Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასულ წელს საბანკო სისტემის აქტივებმა მილიარდს გადააჭარბა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასული წლის ბოლოს საქართველოს საბანკო სისტემის აქტივებმა პირველად გადააბიჯა მილიარდიან ზღვარს და მილიარდ 116 მლნ. ლარი შეადგინა. ეკონომიკური კრიზისის ფონზე საფინანსო სექტორი,

მართლაც, ყველაზე განვითარებულ სეგმენტად შეიძლება მივიჩნიოთ. რით იყო გამოწვეული გასულ წელს საბანკო აქტივების მკვეთრი ზრდა?

2002 წელს საბანკო სისტემის მთლიანი აქტივები 236 მლნ ლარით, ანუ 27%-ით, გაიზარდა. ამით, პირველად საქართველოს ისტორიაში, მთლიანმა აქტივებმა მილიარდ ლარს გადააჭარბა და 1 116 მლნ ლარი შეადგინა.

აქედან, 629 მლნ ლარს შეადგენს საკრედიტო დაბანდება, რომელმაც, გასული წლის დასაწყისთან შედარებით, 29%-ით მოიმატა.
გასულ წელს ზრდის ტემპი დაფიქსირდა, აგრეთვე, ბანკებში აკუმულირებულ სახსრებზე. კერძოდ, საბანკო სისტემაში არსებული ვალდებულებები გაიზარდა 31%-ით და შეადგინა 799 მლნ ლარი. ბანკების მიერ მოზიდულმა დეპოზიტებმა და, მათ შორის, ანაბრებმა, წლის დასაწყისთან შედარებით, განიცადეს ზრდა, შესაბამისად, 36% და 56%-ით და, თანხობრივად, 575 და 265 მლნ ლარი შეადგინეს. დეპოზიტების ზრდა, თავის მხრივ, საბანკო სისტემისადმი მოსახლეობის ნდობის აღდგენის, მართალია, მცირე, მაგრამ მაინც მზარდი ტემპების მომასწავებელია. ბანკების ვალდებულებების სტრუქტურაში დეპოზიტები შეადგენს 72%-ს.
კომერციული ბანკების სააქციო კაპიტალი გასული წლის თორმეტი თვის განმავლობაში გაზრდილია 18%-ით და შეადგენს 316 მლნ ლარს, რის ძირითად მიზეზსაც გაუნაწილებელი მოგების ზრდა წარმოადგენს. მოგება ამ ხნის განმავლობაში 50 მლნ ლარით გაიზარდა და შეადგინა 61 მლნ ლარი.

საქართველოს საბანკო სისტემის წმინდა მოგებამ 2002 წელს შეადგინა 43.3 მლნ ლარი. წმინდა მოგების ზრდა, ძირითადად, განპირობებულია წმინდა საპროცენტო შემოსავლების მატებით, საპროცენტო შემოსავლების ზრდა კი, ძირითადად, გამოწვეულია საკრედიტო პორტფელის მოცულობის 29%-იანი ზრდით. საკრედიტო პორტფელი საბანკო სისტემისათვის ძირითადი საპროცენტო შემოსავლების მომტანი აქტივია.

მთლიანობაში, საბანკო სისტემის ანალიზის შედეგად, შეიძლება ითქვას, რომ სისტემისთვის დამახასიათებელია ზრდის ტენდენცია. ამასთან, სისტემაში არსებული აქტივების 78%, ვალდებულებების 84% და დეპოზიტების 84% კონცენტრირებულია 7 უმსხვილეს ბანკში. ამდენად, ამ ბანკების ფინანსური სიჯანსაღე განსაზღვრავს, ძირითადად, საბანკო სისტემის სტაბილურობის ხარისხს.
ამასთან, სისტემისათვის დამახასიათებელია გამსხვილების და რაოდენობის შემცირების ტენდენცია. 2002 წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების რაოდენობა ორი ერთეულით შემცირდა (სს „თბილკრედიტბანკი" და სს „საკონტინენტთაშორისო კომერციული ბანკი ლიბერტი") და ამჟამად წარმოდგენილია 27 საბანკო დაწესებულებით, რომელთაგან ორი უცხოური - აზერბაიჯანისა და თურქეთის - ბანკების ფილიალებია.
XS
SM
MD
LG