Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მოხდა მთავრობის სხდომაზე, რა შესთავაზეს პრეზიდენტს ამჟამინდელმა და ყოფილმა თანაგუნდელებმა


ედუარდ შევარდნაძეს კიდევ ერთხელ ურჩიეს გადადგომა და პრეზიდენტმაც კიდევ ერთხელ განმარტა, რომ არ გადადგება. პრეზიდენტის რწმუნებულს კიდევ ერთხელ უწოდეს ბანდიტი და მილიონების დამტაცებელი,

მაგრამ სახელმწიფო მინისტრმა თქვა, რომ ხელისუფლების მაღალ ეშელონებში კორუფცია არაა. ეს ყველაფერი 14 თებერვალს საქართველოს მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე მოხდა. ის წყნარად და ტრადიციული მოსაწყენი მოხსენებებით მანამდე მიმდინარეობდა, სანამ ტრიბუნა მთავრობის ყოფილ წევრს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, მიხეილ სააკაშვილს დაეთმობოდა. სწორედ სააკაშვილმა ურჩია პრეზიდენტს გადადგომა და სწორედ მისმა გამოსვლამ უბიძგა ედუარდ შევარდნაძეს ეთქვა: "სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ნერვების მოთოკვა შემიძლიაო".


მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე პრეზიდენტს ანგარიში ჩააბარეს: სახელმწიფო მინისტრმა, ცალკეულმა რწმუნებულებმა და მთავრობის ეკონომიკური ბლოკის სხვა წარმომადგენლებმა. ყველა მათგანმა პრეზიდენტს და მთელ ქვეყანას (შეგახსენებთ, მთავრობის სხდომის მიმდინარეობა საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა) ეკონომიკის გამოცოცხლება და სხვადასხვა დარგში მიღწევები უპატაკეს.

იყო მცირე შენიშვნებიც. მაგალითად, სახელმწიფო მინისტრმა თავის გამოსვლაში, ჩრდილოვანი ეკონომიკისა და გადასახადების დამალვის მაჩვენებელთა ზრდის გამო, ფისკალური სამსახურები და სამართალდამცავი სტრუქტურები გააკრიტიკა; საჯაროდ გამოხატა უხერხულობა იმის გამო, რომ მას და მთავრობის ზოგიერთ სხვა წარმომადგენელს სახელმწიფო გადატრიალების გეგმის შემუშავებაში დასდეს ბრალი, პრეზიდენტს ერთგულება დაუდასტურა და იქვე ისიც აღნიშნა, რომ კორუფცია სახელმწიფო სტრუქტურების ქვედა რგოლების პრობლემაა და არა ხელისუფლების უმაღლესი ეშელონებისა. მთავრობის გაფართოებული სხდომა, ალბათ, თავიდან ბოლომდე ასეთი პათოსის იქნებოდა, რომ არა გამოსვლა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილისა, რომელმაც ყველაფერი შეცვალა.

სააკაშვილის შემდეგ გამომსვლელებს მის მიერ წაყენებული ბრალდებების გამო თავის მართლება და პრეზიდენტის, ოპოზიციაში გადანაცვლებული, ყოფილი თანაგუნდელების პოლიტიკაზე მოუხდათ მსჯელობა. ამ საჯარო თავისმართლებაში არ ჩაბმულა პრეზიდენტის რწმუნებული ქვემო ქართლში ლევან მამალაძე, რომელიც ბანდიტად, მილიონების მიმთვისებლად დასახელდა. სწორედ მამალაძისნაირი გარემოცვა გახდა სააკაშვილისთვის საიმისო არგუმენტი, რომ პრეზიდენტისთვის გადადგომა ერჩია.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "ეს ბანდიტი მამალაძე არის პრეზიდენტ შევარდნაძის გუნდის წევრი. მე მინდა მოგმართოთ თქვენ, ბატონო ედუარდ! ჩვენ გვქონდა ილუზია, რომ თქვენთან ერთად გავთავისუფლდებოდით ამ ნაგვისგან, მაგრამ დღეს უნდა გითხრათ, რომ ერთადერთი გამოსავალია, ჩამოშორდეთ ხელისუფლებას თქვენ, ედუარდ შევარდნაძე, და მერე ესენიც მოშორდებიან აქაურობას ისე, როგორც შარშანდელი თოვლი."

მიხეილ სააკაშვილს ბანდიტების დასახელება მამალაძით არ ამოუწურავს. მან გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ განათლების რეფორმისთვის მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი თანხებიდან უკვე 20 მილიონი იქნა დატაცებული. ოფიციალურ ყაჩაღად მოიხსენია ლოლაშვილი, რომელმაც, სააკაშვილის თქმით, თბილისის მთავარი არქიტექტორის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ კიდევ შეძლო გაეცა ნებართვები თბილისის ცენტრში უკანონო მშენებლობებზე. საუბარი შეეხო სხვებსაც და ყოველი გვარის დასახელებას თან ერთვოდა განმარტება, რომ ეს ადამიანები პრეზიდენტის გუნდის წევრებად ასაღებენ თავს და ხელშეუხებლობის გარანტიებით სარგებლობენ. სააკაშვილის ასეთმა გამოსვლამ მთავრობის წევრებს - მამალაძეს, თბილისის მერს და სხვებს - ნერვები მოუშალა, პრეზიდენტს კი ვერა.

ედუარდ შევარდნაძის პასუხი გადადგომისკენ მოწოდებაზე იყო ის, რომ არ გადადგება. ამის შესახებ სხდომის დასასრულს ითქვა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა არაერთ გამომსვლელს გადაუხადა მადლობა მხარდაჭერისა და კეთილი სურვილებისთვის, მათ შორი,ს ვახტანგ რჩეულიშვილს, რომელმაც შევარდნაძეს ახალი დასაყრდენის შექმნა ურჩია და პრეზიდენტის გუნდში საკუთარი თავიც შესთავაზა.
XS
SM
MD
LG