Accessibility links

logo-print

მოქალაქეები უკანონო მშენებლობის წინააღმდეგ - კონკრეტული შემთხვევა


დავით პაიჭაძე, თბილისი თბილისის საკრებულოს ინიციატივებსა და დეკლარირებულ პოლიტიკას, ჩანს, უკვე მოქალაქეებიც ეხმაურებიან: მათი აზრით, უკანონო მშენებლობას ისინი არა სასოწარკევთილი განწყობილებით,

გზის გადაკეტვითა და ისტერიით უპირისპირდებიან, არამედ სრულიად ცივილურ საშუალებებს - სასამართლოში ან საკრებულოში ჩივილს მიმართავენ. მინდა გაგაცნოთ ერთი ასეთი საქმე, სადაც კარგად ჩანს მოქალაქეთა ნება და უნარი, იმოქმედონ რაციონალურად თბილისის მერიის მათთვის საზიანო მოქმედებათა წინააღმდეგ.

ბევრს ეს საქმე, შესაძლოა, უმნიშვნელოდ მოეჩვენოს, რადგან აუშენებელ ობიექტს ეხება. მაგრამ ის არ შენდება სწორედ იმიტომ, რომ მშენებლობას წინ მოქალაქეები აღუდგნენ. არადა, შენებას ბევრი არაფერი უკლდა: მესაკუთრემ ადგილი შემორაგვა და შეიარაღებული დაცვაც დააყენა. ეხ ხდებოდა, რომ იტყვიან, შუა ქალაქში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ტროტუარზე, მეტროს სადგურ "სამედიცინო ინსიტუტუტთან". ამ სადგურიდან რამდენიმე მეტრში დგას მეტროს საგვირაბო ვენტილაციის მიწისზედა ჰაერმიმღები, ბეტონის ოვალური ფორმის ნაგებობა. მესაკუთრის, მოქალაქე ხათუნა გაგნიძის, განზრახვით, ჰაერმიმღებს უნდა მიბჯენოდა ერთსართულიანი შენობა, სავარაუდოდ, სავაჭრო ობიექტი. ხათუნა გაგნიძეს ამ მიზნით 67 კვადრატული მეტრი ფართობის მიწა ჰქონდა შესყიდული. გაგნიძე კეთილსინდისიერი მყიდველია, რომელიც ენდო სახელმწიფოს და მიწის შესაძენად ფული გადაუხადა. აგების შემდეგ შენობა პრაქტიკულად მთლიანად დაიკავებდა ტროტუარს და მოქალაქეებს ფეხით სიარული გაზონზე მოუწევდათ. გარდა ამისა, შენობის ფასადი უაღრესად ახლოს აღმოჩნდებოდა იქ მდგომი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსა და პირველ სართულზე მცხოვრები მოქალაქის ფანჯრებთან.

მოსახლეთა პროტესტი იმანაც გაამძაფრა, რომ, გავრცელებული ხმებით, სავაჭრო ობიექტი თითქოს ლუდის ბარი უნდა ყოფილიყო. ნათელია, რომ ამ შემთხვევაში იზრდება ალბათობა, სადარბაზო უფასო საზოგადოებრივ საპირფარეშოდ გიქციონ. როცა მიწის მესაკუთრესთან მოლაპარაკებამ შედეგი არ გამოიღო, მოქალაქეებმა სასამართლოსა და საკრებულოს მიმართეს.

საქმის განხილვა ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ გამოირკვა, რომ მოქმედი ნორმატიული აქტებით, ხსენებული ჰაერმიმღებიდან შენობის ფანჯრებამდე მანძილი 25 მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს. მშენებლობისა და ურბანიზაციის სამინისტროს დასკვნის თანახმად, ამ ობიექტის განთავსება მკვეთრად შეზღუდავს ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებას, არღვევს გამზირის ქალაქმშენებლურ სტრუქტურას, ზრდის საგზაო შემთხვევათა რისკს.

მაგრამ მთავარი დარღვევა ამ ყველაფრის მიღმაა: ქალაქის მერიას ტროტუარის გაყიდვის არავითარი უფლება არ ჰქონდა. ამ კატეგორიის ურბანული მიწების გაყიდვის ნებართვა შეუძლია გასცეს მხოლოდ საქართველოს მთავრობას, კერძოდ, პრეზიდენტს საგანგებო დადგენილებით. ასეთი დადგენილება არ არსებობს. არსებობს (უკეთ, არსებობდა) თბილისის ყოფილი მთავარი არქიტექტორის, ასე ვთქვათ, კონცეფცია, რომ ტროტუარი "ცოცხალი" უნდა იყოს, რის შედეგადაც ქალაქი უსახური კიოსკებით მოიფინა. პოეტისა არ იყოს, "აწ დრო სხვაგვარად მიემართება". თბილისელ მოქალაქეთა მხარეს ამ შემთხვევაში არის არა მხოლოდ კანონი, არამედ პოლიტიკური კონიუნქტურა ქალაქში და ახალი მთავარი არქიტექტორის პრინციპი, რომ ტროტუარზე არაფერი აიგოს. პროცესი დიდუბის სასამართლოში გამოაჩენს, გამოადგებათ თუ არა ეს უპირატესობა მოქალაქეებს.
XS
SM
MD
LG