Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა სიკეთე მოაქვს აფხაზეთის პრობლემის ჰააგიზაციას?


თბილისში მოქმედ აფხაზეთის უზენაეს საბჭოს კონფლიქტის მეთერთმეტე წლისთავზე სოხუმის სეპარატისტული ხელისუფლების დასჯისა და ისტორიული სამართლიანობის აღდგენის იმედი გაუჩნდა.

ოთხშაბათს გამართულმა დევნილთა უმაღლესი საბჭოს სესიამ ერთსულოვნად მიიღო დადგენილება, რომელიც ჰააგის ტრიბუნალისთვის ქართველი მოსახლეობის გენოციდის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის გადაცემის პროცედურის დაწყებას ითვალისწინებს. ამას გარდა, დადგენილების ავტორები იმედს არ კარგავენ, რომ გაეროს უშიშროების საბჭო მხარს დაუჭერს მათ მეორე მიმართვასაც და აამოქმედებს წესდების მე-7 თავს, რაც მშვიდობის ე.წ "ძალით დამყარებას" ითვალისწინებს. თუმცა აფხაზეთის დევნილი ხელისუფლება, რომლის ირგვლივაც მეორე დღეა ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ინტრიგა ვითარდება, თავის რიგებში მოღალატეების მომრავლებაზეც საუბრობს.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 1992-93 წლების საომარი მოქმედების დროს აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული მოსახლეობის გენოციდის ფაქტის გამო სისხლის სამართლის საქმე ჯერ კიდევ 1993 წელს აღძრა. რამდენიმე ათეულ ტომად გაერთიანებულ საქმეში არსებობს საკმაო ნივთმტკიცება, რომელიც კონფლიქტის დროს და მის შემდეგაც შვიდი ათასზე მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობას, 20 ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლის, სკოლის, ბაგა-ბაღის, კულტურის ძეგლთა განადგურებას ადასტურებს. მაგრამ, როგორც დევნილობაში მყოფი აფხაზეთის იუსტიციის მინისტრი პაატა დავითაია აცხადებს, პარადოქსია, რომ ამ ბოროტმოქმედებათა გამო დაჭერის სანქცია მხოლოდ ცნობილ ჩეჩენ საველე მეთაურ შამილ ბასაევზე გაიცა.
თუმცა, ცხადია, რატომაც - იმხანად ოფიციალური თბილისისთვის პოლიტიკურად მიზანშეწონილი არ იყო დამნაშავეებად გამოეცხადებინა სეპარატისტთა ლიდერები, რომლებიც მოლაპარაკების პროცესში მხარეს წარმოადგენენ და დე ფაქტო მართავენ უღიარებელ რესპუბლიკას.

მაგრამ მას შემდეგ, რაც სეპარატისტთა ხელმძღვანელობამ უკუაგდო ე.წ ბოდენის დოკუმენტი და არც ლტოლვილთა დაბრუნებას თანხმდება, თბილისში კვლავ გაახსენდათ გენოციდის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეები. და არა უბრალოდ გაახსენდათ, არამედ უშიშროების საბჭოს დონეზე გაჩნდა იდეა, დაწყებულიყო ამ საქმეების ჰააგის სასამართლო ტრიბუნალისთვის გადაცემის პროცედურა. როგორც თბილისში მოქმედი აფახაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილი აცხადებს, ამ იდეას, თავის მხრივ, ბიძგი ჰააგის ტრიბუნალის კომისარმაც მისცა.

[თამაზ ნადარეიშვილის ხმა] "რახან იყო გამოხმაურება თვითონ კომისრის, ჰააგის კომისრის, რომ ის მზად არის მიიღოს საქმე განსახილველად და ამისთვის საკმარისია ქვეყნის ზეპირი განცხადებაც კი, ეს ჩვენ უკვე გვაძლევს საშუალებას, რომ პროცესი დავიწყოთ."

თუმცა იურისტები ამთავითვე იჭერენ თადარიგს და აცხადებენ, რომ საქმე, შესაძლოა, სასამართლომდე ვერ მივიდეს, რადგან, ჯერ ერთი, რომ ეს საკმაოდ მომქანცველი პროცედურაა და, თანაც, რაც ყველაზე მთავარია, რომის დადგენილების შესაბამისად, საერთაშორისო ტრიბუნალი უფლებამოსილია წარმოებაში მიიღოს იმ დანაშაულთა საქმეები, რომლებიც ჩადენილია 2002 წლის 1 ივლისის შემდგომ, ანუ ჰააგის ტრიბუნალის გახსნის შემდეგ. ბუნებრივია, ეს ნიუანსები თბილისში მოქმედმა აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომაც გაითვალისწინა და იქვე მეორე დადგენილება მიიღო, რომელშიც თხოვნით მიმართავს გაეროს უშიშროების საბჭოს, რომ აფხაზეთში, საქართველოში, მიმდინარე სამშვიდობო მოწესრიგების პროცესი შეიცვალოს გაეროს წესდების მე-7 თავით, რაც ითვალისწინებს ქმედებებს "მშვიდობისადმი მუქარის, მშვიდობის დარღვევისა და აგრესიის აქტების მიმართ."

ერთი სიტყვით, ან ტრიბუნალი, ან მშვიდობის ძალით დამყარება, ასეთია აფხაზეთის ლეგიტიმური უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს აზრი, რასაც ენგურს გაღმიდან უკვე მოჰყვა საპასუხო ბრალდებები, ქართული სამხედრო ფორმირებების მიერ ჩადენილი არანაკლებ სასტიკი დანაშაულობების შესახებ.

ჭეშმარიტად, არაფერია მზის ქვეშ ახალი!
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG