Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში მოქმედი ქრისტიანული ეკლესიები ერაყის წინააღმდეგ მოსალოდნელი საომარი მოქმედებების შესახებ


ერაყის წინააღმდეგ მოსალოდნელმა ომმა კაცობრიობა ორად გაყო - თითქმის გარდაუვალ სამხედრო დაპირისპირებას წინ სადამ ჰუსეინის დასჯის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის დაპირისპირება უძღვის.

ამ გლობალურ პროცესს საქართველო, თითქოსდა, გარეშე დამკვირვებელივით უყურებს. ყოველ შემთხვევაში, ის, რომ ედუარდ შევარდნაძემ ზედიზედ ორჯერ გამოხატა ღია მხარდაჭერა ერაყის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციისადმი, სერიოზული ვნებათაღელვის საბაბი არ გამხდარა. ომისა და მშვიდობის თემას, რაც დასავლეთში ასე აღელვებთ, ქართული საზოგადოება ორად არ გაუყვია. არადა, რეგიონი, სადაც ახალი სამხედრო კონფლიქტი შეიძლება გაიშალოს, საქართველოსთან საკმაოდ ახლოსაა. ალბათ, საინტერესო უნდა იყოს, როგორ უყურებენ ერაყის გამო დაძაბულობას და ამ პრობლემასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოხატულ პოზიციას საქართველოში მოქმედი ქრისტიანული ეკლესიების წარმომადგენლები.


ოფიციალური თბილისი არც უარყოფს და არც ადასტურებს პენტაგონის სარწმუნო წყაროზე დაყრდონით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეხვედრის დროს განხილულ იქნა წინადადება ერაყის წინააღმდეგ ვაზიანის სამხედრო ბაზის გამოყენების თაობაზე და საქართველოს მხარემ ამ წინადადების სისრულეში მოყვანის მზადყოფნაც გამოხატა. ასე იყო თუ ისე, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ხუთშაბათს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ერაყის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში მზადაა დახმარება აღმოუჩინოს ამერიკის შეერთებულ შტატებს და, შესაბამისი ბრძანების მიღებისთანავე, დაუთმოს მას ვაზიანის ბაზა. ბაზას, რომელიც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების განმარტებით, შედარებით კარგ მდგომარეობაშია, მძლავრი შესაძლებლობები აქვს და მძიმე თვითმფრინავების მიღებაც შეუძლია. მსგავსი შინაარსის განცხადებები ბოლო დროს ინტენსიურად კეთდება. მათზე საზოგადოების რეაქცია კი არცთუ მძაფრია. საქართველოში ჩატარებული ერთ-ერთი გამოკითხვით, საზოგადოების დიდი ნაწილი ერაყის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციის მხარდამჭერია. ვინაიდან, სხვადასხვა მიზეზების გამო, საქართველოს საზოგადოება საერთაშორისო პრობლემებისადმი პასიურია ( მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს პრობლემა მისი პრობლემაც), ერაყის წინააღმდეგ შესაძლო ძალისმიერი ოპერაციისადმი საქართველოს ხელისუფლების ცნობილი დამოკიდებულება აქ სერიოზული დებატების საგანი ჯერ არ გამხდარა. რა უცნაურადაც არ უნდა გვეჩვენოს, საზოგადოება არც იმის გარკვევას ცდილობს, რამდენად და როგორ იქნება დაცული მისი უსაფრთხოება, თუ ერაყზე დარტყმისთვის საქართველოს ტერიტორია გამოიყენეს. ამ მხრივ, აქტიურობა გამოიჩინა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ და მოუწოდა ყველას, ვისაც ხელეწიფება გავლენა იქონიოს ერაყთან დაკავშირებულ მოვლენებზე, კეთილგონიერებას მოუხმოს ომის საშიშროების თავიდან ასაცილებლად. საქართველოს საპატრიარქომ გააფრთხილა ყველა - და "ყველაში" ხელისუფლებაც უნდა ვიგულისხმოთ - მეტი სიფრთხილით მოეკიდონ პრობლემას, რომლის ძალისმიერი გზით გადაჭრის მცდელობამაც შეიძლება გაუთვალისწინებული ჯაჭვური რექციები გამოიწვიოს. ეს პოზიცია ჩვენთან საუბრისას საპატრიაქროს პრესსამსახურის თანამშრომელმა ზურაბ ცხოვრებაძემ განმარტა:

[ზურაბ ცხოვრებაძის ხმა] " უფალი მოვიდა მშვიდობის მოფენად და, ბუნებრივია, ეკლესია, რომელიც არის სხეული ქრისტესი, უნდა იყოს მშვიდობოს მებაირახტრე. გარდა ამისა, საპატრიარქომ გაითვალისწინა ჩვენი ისტორიული გამოცდილება, საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა. ჩვენ ვართ გზაჯვარედინზე - ცივილიზაციების, კულტურების, რელიგიებისა. ჩვენ ვართ საზღვარზე ქრისტიანობის და გვესაზღვრება დიდი არაქრისტიანული რეგიონი. ამდენად, ბუნებრივია, ახალგაზრდა, სუსტი სახელმწიფო ასეთ საკითხებში განსაკუთრებულ სიფრთხილეს უნდა იჩენდეს. "

ერაყის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების წინ ცნობილია ვატიკანის სამშვიდობო ინიციატივაც. ამდენად, საქართველოში მოქმედმა კათოლიკურმა ეკლესიამ სპეციალური სამშვიდობო მიმართვის გავრცელება საჭიროდ არ ჩათვალა.

[ჯუზეპე პაზოტოს ხმა] "რომის კათოლიკური ეკლესიის პოზიცია ცნობილია. ამიტომ ამასთან დაკავშირებით რაიმე ახალი განცხადების გაკეთება საჭიროდ არ მიმაჩნია."

ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო აღნიშნავს, რომ ერაყში სამშვიდობო მისიით რომის პაპის ემისარი ჩავიდა, რომ რომის კათოლიკური ეკლესიის პოზიცია დღესავით ნათელია და რომ დღეს მთელი მსოფლიო იმის გარკვევაშია, ვისკენ უნდა ვიყოთ - რომის პაპისკენ თუ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისკენ.

[ჯუზეპე პაზოტოს ხმა] "დღეს ყველა ლაპარაკობს პაპზე თუ ბუშზე."


მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიებისგან განსხვავებულ დამოკიდებულებას გამოხატავს საქართველოს ბაბტისტური ეკლესია. მიუხედავად იმისა, რომ, ერაყში მოსალოდნელ სამხედრო ოპერაციასთან დამოკიდებულების თვალსაზრისით, შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ბაბტისტური ეკლესიები ორად გაიყო, - სამხედრო ოპერაციის მხარდამჭერებად და, პირიქით, სამშვიდობო პოლიტიკის მხარდამჭერებად, -საქართველოს ბაბტისტური ეკლესია ერთიან პოზიციას გამოხატავს.

[მალხაზ სონღულაშვილის ხმა]" ძალადობაზე ძალადობით პასუხის გაცემა არ არის გამოსავალი, მაგრამ ტერორიზმს რომ ბოლო უნდა მოეღოს, ამასთან დაკავშირებით მკაფიო დამოკიდებულება გაგვაჩნია. ამდენად, ჩვენი სახელმწიფოს გადაწყვეტილებას, რომ მოხდეს ტერორიზმთან დაპირისპირება, ჩვენც ვუჭერთ მხარს."[სტილი დაცულია]

აღნიშნულის მიუხედავად, მალხაზ სონღულაშვილმა არ იცის, ამოწურულია თუ არა ყველა გზა პრობლემის მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად, და ფიქრობს, რომ ძალა სამშვიდობო რესურსების ამოწურვის შემდეგ უნდა იქნეს გამოყენებული. ასეთია გლობალური პრობლემისადმი საქართველოს ქრისტიანული ეკლესიების დამოკიდებულება. ამ დამოკიდებულებათა შორის გარკვეული განსხვავება თვალსაჩინოა, თუმცა არსებობს ერთი აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ დიდია მოსალოდნელი კონფლიქტის რელიგიურ კონფლიქტად წარმოჩენის ალბათობა და რომ, სინამდვილეში, შესაძლო ომს სხვა, ღრმა პოლიტიკური მიზეზები ექნება. რელიგიური ნიშნით კონფლიქტი გაცილებით საშიშია. ამიტომ 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლებმა არაერთი შეხვედრა მიუძღვნეს მოთხოვნას, რომ რელიგიებს შორის განსხვავება მათ შორის კონფლიქტის საბაბად არ იქცეს. საქართველოს საპატრიარქოშიც უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ იმას, თუ რას გააკეთებენ სხვადასხვა კონფესიები საიმისოდ, რომ მოსალოდნელ ომში გამოყენებული არ იქნეს რელიგიური ფაქტორები.
XS
SM
MD
LG