Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია ეიიეს-თელასსა და საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს შორის გაფორმებული სათავო ხელშეკრულების გადახედვის მომხრეა


საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში მიაჩნიათ, რომ ელექტროენერგიის ტარიფზე გაჩაღებული მრავალეტაპიანი დებატების შემდეგ ეიიესსა და ქონების მართვის სამინისტროს შორის

გაფორმებული სათავო ხელშეკრულების გადახედვის დრო დადგა. ხელშეკრულება, ოპონენტების აზრით, წინააღმდეგობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან. სადავო კი ხელშეკრულების ის მუხლია, რომლის მიხედვით, ეიიესის მიერ საქართველოში მოღვაწეობის პირველი ორი წლის განმავლობაში განხორციელებული ნებისმიერი ხარჯი ინვესტიციად ითვლება და, შესაბამისად, სამომხმარებლო ტარიფში აისახება.


ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის გაუქმება და საკონსტიტუციო სასამართლოს დავალება ტარიფის შემცირების შესახებ თითქმის ერთნაირად შეეხო როგორც მარეგულირებელ კომისიას, ისე აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებს. მარეგულირებელმა ტარიფი, ყოველგვარი ეკონომიკური გათვლების გარეშე, 10,2 თეთრამდე დაიყვანა. საკანონმდებლო ხელისუფლებაში პოლიტიკური პარტიები - კერძოდ, "აღორძინება" - ტარიფში დამატებული ღირებულების გადასახადის შემცირების ან, უკეთეს შემთხვევაში, გაუქმების კამპანიის წამოწყებას გეგმავენ და მხარდაჭერასაც იმედოვნებენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს სწორ ეკონომიკურ ფორმად არ მიაჩნიათ. ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია კი ამჯერად, წინააღმდეგობის ნაცვლად, მათთან ალიანსში გვევლინება.
როგორც ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის სამოქალაქო უფლებების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი პაატა ვარდოსანიძე განმარტავს, მარეგულირებელი კომისიის შეტევის სუბიექტი და მიზეზი ეიიესსა და საქართველოს მხარეს შორის გაფორმებული სათავო ხელშეკრულება უნდა იყოს. ხელშეკრულების გადახედვა კი პრაქტიკულად მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ საქართველოს ქონების მართვის სამინისტრო მოსარჩლის უფლებას გამოიყენებს და სასამართლოში სარჩელს შეიტანს, ხელშეკრულების საკვანძო პუნქტის შეცვლის მოთხოვნით.იგულისხმება პუნქტი, რომლის ძალითაც, ეიიესს 1999-2000 წლებში გაწეული ყველა ხარჯი ინვესტიციად ეთვლება. პარტიები, ამჯერად ისევ "აღორძინების" სახით, ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმების მიღწევას პარლამენტის ტრიბუნის გამოყენებით გეგმავენ. ამ გეგმას სკეპტიკურად უყურებს თბილისის საკრებულოს წევრი, ეიიესის ყოფილი ადვოკატი ირაკლი ოქრუაშვილი.
[ირაკლი ოქრუაშვილის ხმა]"ორი ვარიანტია: ერთი, რომ სასამართლომ გააუქმოს - ამ შემთხვევაში, ლონდონის არბიტრაჟმა - და, მეორე, მხარეებმა შეთანხმებით გააუქმონ. ამას თელასი არ დათანხმდება, არც თანხმდება და არც დათანხმდება არასდროს."
ირაკლი ოქრუაშვილის ზემოთქმულ ვარაუდს ადასტურებს "ეიიეს თელასის" გენერალური მენეჯერის იგნასიო ირიბარენის სახელმწიფო მინისტრთან ამასწინანდელი შეხვედრის ერთი დეტალი: იგნასიო ირიბარენმა ძალზე აუღელვებლად გააფრთხილა ავთანდილ ჯორბენაძე, რომ ვინაიდან ტარიფის შემცირების კამპანია მიმდინარეობს, ირღვევა ეიიესის უფლებები და, შესაძლოა, საქმე ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში აღმოჩნდეს.
[ჯონდი ბაღათურიას ხმა] "რომც წავიდეს ეიიეს-თელასი ლონდონის არბიტრაჟში საჩივლელად, არა იმაზე იქნება ლაპარაკი, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მუხლს სემეკი არ აკმაყოფილებს ან რაიმე სხვას, არამედ ლაპარაკი იქნება იმაზე, რომ ხელშეკრულება თავის დროზე გაფორმებულ იქნა კანონთან შეუსაბამისობაში."
"აღორძინების" წევრი ჯონდი ბაღათურია არ გამორიცხავს, რომ ეიიესთან დაპირისპირების, უფრო სწორად, სათავო ხელშეკრულების ცალკეული მუხლების ანულირების, ერთ-ერთ, სხვათა შორის,უკიდურეს საშუალებად იქცეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საქმე იმ პირთა თანამდებობრივი უპასუხისმგებლობის შესახებ, რომელთაც სათავო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ეს პერსპექტივა კი კიდევ უფრო ბუნდოვნად გამოიყურება, რადგან გაუგებარია, რას მოუტანთ ეიიესის ოპონენტებს ქონების მართვის მაშინდელი მინისტრის მიხეილ უკლებას პასუხისგებაში მიცემა.
XS
SM
MD
LG