Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტარები მათი ჩხრეკის ფაქტს აპროტესტებენ


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 12 თებერვალს პარლამენტარებს და მათი დაცვის წევრებს პარლამენტის შენობაში შესვლის წინ პარლამენტის დაცვისთვის იარაღის ჩაბარება მოუხდათ. ამ საკითხის ირგვლივ წინა დღით

გამართული კამათის მიუხედავად, პარლამენტის თავმჯდომარემ პრინციპულობა გამოიჩინა და კატეგორიულად მოითხოვა პარლამენტის შენობაში კოლეგების განიარაღება. 12 თებერვალს ჩხრეკით შეურაცხყოფილი პარლამენტარები დილიდან პროტესტს გამოთქვამდნენ.

[ გიორგი ხაჭაპურიძის ხმა] "მესმის, გუშინ თქვენ მკაცრად განაცხადეთ, რომ არავინ შემოვიდეს იარაღით, ზარბაზნით, ტანკით...მაგრამ ის, რაც ხდება დღეს შემოსასვლელში, არის შეურაცხყოფა, ელემენტარულად. რომ არ ვიცოდე, რომ ძალიან სერიოზული საკითხებია განსახილველი, ახლავე დავტოვებდი დარბაზს....არ შემიძლია ბატონ პაპაშვილს არ ვუთხრა: ან მოამზადოს ხალხი, ვინც დეპუტატი უნდა შემოუშვას დარბაზში, ან გაუშვას აქედან. როგორ შეიძლება ასეთი მოქცევა. ელემენტარული შმონი ჩამიტარეს."
პარლამენტარ გიორგი ხაჭაპურიძის პროტესტს სხვებიც შეუერთდნენ. პარლამენტის შესასვლელში ცეცხლსასროლი იარაღის ჩაბარების პროცედურის გამო, პარლამენტის სხდომა დაგვიანებით დაიწყო: პარლამენტარები იარაღის ჩასაბარებლად შენობის შესასვლელში რიგში იდგნენ. 12 თებერვლიდან პარლამენტის შენობაში შესვლა აეკრძალათ კონკრეტული პარლამენტარების შეიარაღებული დაცვის წევრებსაც. ამიერიდან ისინი შენობის შესასვლელში დაელოდებიან ვიპ-პერსონებს.
კოლეგათა პროტესტების მიუხედავად, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე შეუვალი გახლდათ:
[ნინო ბურჯანაძის ხმა] " მსოფლიოში არავის მოუვა აზრად პარლამენტის დარბაზში იჯდეს ჯიბეში იარაღით. სად ნახავთ თქვენ, რომ პრეზიდენტთან დარბაზში ან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იარაღით და ავტომატებით იყვნენ....არ არსებობს ასეთი რამ მსოფლიოში."
შეგახსენებთ: პარლამენტში დეპუტატების იარაღით შესვლის პრობლემამ აქტუალურობა შეიძინა 11 თებერვლის პლენარულ სხდომაზე, როცა სხდომათა დარბაზში გამართული მორიგი მუშტი-კრივისას ჩხუბში მონაწილე არცთუ რიგითი პარლამენტარების დაცვის წევრებმა სხდომათა დარბაზში შეღწევა სცადეს.
პარლამენტარების შეიარაღების პრობლემა, როგორც წესი, პარლამენტში პრეზიდენტის მისვლისას დგება დღის წესრიგში. პრეზიდენტის ბოლო წლიური გამოსვლის დროს პრეზიდენტის დაცვას საკმაო გარჯა მოუხდა იმისათვის, რომ პარლამენტის წევრ ბორის კაკუბავას სხდომათა დარბაზში შესვლის წინ იარაღი დაცვის წარმომადგენლებისთვის დაეტოვებინა.
იმ დაძაბულობიდან გამომდინარე, რაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში საკმაოდ ხშირად იქმნება, პარლამენტის თავმჯდომარის კატეგორიულობა სრულიად საფუძვლიანია. მით უფრო, იმ მძიმე ფაქტის გათვალისწინებით, რომელსაც არცთუ დიდი ხნის წინათ ჰქონდა ადგილი საქართველოს მეზობელ სომხეთში - როგორც გახსოვთ, 1999 წლის 27 ოქტომბერს სომხეთის პარლამენტში შეჭრილმა შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს პარლამენტის სპიკერი კარენ დემირჩიანი, პრემიერ-მინისტრი ვაზგენ სარკისიანი და რამდენიმე დეპუტატი. სხვათა შორის, 12 თებერვალს სომხეთის ტრაგედიის თემა საქართველოს პარლამენტშიც გაიხსენეს, ოღონდ, პარლამენტარ ბორის კაკუბავას აზრით, სომხეთის სცენარის განმეორება საქართველოს ხელისუფლებას აქვს ჩაფიქრებული.
XS
SM
MD
LG