Accessibility links

logo-print

ვისი ხმაა ტელეკომპანია ''ალ-ჯაზირას'' მიერ გადაცემულ აუდიოჩანაწერზე?


ანდრო ეული, პრაღა კატარის არაბულენოვანმა ტელეკომპანია "ალ-ჯაზირამ" სამშაბათს ეთერში გადასცა აუდიოჩანაწერი, რომელზეც, როგორც ვარაუდობენ, საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის,

"ალ-ყაიდის" ლიდერის ოსამა ბინ ლადენის ხმაა ჩაწერილი. ბინ ლადენი (თუ ხმა მართლაც მას ეკუთვნის) მუსლიმანურ ქვეყნებს მოუწოდებს, ერაყი დაიცვან შეერთებული შტატების მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმისაგან. თუმცა, მოწოდებაში გამოთქმულია კრიტიკა ერაყის პრეზიდენტის სადამ ჰუსეინის მიმართაც, რაც, თავის მხრივ, ეჭვქვეშ აყენებს ვაშინგტონის მტკიცებას "ალ-ყაიდასა" და ერაყს შორის არსებული კავშირების შესახებ.

აუდიოჩანაწერში, რომელიც ტელეკომპანია "ალ-ჯაზირამ" გადასცა, არაბი მამაკაცი ამბობს, რომ ერაყთან მოსალოდნელი ომი იმისკენაა გამიზნული, რათა ერაყის ნავთობსაბადოებს შეერთებული შტატები დაეპატრონოს, ხოლო ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ისრაელი გაბატონდეს.

როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ, ჩანაწერი კარგი ხარისხისაა, და ხმაც ბინ ლადენისა უნდა იყოს, თუმცა სპეციალისტებს კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდებათ საბოლოო დასკვნის გამოსატანად.

მაგრამ ბინ ლადენი, თუ ფირზე ჩაწერილი ხმა მართლაც მისია, არ გამოუთქვამს მხარდაჭერას ერაყის პრეზიდენტს სადამ ჰუსეინსა თუ მის სეკულარულ მთავრობას, რომელსაც "სოციალისტურსა" და "ურწმუნოებით" დაკომპლექტებულს უწოდებს და თან დასძენს, რომ მუსლიმანებმა ერაყელი ხალხი უნდა დაიცვან [აუდიოჩანაწერი არაბულ ენაზე]: "ბრძოლა უნდა წარიმართოს მხოლოდ ღმერთის, და არა ეროვნული იდეოლოგიების სახელით და არც იმ ეგოისტი მთავრობების გასამარჯვებლად, ერაყის ჩათვლით, ყველა არაბულ სახელმწიფოში რომ მბრძანებლობენ."

მართალია, აუდიოჩანაწერში ბინ ლადენად მიჩნეული არაბი ერაყის მთავრობას ემიჯნება, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს კოლინ პაუელს მიაჩნია, რომ ხსენებული განცხადება უნებლიეთ მიანიშნებს იმაზე, რომ "ალ-ყაიდა" ახლო კავშირშია ერაყთან. აქედან გამომდინარე, კოლინ პაუელი გაუმართლებლად მიიჩნევს საფრანგეთისა და გერმანიის წინადადებას, რომ ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის ძიება სამხედრო ინსპექციების გაფართოებითა და გამკაცრებით გაგრძელდეს.

გასულ კვირაში, თეთრი სახლის ადმინისტრაციამ სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ტერორისტულ თავდასხმათა რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

სამშაბათს, სენატის დაზვერვის კომიტეტში გამოსვლისას, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა ჯორჯ ტენეტმა განაცხადა, რომ "ალ-ყაიდა", თავად შეერთებულ შტატებსა და არაბეთის ნახევარკუნძულზე, ამერიკის ობიექტებზე აპირებს თავდასხმას. ტენეტმა დასძინა, რომ "ალ-ყაიდას" თავისი წარმომადგენლობები აქვს ერაყსა და ირანში, ხოლო მისი მებრძოლები პაკისტანისა და ავღანეთის მაღალმთიანეთში ნახულობენ თავშესაფარს. ოფიციალური ბაღდადი უარყოფს ყოველგვარ კავშირს "ალ-ყაიდასთან".

ჯერჯერობით გაურკვეველია, რა ზეგავლენას იქონიებს ტელეკომპანია "ალ-ჯაზირას" მიერ გადაცემული აუდიოჩანაწერი პრეზიდენტ ბუშის გადაწყვეტილებაზე, ერაყის განსაიარაღებლად, თუ საჭირო გახდა, სამხედრო ძალაც გამოიყენოს.

ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში, მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორმა რეიმონდ ტანტერმა, რომელიც ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი იყო ყოფილი პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის ადმინისტრაციაში, განაცხადა, რომ ხსენებული აუდიოჩანაწერი სასიკეთო და, იმავდროულად, საზიანოც შეიძლება აღმოჩნდეს თეთრი სახლისთვის.

როგორც პროფესორი ტანტერი აღნიშნავს, როცა ბინ ლადენად მიჩნეული არაბი ამბობს, რომ ერაყელი ხალხის დაცვა აქვს განზრახული, ეს, თეთრი სახლის ადმინისტრაციის წისქვილზე ასხავს წყალს. ხოლო როცა იგივე პირი სადამ ჰუსეინს აკრიტიკებს, ეს უკვე, ერთობ უხერხულ მდგომარეობაში აყენებს აშშ-ის პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს.
XS
SM
MD
LG