შედგენისთვის დონორის მოწვევის საკუთარ გეგმას რამდენიმე დღეში წარუდგენენ და, თუ ხელისუფლება ამ გეგმას არ მიიღებს, ისინი ედუარდ შევარდნაძის განკარგულებით შექმნილ ქვეკომისიაში არ იმუშავებენ.
XS
SM
MD
LG