Accessibility links

logo-print

საბჭოთა სამხედრო მრეწველობის სამსახურში მყოფი ფიზიკოსების ბედი დღეს


დასავლეთში შიშობენ, რომ ყოფილი საბჭოთა მეცნიერები,

რომლებიც ადრე საბჭოთა სამხედრო მრეწველობას ემსახურებოდნენ, შეიძლება ახალი მტრის მხარეს აღმოჩნდნენ და თავიანთი ცოდნა გაავრცელონ.

დიდია მასა იმ მეცნიერებისა, რომლებიც, ნებით თუ იძულებით, საბჭოთა კავშირის სამხედრო მრეწველობას ემახურებოდნენ. ამ მეცნიერებს შეუძლიათ დახმარება გაუწიონ ურჩ ძალებს ბირთვული თუ მასობრივი განადგურების სხვა იარაღის შექმნაში. ცნობილია ერთადერთი შემთხვევა, როცა მასობრივი განადგურების იარაღი გამოყენებულ იქნა არა სახელმწიფოს, არამედ კერძო გაერთიანების მიერ. ეს იყო იაპონიის რელიგიური ჯგუფი "აუმ შინრიკიო". მისმა წევრებმა, რომლებსაც რუსეთთან ჰქონდათ მჭიდრო კავშირი, 1995 წლის მარტში ტოკიოს მეტროში გამოიყენეს მომწამვლელი გაზი, რომელმაც 12 ადამიანი მოკლა და 3000 დააშავა. სხვა შემთხვევა, რომ ყოფილ საბჭოთა მეცნიერებს ამგვარი გაერთიანებისთვის დახმარება გაეწიოთ, ცნობილი არ არის, მაგრამ არავინ უწყის, რა მზადდება. დასავლეთის შიში იმაზეც არის დაფუძნებული, რომ ამ მეცნიერებს შეიძლება სულმა წასძლიოთ და, ფინანსური დაინტერესების გამო, დასავლეთისთვის უმართავ ძალასთან თანამშრომლობას დასთანხმდნენ. საბჭოთა მთავრობა ამ მეცნიერებს კარგად უხდიდა, ახლა კი მათი ხელფასები მცირეა.
1995 წელს შეერთებული შტატების კონგრესმა გამოყო თანხა სამოქალაქო კვლევისა და განვითარების ფონდის დასაარსებლად, რომელიც დღემდე 22 მილიონ დოლარს ხარჯავდა წელიწადში ყოფილი საბჭოთა მეცნიერების დასასაქმებლად და შესანარჩუნებლად. ფონდის ხელმძღვანელობა შეწუხებულია იმით, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში, პრეზიდენტ ბუშის მიერ წარდგენილი პროექტის თანახმად, მცირდება ამგვარი სახსრები. აქვე შედარებისთვის გეტყვით, რომ პენტაგონი ამ ოდენობის თანხას ყოველ ნახევარ საათში ხარჯავს.
სანამ ერთ კონკრეტულ შემთხვევას გაგაცნობდეთ, მოუსმინეთ ფონდის გაუვრცელებლობის პროგრამის ხელმძღვანელს სინდი მენტცს, რომელიც ფონდის საქმიანობაზე ლაპარაკობს:
[მენტცის ხმა]
"ჩვენი საქმეა ამ ხალხის სამოქალაქო სფეროში მოღვაწე მეცნიერებთან დაკავშირება, შინ და გარეთ - აშშ-ში. ვზრუნავთ იმისთვის, რომ ისინი სამოქალაქო მეცნიერთა რიგებში გაერიონ. რუსი მეცნიერები საზღვარგარეთ შრომებს ვერ აქვეყნებენ. ახლა ჩვენ ვახერხებთ მათი სტატიების საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებზე გამოტანას, ჟურნალებში გამოქვეყნებას. ისინი საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების წევრები ხდებიან".
მენტცი განაგრძობს ამ მეცნიერების პრაქტიკულ საქმიანობაზე საუბარს: [მენტცის ხმა] "მეცნიერთა ერთი ჯგუფი, ადრე ბიოლოგიური იარაღით დაკავებული, კალიფორნიის ერთ-ერთ კლინიკაში ტუბერკულოზის მედიკამენტზე მუშაობს; სხვა ჯგუფი, უკრაინიდან, უწინ სარაკეტო სფეროში რომ მუშაობდა, ახლა გასტრონომიის სფეროში მაცივრების გაუმჯობესებითაა დაკავებული. ისინი დაბალი ტემპერატურების ფიზიკაში მოღვაწეობდნენ".
არაერთი ქართველი მეცნიერი მუშაობდა რუსეთის საიდუმლო ობიექტებზე. ერთ-ერთია აკადემიკოსი ჯუმბერ ლომინაძე, რომელთან ჩვენი სატელეფონო საუბარი სიმბოლურ დროს დაემთხვა: ქართველი ფიზიკოსი მოსკოვში იმყოფება, ის ცნობილი რუსი ფიზიკოსის ფეოქტისტოვის იუბილეზეა მიწვეული. აი, რა გვიამბო ჯუმბერ ლომინაძემ:
[ლომინაძის ხმა. იხილე აუდიო ვერსია]. ქართველი ფიზიკოსი ფიქრობს, რომ ახლა ბევრი მათგანი ადგილზეა: [ლომინაძის ხმა. იხილე აუდიო ვერსია]. ჯუმბერ ლომინაძე ერთ-ერთი იმათგანია, ვინც, ამერიკელთა ხელშეწყობით, თავისი სამეცნიერო საქმიანობის გაგრძელებას ახერხებს და, შესაბამისად, უცხო ქვეყნის ბირთვულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად არ მიდის. [ლომინაძის ხმა. იხილე აუდიო ვერსია]. ჩვენი რესპონდენტისთვის ცნობილია ის სფეროები, სადაც, ამერიკელებთან ერთად, ყოფილი საბჭოთა ფიზიკოსები არიან დაკავებულები. [ლომინაძის ხმა. იხილე აუდიო ვერსია].
ჯუმბერ ლომინაძე სიამაყით ლაპარაკობს იმ ქართველ მეცნიერებზე, რომლებიც საქართველოს სამსახურში არ არიან, მაგრამ არც ურჩ ქვეყნებს ემსახურებიან. ის ნიუ- იორკში მოღვაწე ფიზიკოსს აქებს. [ლომინაძის ხმა.იხილე აუდიო ვერსია]. ახლა სიტყვას მივცემთ მასობრივი განადგურების იარაღის წლიური ცნობარის გამომცემელს ჯონ ელდრიჯს. მისი თქმით, დასავლეთის უნივერსიტეტები სამეცნიერო ხარისხს ანიჭებენ იმ მეცნიერებს, რომლებიც შემდგომ საეჭვო პროექტებში მონაწილეობენ. ელდრიჯი ამბობს, ამასთან, რომ დასავლეთის სახელმწიფოები - მათ შორის, შეერთებული შტატები -ზურგს უმაგრებენ და ეხმარებიან პოლიტიკურ რეჟიმებს და ოპოზიციურ ძალებს, რომლებიც ბუმერანგივით უკან აბრუნებენ ამ დახმარების პროდუქტს: [ელდრიჯის ხმა]
"ისინი ეხმარებოდნენ რეჟიმებს და არ ფიქრობდნენ იმაზე, თუ რა მოხდებოდა 20 წელიწადში. ასე იყო ოსამა ბინ ლადენთან დაკავშირებით, რომელსაც მხარს უჭერდა აშშ ავღანეთში. ნახეთ ახლა, რა ხდება იქ. ერაყსაც ძლიერ უჭერდნენ მხარს. ის დასავლეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორი იყო, ირანის წინაღმდეგ ბასტიონს წარმოადგენდა".
ელდრიჯის სიტყვებს ადასტურებს "ვაშინგტონ პოსტი". მის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, აშშ-ის ადმინისტრაციის ნებართვით, რონალდ რეიგანისა და უფროსი ჯორჯ ბუშის დროს ერაყს მიეყიდა მასალები, მათ შორის, შხამები, ქიმიური და ბიოლოგიური ვირუსებით, რომელთა გამოყენება სხვადასხვა მიზნით შეიძლებოდა.
ახლა, ერაყის კრიზიის პერიოდში, ჩრდილოეთ კორეასთან გართულებული მდგომარეობის ფონზე, ექსპერტები ფიქრობენ, რომ უდიდესი ყურადღება უნდა მიექცეს გაუვრცელებლობის პროექტებს, სანამ გვიან არ არის.
XS
SM
MD
LG