Accessibility links

logo-print

ამერიკის აქცენტები ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგებასთან დაკავშირებით


ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში მოქმედი რუსეთის სამშვიდობო ძალების კიდევ ექვსი თვით დარჩენის საკითხი თითქმის გადაწყვეტილია. ყოველ შემთხვევაში, მას შემდეგ,

რაც მანდატის გაგრძელებას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმაც დაუჭირა მხარი, ეჭვი აღარავის ეპარება, რომ თბილისი შეეცდება შეეგუოს მდგომარეობას. მაგრამ შეეგუებიან თუ არა მომდევნო ექვსთვიან გაურკვევლობას ენგურის ხიდთან მიმდინარე ლტოლვილთა აქციის წარმომადგენლები, ძნელი სათქმელია. 6 იანვრის შემდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებში უკმაყოფილება დღითიდღე იზრდება. პარასკევს მათ აღშფოთების ახალი მიზეზი მიეცათ: 14 თებერვალს დევნილთა საკოორდინაციო შტაბის კარავში ნაღმი აღმოაჩინეს.

მომავალი კვირიდან საქართველოს დელეგაცია, განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შემადგენლობით, მოსკოვს მიემგზავრება, რათა რუსეთის შესაბამისი უწყების წარმომადგენლებთან ერთად კიდევ ერთხელ დააყენოს მშვიდობისმყოფელთა მანდატის გაგრძელებისა და სოჭი-სოხუმის სარკინიგზო მიმოსვლის შეწყვეტის საკითხები. როგორც ცნობილია, მოსკოვში ამ ფორმატით მიმდინარე ერთკვირიანი მოლაპარაკება თებერვლის პირველ დეკადაში უშედეგოდ დასრულდა. სააგენტო"კავკასპრესის" ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მიუღებელი აღმოჩნდა მშვიდობისმყოფელთა მანდატის საკითხის მიბმა აფხაზეთის მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქის პასპორტის გაცემისა თუ სოჭსა და სოხუმს შორის სარკინიგზო მიმოსვლის პრობლემაზე. ერთი სიტყვით, მოლაპარაკება შეწყდა და საქართველოს დელეგაციაც საკონსულტაციოდ სამშობლოში დაბრუნდა. მაგრამ სანამ თბილისურ კაბინეტებში აფხაზური ჩიხის შესახებ მსჯელობდნენ, დსთ-ს სამშვიდობო ძალების თაობაზე სპეციალური განცხადება გაავრცელა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რიჩარდ ბაუჩერმა. მასში, კერძოდ, ნათქვამია, რომ ამერიკა მხარს უჭერს მანდატის ექვსი თვით გაგრძელებას, თუმცა განცხადებაში საკმაოდ მკაფიო აქცენტებია სარკინიგზო მიმოსვლის პრობლემასა და ე,წ "ბოდენის დოკუმენტზე", რომლის განხილვაზე სოხუმი დღემდე ჯიუტად ამბობს უარს.

"ჩვენთვის სრულიად გასაგებია საქართველოს მთავრობის შეშფოთება რუსეთის ისეთი ცალმხრივი ქმედებებით, როგორიცაა სოჭი-სოხუმის სარკინიგზო ხაზის ამოქმედება. ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ არავინ არ უნდა იმოქმედოს ისე, რომ შესაძლებელი გახდეს აფხაზეთის სეპარატისტული სტატუსის გაძლიერება და მოლაპარაკების პროცესის გართულება," - ნათქვამია რიჩარდ ბაუჩერის განცხადებაში.

ამერიკის რეკომენდაციას 14 თებერვალს, პარასკევს, გამოეხმაურა საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი თედო ჯაფარიძე და განაცხადა, რომ "შესაძლებლად მიიჩნევს" კონფლიქტის ზონაში მოქმედი სამშვიდობო ძალების მანდატის გაფართოებას, ოღონდ მოსკოვში გამართული კონსულტაციებისა და ღიად დარჩენილი საკითხების გარკვევის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ მოსკოვში აფხაზეთის საკითხებზე სამუშაოდ იმყოფება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერი ასლან აბაშიძე, რომელიც პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ ასევე აღჭურვილია სათანადო უფლებამოსილებებით. თუმცა ოფიციალური თბილისისგან განსხვავებით, ასლან აბაშიძე მხარს უჭერს სოხუმის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას რუსეთ-საქართველოს შორის და სეპარატისტული რეჟიმის მიმართ ყოველგვარი ეკონომიკური შეზღუდვების წინააღმდეგია.

მაგრამ ჯერჯერობით ეს დიპლომატიური ძალისხმევა საკმარისია მხოლოდ იმისთვის, რომ კონფლიქტის ზონაში შენარჩუნდეს ომის შემდგომი სტატუს-კვო, რასაც, ლტოლვილთა მზარდი უკმაყოფილებისა და შეიარაღებულ ფორმირებათა აქტიურობის პირობებში, სულ უფრო გაჭირვებით ახერხებენ რუსეთის 1500 ჯარისკაცი და გაეროს სამხედრო დამკვირვებლები.

ენგურის ხიდზე განლაგებულ ლტოლვილთა საკოორდინაციო შტაბში პარასკევ დილით ნაღმი აფეთქდა, ხოლო გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში, რომელსაც რუსი მშვიდობის დამცველები აკონტროლებენ, ყაჩაღური თავდასხმის შედეგად, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომელი მოკლეს. ასეთია 9 წლიანი "არც ომის და არც მშვიდობის" ფასი აფხაზეთში.
XS
SM
MD
LG