Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჭიათურმანგანუმის" თანამშრომელთა გაფიცვა პრეზიდენტ შევარდნაძის ფინანსური მხარდაჭერით შეწყდა


12 თებერვალს ჭიათურაში სპეციალური ვერტმფრენით ჩაფრინდა სამთავრობო ჯგუფი, რომელმაც სააქციო საზოგადოება "ჭიათურმანგანუმის" მუშების სახელფასო დავალიანების დასაფარად 800 000 ლარი ჩაიტანა.

თანხა პრეზიდენტის ფონდიდან საგანგებოდ გამოიყო და, საშუალოდ, 4 თვის დავალიანებას დაფარავს. ფული სამთავრობო ჯგუფმა, სახელმწიფო მინისტრის მოადგილის აკაკი ზოიძის ხელმძღვანელობით, პირადად მიუტანა მაღაროებში მოშიმშილე ქალბატონებს, რომელთა სოლიდარობის მიზნით, საპროტესტო აქცია თითქმის მთელ ქალაქს მოედო. მასობრივი საპროტესტო გამოსვლებით ჭიათურაში სოციალური მღელვარების საშიში პრეცედენტი შეიქმნა. გარკვეულწილად, სწორედ ამ პრეცედენტის აღმოფხვრის მცდელობით აიხსნება პრეზიდენტის კეთილი ნება. საქმე ისაა, რომ "ჭიათურმანგანუმი" სახელფასო მომსახურებას რეალიზებული პროდუქციიდან მიღებული შემოსავლებით ახორციელებს და საბიუჯეტო სახსრებთან არანაირი შეხება არა აქვს.

მართალია, პრეზიდენტის რწმუნებული იმერეთის მხარეში შევარდნაძის ფონდიდან გამოყოფილ ეგრეთ წოდებულ 800 000 ლარის ოდენობის ქველმოქმედებას ქარს გატანებულ სიკეთეს უწოდებს, "ჭიათურმანგანუმის" პრეზიდენტის ფონდთან ურთიერთობის პერსპექტივა ადრევე გამოიკვეთა. ეს იყო, დაახლოებით, ერთი კვირის წინ, ბატონ შევარდნაძის იმერეთში ვიზიტის დროს. პრეზიდენტმა მაშინ ბრძანა, რომ იგი ყველაფერს იღონებდა "ჭიათურმანგანუმის" ასამუშავებლად და საამისოდ საკუთარ ფონდს გამოიყენებდა. თუმცა შემდეგ მოვლენები არაპროგნოზირებულად განვითარდა და პრეზიდენტის ვიზიტის დასრულების მეორე დღესვე "ითხვისის" მაღაროში, "ჭიათურმანგანუმის" ამუშავებისა და გაუცემელი ხელფასების მოთხოვნით, 20-მა ქალბატონმა შიმშილობის აქცია წამოიწყო.
[თემურ შაშიაშვილის ხმა]"ვის სჭირდებოდა 5-ში ამის დაწყება? ეს შეკითხვა ყველასათვისაა. თქვენც და ყველას ვეკითხები, ვინც მოისმენს ამას. 4-ში პრეზიდენტი იმერეთში იყო, 5-ში ჭიათურაში ეს დაიწყო, სამტრედიაში რაღაცა ძალა ჩავიდა, ხონში გარკვეული ძალა ჩავიდა, კაკუბავა ქუთაისში ჩამოვიდა და ასე შემდგომ. და, პრაქტიკულად, სადაც პრეზიდენტი წავიდა, გაჰყვნენ იმას და აიყოლიეს ამაში ჟურნალისტები, სხვებიც და სხვებიც. თუ ასე აშენდება საქართველო, ღმერთმა ქნას, რომ ერთი შაშიაშვილი ცდებოდეს და ყველა იყოს მართალი. მაგრამ მე ვეჭვობ. "
პრეზიდენტის რწმუნებული მიიჩნევს, რომ აქცია დაიგეგმა იმ პირთა მიერ, რომლებიც "ჭიათურმანგანუმის" გაკოტრების ინსპირაციას დედაქალაქიდან მაღალჩინოსანი მფარველების დახმარებით ახორციელებენ. თუმცა, ამის მიუხედავად, არ არის გამორიცხული, საქმე სწორედ იმ სცენარით წარიმართოს, რომელსაც თემურ შაშიაშვილი ლობირებს. 11 თებერვალს, "ჭიათურმანგანუმში" შექმნილი საგანგებო ვითარების გათვალისწინებით, გამოვიდა პრეზიდენტის განკარგულება, რომლის თანახმადაც, სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს, დირექტორატისა და რეაბილიტაციის სამმართველოს ახალი კადრებით დაკომპლექტება უნდა მოხდეს.ამ განკარგულებით, "ჭიათურმანგანუმის" დირექტორი იანდი შეყილაძე თანამდებობიდან გათავისუფლების პრეტენდენტი ხელმძღვანელი პირების 25 კაციან სიაშია.
[იანდი შეყილაძის ხმა]"სამხილებთან დაკავშირებით ვერ ვილაპარაკებ. მუშაობს ამ წუთშიც საგადასახადო ინსპექცია, მუშაობს კონტროლის პალატა. ახლა ჩამოვა უშიშროების ჯგუფი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯგუფი. შეისწავლიან ყველა მასალას და, რა თქმა უნდა, თუ ვინმემ რამე დააშავა, აუცილებლად დაისჯებიან."
"ჭიათურმანგანუმის" მუშა-მოსამსახურეთა თვიური ანაზღაურება, საშუალოდ, 120 ლარს შეადგენს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სახელფასო მომსახურებას სააქციო საზოგადოება პროდუქციის რეალიზებიდან მიღებული შემოსავლებით ახდენს. წელს, სააქციო საზოგადოების დირექტორის იანდი შეყილაძის თქმით, გეგმიური 140 000 ტონა მაგნიუმის კონცენტრატის ნაცვლად, 68 000 ტონა დამზადდა. გარკვეულწილად, კრიმინალისა და ბიზნეს-ინტერესების მეტოქეობის გარდა, ალბათ, ესეც გახდა სახელფასო დავალიანების მიზეზი. დავალიანება კი გაცილებით მეტია, ვიდრე ეს პრეზიდენტის ეგრეთ წოდებულ კეთილ ნებაში გამოიხატა.
XS
SM
MD
LG