Accessibility links

logo-print

პოლიტიკური ელიტა და პოლიტიკური პროცესი


ნებისმიერ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის შინაარსს პოლიტიკური ელიტა განსაზღვრავს; თავად პოლიტიკური ელიტა კი ქვეყნის შესაძლებლობების ზუსტი ანარეკლია. შესაბამისად, ის პროცესი,

რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მიმდინარეობს, არც მხოლოდ პრეზიდენტის საქმიანობის ნაყოფია, არც მხოლოდ პოლიტიკური ელიტის ტვირთი და არც მხოლოდ საზოგადოების პასიურობის შედეგი - ეს არის დაძაბუნებული ქვეყნის რეალური სახე.

ქვეყნის პოლიტიკურ ელიტას მიეკუთვნებიან ის ადამიანები, რომლებიც არიან ხელისუფლებაში ან ცდილობენ ხელისუფლებაში მოსვლას. დემოკრატიულ ქვეყნებში მოსახლეობა თავისი პოლიტიკური გემოვნების მიხედვით აყალიბებს პოლიტიკურ ელიტას. მაგრამ როგორი პრინციპებითაც უნდა იმართებოდეს სახელმწიფო, პოლიტიკური ელიტა ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანთა ის ჯგუფია, რომელსაც ქვეყანა ნაღებივით მოიგდებს თავზე. საბჭოთა სახელმწიფოში ერთადერთი პარტია არსებობდა და მმართველ ფენას ამ პარტიის წევრები ქმნიდნენ. მართალია, არჩევნები ფორმალურ ხასიათს ატარებდა, მაგრამ ხელისუფლებაში მაინც ის ადამიანები ხვდებოდნენ, რომლებიც სახელმწიფოს სულისკვეთებას სხვებზე უკეთ გამოხატავდნენ. ასე რომ, მაშინდელი პოლიტიკური ელიტაც ქვეყნის ზუსტი ანარეკლი იყო.

რა ხდება დამოუკიდებელ, თავისუფალ და დემოკრატიულ საქართველოში? თუ შევეცდებით, ერთი მთავარი ნიშნით დავახასიათოთ ადამიანთა ის ჯგუფი, რომელიც ხელისუფლებაშია, ცხადია, საუბარი მოგვიხდება კორუფციაზე. პოლიტიკური ელიტის სახელისუფლო ნაწილი კორუფციული პირამიდების წვერს ქმნის: მაშასადამე, ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას და ხელს უწყობს მის დეგრადაციას.

როგორია პოლიტიკური ელიტის ის ნაწილი, რომელიც სამომავლოდ ცდილობს ხელისუფლებაში მოსვლას? პარტიული ლიდერები ჩაფლულნი არიან ძალაუფლების მოპოვებისთვის ბრძოლაში და მთელ ძალისხმევას სწორედ აქეთ მიმართავენ. ეს ლოგიკური პროცესია, ოღონდ, იმის გამო, რომ არჩევნების შედეგები მოსახლეობის ხმებზე არ არის დამოკიდებული, პოლიტიკოსებიც ნაკლებად ფიქრობენ ჩვეულებრივ ადამიანზე, მის პრობლემებზე - ესე იგი, ნაკლებად ფიქრობენ ქვეყანაზე. ფაქტია, რომ ვიდრე საარჩევნო პროცესი თავის რეალურ მნიშვნელობას არ შეიძენს, ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლას გეგმავენ, ქვეყნის პრობლემებზე ზრუნვისთვის ვერ მოიცლიან. ამიტომ არის, რომ არც ერთ არჩევნებში რაიმე მნიშვნელობა რომელიმე პარტიის პროგრამას ჯერ არ მინიჭებია.

მაშასადამე, ელიტის სახელისუფლო ნაწილი კორუმპირებულია და საკუთარი ინტერესების ტყვეობაშია მოქცეული, ხოლო ელიტის არასახელისუფლო ნაწილი ძალაუფლებისთვის ბრძოლის ტყვეა. გამოდის, თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყნის პოლიტიკური ელიტა არათავისუფალი და არადამოუკიდებელია. ასეთივე უსუსურია თავად პოლიტიკური პროცესიც.

რას უნდა ველოდეთ სამომავლოდ? როდესაც არჩევნებში რეალურ მნიშვნელობას შეიძენს ელექტორატის პოლიტიკური განწყობა, ამომრჩეველთა ხმები, სწორედ მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესის ახალი ეტაპი იწყება: ეტაპი, როდესაც ხელისუფლების კეთილდღეობა მეტ-ნაკლებად მაინც არის დამოკიდებული რიგითი მოქალაქის და ქვეყნის კეთილდღეობაზე. დღეს კი, მოგეხსენებათ, ყველაფერი ყირამალაა.
XS
SM
MD
LG