Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინანსთა სამინისტრო საქართველოს ეროვნული ლატარიის ფონდის შექმნაზე მუშაობს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საგადასახადო შემოსავლების ზრდის მიზნით, ცოტა ხნის წინ პარლამენტის საგადასახადო შემოსავლების კომიტეტის მიერ წამოყენებულ წინადადებას სათამაშო ბიზნესის სფეროს მოწესრიგების

შესახებ ფინანსთა სამინისტროს ინიციატივა დაემატა. როგორც ჩანს, სახელმწიფო თავად შეეცდება სათამაშო ბიზნესის ერთ-ერთი მსუყე ლუკმის - ლატარიების ორგანიზებას.

ფინანსთა სამინისტროში მიმდინარეობს მუშაობა იურიდიული სამართლის კერძო პირის - ფონდ "საქართველოს ეროვნული ლატარიის" შექმნის შესახებ. აქამდეც სათამაშო ბიზნესის ლიცენზირება და მასზე მეთვალყურეობა ამ საფინანსო უწყების პრეროგატივა იყო, თუმცა ამისათვის არ არსებობდა საგანგებო სტრუქტურა, რომელიც თავად დაიწყებდა ამგვარი ღონისძიებების ჩატარებას.

ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლების ინფორმაციით, ახალი სტრუქტურა იქმნება ქვეყნის პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე. სავარაუდოდ, ფონდი თავად გამოვა ლატარიების ორგანიზატორად, ხოლო, პროექტის თანახმად, ლატარიის რეალიზაციიდან მიღებული სახსრები - საერთო შემოსავლის არანაკლებ 15 პროცენტი - კულტურის, ჯანმრთელობის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდების დასაქმების დარგებში მიზნობრივი დასაქმების დაფინანსებისაკენ წარიმართება.

ცოტა ხნის წინ საგადასახადო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარე დავით სალარიძე ახალი ინიციატივით გამოვიდა და ტრანსპორტისა და სათამაშო ბიზნესში არსებული ფისკალური განუკითხაობის აღმოსაფხვრელად კოლეგებს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიღება შესთავაზა.

სალარიძის პროექტი ითვალისწინებს ლატარიების დაბეგვრის შეცვლას. კერძოდ, შემოთავაზებული იყო ამ ტიპის ბიზნესის ტირაჟის მიხედვით ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრა ან რეალიზებული ბილეთების მიხედვით მოსაკრებლების ამოღება. ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, საშემოსავლო გადასახადით იბეგრება ლატარიის საპრიზო ფონდი, ცვლილებათა პაკეტი ამ 20 პროცენტიანი გადასახადის საერთოდ გაუქმებას ითვალისწინებს.

საგადასახადო შემოსავლების კომიტეტის ექსპერტების გათვლებით, წლის განმავლობაში გამართული 200-მდე ლატარიიდან შემოსავლებმა, ამ ცვლილებების მიღების შემთხვევაში, 20 მილიონი, ხოლო საბიუჯეტო შენატანებმა 6 მილიონი ლარი უნდა შეადგინოს.

ფინანსთა სამინისტროს პროექტის თანახმად კი, ლატარიის ჩატარებას და ფონდის საქმიანობის მართვას განახორციელებს "საქართველოს ეროვნული ლატარიის" სპეციალური ოპერატორი, რომელიც კონკურსის საფუძველზე შეირჩევა. დაგეგმილია შეიქმნას, აგრეთვე, ფონდის სამეთვალყურეო საბჭო, რომელშიც, ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, კულტურის, სპორტის, ხელოვნების წარმომადგენლები და საზოგადო მოღვაწეები შევლენ.

სათამაშო ბიზნესი და, კერძოდ, ლატარიები, ტრადიციულად, მაღალრენტაბელურ საქმიანობას განეკუთვნება. თავის დროზე მხოლოდ სახელმწიფო გათამაშებების ჩატარება იყო ნებადართული, შემდგომ პერიოდში კი დაინერგა, ძირითადად, პრაქტიკა კერძო ლატარიებისა, რომელთა შემოსავლებისა და ობიექტურობის კონტროლი ჩვენი საგადასახადო ადმინისტრირების პირობებში მეტისმეტად რთულია. შესაბამისად, სახელმწიფო-საქველმოქმედო ლატარიების აღდგენა, ერთი შეხედვით, კეთილშობილური იდეაა, თუ, რა თქმა უნდა, ფინანსთა სამინისტრო, ახალი ფონდის სახით, ამ ბაზარზე მონოპოლისტსა და, მავდროულად, მაკონტროლებელ ორგანოს არ შექმნის და ამით კონკურენტული გარემოს შემზღუდავ პროცესებს არ დაუშვებს.
XS
SM
MD
LG