Accessibility links

logo-print

ნატოში წარმოშობილი უთანხმოება უხერხულ მდგომარეობაში აყენებს ანკარას


მიმდინარე კვირის მანძილზე ნატომ უკვე მესამედ ვერ მოახერხა, მოეგვარებინა ალიანსის წევრებს შორის არსებული უთანხმოება თურქეთის დასახმარებლად სამხედრო მზადების დაწყების საკითხში.

საფრანგეთმა, ბელგიამ და გერმანიამ საშუალება არ მისცეს დანარჩენ მოკავშირეებს, განეხილათ ერაყთან ომის დაწყების შემთხვევაში ანკარისთვის სამხედრო დახმარების პროგრამა. სამივე ამ ქვეყნის აზრით, ჩრდილოატლანტიკური კავშირის სამხედრო სამზადისი შექმნიდა მცდარ შთაბეჭდილებას, თითქოს ომი გარდაუვალია.

თურქეთის გარშემო წარმოშობილი უთანხმოება თვით ამ ქვეყანას უხერხულ მდგომარეობაში აყენებს. ერთი მხრივ, ანკარა მოითხოვს, - ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მეოთხე მუხლის შესაბამისად - დაუყოვნებლივ გაიმართოს კონსულტაციები. მეოთხე მუხლის ამოქმედების განაცხადით, რომელიც ნატოს არსებობის 54-წლიან ისტორიაში მანამდე არავის გაეკეთებინა, მოკავშირებს ალიანსის ის წევრი მიმართავს, ვისაც თავდასხმა ემუქრება.

მეორე მხრივ, თურქეთი ევროკავშირში გაწევრიანებას ესწრაფის და, შესაბამისად, სულაც არ აძლევს ხელს ურთიერთობის გამწვავება გერმანიასთან და საფრანგეთთან ან, თუნდაც, ბელგიასთან.

მოითხოვა რა ზემოხსენებული მეოთხე მუხლის ამოქმედება, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აბდულა გიულმა სამშაბათს ხაზგასმით აღნიშნა ის როლი, რომელიც მისმა ქვეყანამ ცივი ომის დროს შეასრულა.

[აბდულა გიულის ხმა] "ცივი ომის დროს თურქეთი მთელ ევროპას იცავდა, ევროპისთვის ერთგვარი ფარის ფუნქციას ასრულებდა. ამიტომ ეჭვგარეშეა, რომ თავისი მოვალეობა ახლა ნატომ უნდა შეასრულოს. თურქეთის შეიარაღებული ძალები მეტად ძლიერია და მას ნატოს დახმარება იქნებ არც სჭირდებოდეს. მაგრამ ისიც უდავოა, რომ ნატოს გარკვეული პასუხისმგებლობა აკისრია, გამომდინარე სხვადასხვა ხელშეკრულებებით ჩვენთვის მონიჭებული უფლებებიდან."

ამავე დროს, თურქეთის ლიდერები თავიანთ გამოსვლებში ცდილობენ, მოკავშირეებს შორის გაჩენილი უთანხმოება სიტყვიერად მაინც შეარბილონ. ისინი დაუღალავად იმეორებენ, რომ ეჭვი არ ეპარებათ საფრანგეთის, გერმანიისა და ბელგიის კეთილ ზრახვებში და არც იმაში, რომ - თუ თურქეთი მართლაც გასაჭირში აღმოჩნდა, - ეს ქვეყნები ანკარას დახმარებას არ დაამადლებენ. სწორედ ეს აზრი შეიძლება ამოვიკითხოთ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იაშარ იაკიშის განცხადებიდან:

[იაშარ იაკიშის ხმა] "ჩემი აზრით, ეს პრობლემები მოგვარდება, რადგან საკითხის არსის გარშემო არავითარი უთანხმოება არ არსებობს. ზოგ ქვეყანას, უბრალოდ, განსხვავებული მოსაზრება აქვს იმის შესახებ, თუ როდის უნდა გაეწიოს დახმარება თურქეთს. როგორც კი მათ დავამშვიდებთ, ვფიქრობ, ეს ქვეყნებიც მხარს დაუჭერენ პოზიციას, რომელზეც დგანან თურქეთი, შეერთებული შტატები და, გარკვეულწილად, ბრიტანეთიც."

მინისტრის ამ მოსაზრებას თურქეთში ყველა როდი იზიარებს. ამის საილუსტრაციოდ გამოდგება თუნდაც ანკარის ინგლისურენოვან გაზეთ "ტერკიშ დეილი ნიუსში" გამოქვეყნებული კომენტარი, რომლის ავტორი ბურაქ ბექდილი საკმაოდ მკვახედ აღნიშნავს: "დადგა დრო, ვიღაცამ დაუფარავად აღიაროს: ნატო საჭირო აღარ არის, რადგან მან დაკარგა ჭეშმარიტი კავშირის სახე. არავინ გადაიხდის ფულს ცეცხლსაქრობში, რომელიც სწორედ მაშინ გიმტყუნებს, როცა მისი გამოყენება დაგჭირდება."

აქვე გეტყვით, რომ სწორედ თურქეთის გარშემო ნატოში წარმოშობილმა დავამ აიძულა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იაშარ იაკიში, უარი ეთქვა საქართველოში ჩასვლაზე. იაკიშის ვიზიტი 11-12 თებერვლისთვის იყო დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG