Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარჩევნო კანონმდებლობა და პოლიტიკური ძალები


ერთი მთავარი საკითხი, რაც საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ დროში აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს - საარჩევნო კანონმდებლობის მოწესრიგებაა.

შეუსაბამობას ის ქმნის, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის ოპოზიცია უფრო ძლიერია, ვიდრე სახელისუფლებო პარტია; სამაგიეროდ, მოქალაქეთა კავშირი აკონტროლებს საპარლამენტო უმრავლესობას, რომელმაც საარჩევნო კოდექსი უნდა მიიღოს. გამოდის, პარლამენტში ხელისუფლებაა ძლიერი, ქუჩაში კი - ოპოზიცია.

მინდა გესაუბროთ პოლიტიკური ძალების რთულ დამოკიდებულებაზე საარჩევნო კანონმდებლობის მიმართ.

ბოლო ორი საპარლამენტო არჩევნების განმავლობაში - 1995 და 1999 წლებში - ზოგადი პოლიტიკური სქემა არ შეცვლილა: პარლამენტშიც და პარლამენტის გარეთაც ყველა ბერკეტს ერთპიროვნულად ფლობდა სახელისუფლო პარტია. ეს მას საშუალებას აძლევდა, შედარებით უმტკივნეულოდ მოერგო კანონმდებლობა საკუთარი ინტერესებისათვის. ამის საუკეთესო დასტური იყო საარჩევნო ბარიერის მუდმივი ცვლა. ოპოზიცია ყოველთვის აკრიტიკებდა საარჩევნო კანონმდებლობას და მასში შეტანილ ცვლილებებს, მაგრამ მოქალაქეთა კავშირს პარტიების კრიტიკა რაიმე სერიოზულ პრობლემას ვერ უქმნიდა.

მომავალი არჩევნებისთვის ვითარება არსებითად არის შეცვლილი. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა წარმოაჩინა საზოგადოების პოლიტიკური განწყობა, რომელიც მთლიანად პროტესტულია და რომელიც, ამის გამო, საშიში და მიუღებელია ხელისუფლებისთვის. ხალხის მხარდაჭერის იმედად მოქალაქეთა კავშირი არჩევნებზე ვერ წავა. ამიტომ ხელისუფლება შეეცდება, რაც შეიძლება სრულად გამოიყენოს ის ბერკეტები, რომლებიც მას უპირატესობას ანიჭებს სხვა პოლიტიკური ძალების წინაშე. ასეთ ბერკეტებს შორის კი უპირველესია საპარალამენტო უმრავლესობის მეშვეობით სასურველი ცვლილებების შეტანა საარჩევნო კანონმდებლობაში.

ეს პროცესი დაწყებულია და, შესაბამისად, პოლიტიკური პარტიები შეშფოთებას გამოთქვამენ ხელისუფლების მოძალადე პოზიციის გამო. კარგა ხანია, ვრცელდება ხმები, რომ სახელმწიფო კანცელარიაში "დრაკონული ცვლილებები" მზადდება.

იმისათვის, რომ მოქალაქეთა კავშირმა მიიღოს მისთვის სასურველი კოდექსი და თან მიიღოს არა დაპირისპირების ფონზე, არამედ - ილუზორული საზოგადოებრივი კონსენსუსის პირობებში, პრეზიდენტმა სპეციალური ქვეკომისიაც კი შექმნა. მაგრამ, ახალი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, შეთანხმება გამორიცხულია: ხელისუფლებას მეტისმეტად უჭირს და ოპოზიციისთვის არაფრის დათმობის საშუალება აღარ გააჩნია.

ეს კარგად გამოჩნდა საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით. იმ ვარიანტის მიხედვით, რომლის გატანასაც საპარლამენტო უმრავლესობა შეეცდება, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თავისი წარმომადგენელი უნდა ჰყავდეთ მხოლოდ იმ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებმაც წინა არჩევნებში ბარიერი გადალახეს: მოქალაქეთა კავშირს, ბლოკს "საქართველოს აღორძინება" და პარტიას "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს". თუ ეს წესი დამტკიცდება, ოპოზიციის ის ნაწილი, რომელსაც ადგილობრივ არჩევნებში მოსახლეობამ ყველაზე მეტი ნდობა გამოუცხადა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლების გარეშე რჩება. ეს ძალიან საშიში ვითარებაა, რადგან ხალხის მხარდაჭერა არანაკლებ დიდი ძალაა, ვიდრე 118 პულტი პარლამენტში. ამიტომ ოპოზიცია შეეცდება, ამ 118 პულტს თავისი ძალა დაუპირისპიროს , რაც საპროტესტო მოძრაობის გაძლიერებას ნიშნავს.

მეორე საკითხი, რომელიც, სავარაუდოდ, გამოიწვევს მოქალაქეთა კავშირისა და ოპოზიციური ბანაკის დაპირისპირებას, საარჩევნო ბარიერი იქნება. ჯერ ამ თემაზე საუბარიც არ დაწყებულა, მაგრამ მოსალოდნელია, რომ სახელისუფლო პარტიებში გაჩნდეს ინიციატივა ბარიერის დაწევის შესახებ. გაერთიანებულ ოპოზიციას და მაღალი რეიტინგის მქონე პარტიებს ხელს აძლევს 7%-იანი ბარიერი, მოქალაქეთა კავშირმა კი - პირიქით, მრავალი ნიშნით, სწორედ ბარიერის დაწევა უნდა მოინდომოს. პოლიტიკური ძალების მთელი ძალისხმევა ერთადერთ მიზანს ემსახურება: მომავალ პარლამენტში უმრავლესობით მოსვლას. ამას კი ხელისუფლება უფრო ადვილად მიაღწევს დაბალი ბარიერის და აჭრილი პოლიტიკური სპექტრის პირობებში, ოპოზიცია კი - მაღალი ბარიერის და ძალთა გაერთიანების შემთხვევაში.

ასე რომ, ნებისმიერი საკითხი - წვრილმანი თუ მსხვილმანი - სახელისუფლო და მასთან დაპირისპირებულ ძალებს შორის პრინციპული დავის საგნად გადაიქცევა; რადგან ის, რაც გამარჯვების მომტანია ერთი ბანაკისთვის, დამღუპველია მეორისთვის და პირიქით. ძალა კი ამჯერად ორივე ბანაკს აქვს.

ამგვარი რეალობა კარგად ხსნის პროცესს, რომელზეც ბოლოხანს ხშირად საუბრობენ: პარტიები შეიარაღებულ ჯგუფებს ქმნიან. ეს კი ნიშნავს კონფლიქტების გადაჭრის მცდელობას ძალის მეშვეობით. მომავალი არჩევნების წინ დაპირისპირებულ პარტიებს შორის შეთანხმება გამორიცხულია; გასული წლებისგან განსხვავებით, ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ დანარჩენების დაჩაგვრაც გამორიცხულია; ამიტომ არ არის გამორიცხული, ჭეშმარიტების მოციქულის ფუნქციით, საქმეში იარაღი ჩაერთოს.
XS
SM
MD
LG