Accessibility links

სამოქალაქო დაპირისპირების მოლოდინში


დავით პაიჭაძე, თბილისი პოლიტიკოსთა შორის ურთიერთობის მზარდი გამწვავება, აშკარა, შენიღბული თუ შეკავებული ძალადობის ფაქტები პოლიტიკურ ცხოვრებაში არაერთ ფიგურას საფუძველს აძლევს,

ილაპარაკოს საქართველოში მოსალოდნელ სამოქალაქო დაპირისპირებაზე. ასეთი შინაარსის მორიგი განცხადება ბოლოს დეპუტატმა ნიკო ლეკიშვილმა გააკეთა, რომლის აზრით, ქვეყანა ჩიხშია და დიდია საფრთხე, რომ პროცესები ისე განვითარდეს, როგორც ამ 11-12 წლის წინ. აქვს თუ არა ნიადაგი ამგვარ მოლოდინს, რამდენად ემუქრება საზოგადოებას და სახელმწიფოს ახალი სამოქალაქო დაპირისპირება, თუ გნებავთ, სამოქალაქო ომი?

ეტყობა, სამოქალაქო დაპირისპირებისა და სამოქალაქო ომის ცნებები ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ. სამოქალაქო ომი, როცა კონფრონტაცია ხელისუფლების შიგნით სცილდება სახელისუფლებო ფარგლებს, იქცევა შეიარაღებულ კონფლიქტად და სულ უფრო მეტ მოქალაქეს ითრევს, ალბათ, ნაკლებად მოსალოდნელია. თუ გამსახურდიას ხელისუფლების დროინდელ რეალიებს გავიხსენებთ, მაშინ საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის არ არსებობდა მედიაციური ინსტიტუტები, პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვას არავინ ცდილობდა და ის უშუალოდ გადმოდიოდა მოსახლეობაზე. შეიძლება, ეს აზრი სადავო იყოს, მაგრამ, რაგინდ ანტიპათიასაც უნდა იწვევდეს პოლიტიკოსთა და მოხელეთა საჯარო გამოსვლები სხვადასხვა ტელევიზიათა ღამის ეთერში, ისინი, სწორედ ამ ანტიპათიის ძალით, აუცხოებენ მოქალაქეებს პოლიტიკისაგან, ანელებენ მათ ინტერესს და, ამდენად, შანსსაც, მშვიდობიანი მოსახლე ჩათრეული აღმოჩნდეს პოლიტიკურ კონფლიქტში. სხვა საქმეა სამოქალაქო დაპირისპირება, რომელიც, შესაძლოა, ომში არ გადაიზარდოს და ცალკეული პოლიტიკური ძალების შეზღუდული რაოდენობის მომხრეთა შეტაკებების დონეზე წარიმართოს.ერთიც, საფიქრებელია, რომ 90-ანი წლები არავის დავიწყებია და სამოქალაქო ომის შესაძლებლობა ჩვენში მინიმალურია მოქალაქეთა გამოცდილებისა და მის მიმართ იმუნიტეტის გამო.
თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრის დირექტორი, პოლიტოლოგი ივლიანე ხაინდრავა ფიქრობს, რომ შეიარაღებული და მასშტაბური სამოქალაქო დაპირისპირების ალბათობა დიდი არ არის[ხაინდრავას ხმა] "იმიტომ, რომ, გარკვეული თვალსაზრისით, ხელისუფლება პერსონიფიცირებულია; არსებითად, ქვეყანა შეგუებულია, რომ შევარდნაძის ვადის ამოწურვამდე ის არის პრეზიდენტი. ასეთი განცდა არის და შევარდნაძის ყველაზე შეუპოვარი მოწინააღმდეგეებიც არ აპირებენ იარაღის ძალით მის დამხობას, არამედ ელოდებიან 2005 წელს. მაგრამ, რაღა თქმა უნდა, საპარლამენტო არჩევნების მოახლოება დაძაბულობას ჰმატებს ქვეყანას იმიტომ, რომ ყველას ესმის: მომავალი პარლამენტის შემადგენლობა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს საპრეზიდენტო არჩევნების ბედსაც. ეს მუხტი ქმნის გარკვეულ საფრთხეს. არსებობს სხვა ფაქტორებიც: კრიმინალების წამოწევა, ოლიგარქიული და კლანური ინტერესები. ბევრი, საერთოდ, პრეტორიანულ გვარდიას იქმნის, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად ამას თავიდან ავიცილებთ".

სრულიად სხვა მოსაზრება აქვს პოლიტოლოგ რამაზ კლიმიაშვილს: ის ფიქრობს, რომ ხელისუფლება ან არ ჩაატარებს არჩევნებს და ამით გამოიწვევს არეულობას, ან პირიქით - გამოიწვევს მღელვარებას, რათა არ ჩაატაროს არჩევნები. რამაზ კლიმიაშვილის აზრით, არც შევარდნაძეა გარანტირებული, რომ 2005 წლამდე დარჩება ხელისუფლებაში [კლიმიაშვილის ხმა]: "შევარდნაძის პოზიციები არ არის მყარი: გუშინ გაირკვა, რომ იანვრისთვის ევროსაბჭოდან გაგვაგდებენ. ეს იყო შევარდნაძის ერთადერთი მიღწევა, რითაც ძალიან ტრაბახობდა. გადაყლაპავს ასეთ სირცხვილს? მისთვის, მისი პრესტიჟისთვის, რომელიც ძალიან დაბალ დონეზეა, ეს ბოლო დარტყმა იქნება; სათქმელიც აღარაფერი დარჩება. ვიდრე ასეთ სირცხვილამდე მივალთ, ალბათ, გაცლას ამჯობინებს. მისი გაცლის შემდეგ კი, ვინც ახლა ძალაუფლებას ფლობს, მხოლოდ იარაღს მოჰკიდებს ხელს".
XS
SM
MD
LG