Accessibility links

ჩრდილოეთი კორეა სარაკეტო თავდასხმით ემუქრება შეერთებულ შტატებს


ანდრო ეული, პრაღა ოთხშაბათს, 12 თებერვალს, აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ პირველად აღიარა, რომ ჩრდილოეთ კორეას შეუძლია ბირთვული რაკეტებით მიაყენოს დარტყმა შეერთებული შტატების დასავლეთ სანაპიროს.

ამის შესახებ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა ჯორჯ ტენეტმა განაცხადა სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში გამოსვლისას. იმავე დღეს, ორიდ საათით ადრე, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩრდილოეთმა კორეამ ბირთვული ტექნოლოგიების სფეროში ნაკისრი ვალდებულებები, აგრეთვე ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულება დაარღვია.

როცა სენატორი ევან ბაი დაინტერესდა, რამდენად რეალურია იმის შესაძლებლობა, რომ ჩრდილოეთმა კორეამ სარაკეტო დარტყმა მიაყენოს შეერთებული შტატების დასავლეთ სანაპიროს, ჯორჯ ტენეტმა თქვა: "ვფიქრობ, ფხენიანს შესწევს ამის უნარიო".

ესაა პირველი შემთხვევა, როცა შეერთებულმა შტატებმა საჯაროდ აღიარა, რომ ჩრდილოეთ კორეას გააჩნია ამგვარი სარაკეტო პოტენციალი, თუმცა პრესაში კარგა ხნის წინათ დაიწერა, რომ თავისი შორ რადიუსში მოქმედი რაკეტებით ფხენიანს ადვილად შეუძლია დარტყმა მიაყენოს ამერიკის დასავლეთ სანაპიროს.

ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში, რეიმონდ ტანტერმა, რომელიც ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი იყო ყოფილი პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის ადმინისტრაციაში, განაცხადა, რომ თუ მხედველობაში არ მივიღებთ 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიას, დღეს, შეერთებულ შტატებს, ყველაზე დაძაბული პერიოდი დაუდგა, რაც კი მას ახსოვს ბერლინის კედლის აღმართვისა და სამოციანი წლების დასაწყისში მომხდარი კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ [რეიმონდ ტანტერის ხმა]: "ესაა ყველაზე დაძაბული პერიოდი, ჩვენში, იმ მოვლენათა ციკლის შემდეგ, ბერლინის კრიზისით რომ დაიწყო, ხოლო 61თ - 62 წლებში მომხდარი კუბის სარაკეტო კრიზისით - კულმინაციას მიაღწია".

კრიზისი ჩრდილოეთი კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით დაიწყო გასულ ოქტომბერს, როცა ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ფხენიანმა აღიარა ის ფაქტი, რომ გამდიდრებული ურანის მიღების მიზნით ქვეყანაში საიდუმლო პროგრამა ხორციელდება. მას შემდეგ, ჩრდილოეთმა კორეამ გაეროს განიარაღების ექსპერტები გააძევა ქვეყნიდან, ფხენიანი, ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან გამოვიდა, კვლავ აამოქმედა იონბონის ატომური რეაქტორი, რომელსაც ბირთვული შეიარაღებისათვის საჭირო პლუტონიუმის წარმოება შეუძლია, და თან დაიმუქრა, რომ განაახლებს რაკეტების გამოცდას.

ფხენიანი, შეერთებულ შტატებთან პირდაპირ მოლაპარაკებას, აგრეთვე ორ ქვეყანას შორის ხელშეკრულების დადებას მოითხოვს თავდაუსხმელობის შესახებ. ვაშინგტონი უარს ამბობს ამაზე და აცხადებს, რომ არ აპირებს ჩრდილოეთ კორეაზე თავდასხმას.

ამასობაში, წამყვანი პოლიტიკოსები ვაშინგტონში, მათ შორის პრეზიდენტ ბუშის თანაპარტიელი რესპუბლიკელებიც, აცხადებენ, რომ ჯორჯ ბუშის მთელი ყურადღება ერაყისკენაა დღეს მიპყრობილი, მაშინ როცა რეალურ საფრთხეს აშშ-ს, ჩრდილოეთი კორეა უქმნის და არა ერაყი.

ოთხშაბათს ვენაში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველმა საბჭომ, საგანგებო სხდომაზე მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ ჩრდილოეთმა კორეამ მსოფლიო მასშტაბით დაარღვია ბირთვული უსაფრთხოება, ხოლო ამგვარ ფორმულირებას, როგორც წესი, ამ საკითხის განხილვა უნდა მოჰყვეს გაეროს უშიშროების საბჭოში, და სავსებითაა მოსალოდნელი, რომ ამ უკანასკნელმა ეკონომიკური სანქციები მიიღოს ფხენიანის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG