Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა მსოფლიო პრესის ყურადღება კვლავაც ერაყის კრიზისისკენაა მიპყრობილი. შვეიცარიის გაზეთ "ნოიე ციურხერ ცაიტუნგის" აზრით, ერაყის კრიზისი,

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისთვისაა ხელსაყრელი. გაზეთი, სარედაქციო სტატიაში წერს:

"პუტინს შეუძლია თავშეკავება გამოავლინოს იმ ცხარე კამათის დროს, ერაყის კრიზისთან დაკავშირებით რომ მოუხდება სხვადასხვა ლიდერთან. ბერლინსა და პარიზში განსაკუთრებული კეთილგანწყობით მიიღეს ბატონი პუტინი. შრიოდერი და შირაკი მას იმისთვის ემადლიერებიან, რომ ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას იმის შესახებ, რომ მომავალშიც მშვიდობიანი საშუალებებით უნდა სცადონ ერაყის განიარაღება. ის, რომ პუტინი ერაყის საკითხში ვაშინგტონს ემიჯნება, ალბათ შიდაპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე აწყობს რუსეთის პრეზიდენტს. რუსეთში, ისევე, როგორც მრავალ სხვა სახელმწიფოში, საზოგადოებრივი აზრი უმეტესწილად წინააღმდეგია ერაყში სამხედრო ინტერვენციისა. პარიზში პუტინმა ცალსახად აღნიშნა, რომ ვაშინგტონის მხრიდან ზეწოლის გარეშე ერაყი არ წავიდოდა იმ დათმობებზე, რაც აქამდე მოხდა, და გაეროს განიარაღების ექსპერტებიც ვერ განაახლებდნენ თავიანთ საქმიანობას ერაყში. საფრანგეთის ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში პუტინმა განაცხადა, რომ სიამოვნებით შეუძლია ჯორჯ ბუშს მეგობარი უწოდოს. ამგვარი პოლიტიკა არასასიამოვნო კრიტიკისაგან იცავს რუსეთის პრეზიდენტს, და პირველ რიგში ჩეჩნეთის კონფლიქტთან დაკავშირებით. უკანასკნელ დროს არც ბუშს, არც შრიოდერსა და არც შირაკს ერთი სიტყვაც კი არ უთქვამთ საჯაროდ იმ ბარბაროსობის შესახებ, რუსეთის ჯარი რომ სჩადის ჩეჩნეთში. ამგვარი დუმილით, რუსეთის პრეზიდენტის დასავლელი პარტნიორები მხოლოდ საკუთარ ავტორიტეტს აყენებენ ზიანს".

ნატოს კავშირმა შეწყვიტა არსებობა - ასე გამოეხმაურა გერმანიის გაზეთი "ველტი" იმ უთანხმოებას, ერაყის კრიზისმა რომ გამოიწვია დასავლელ მოკავშირეებს შორის. ჩრდილოატლანტიკურმა კავშირმა, წერს გაზეთი, ცხადყო თავისი პოლიტიკური უსუსურობა და დარჩება გადმონაშთად წარსულისა, როცა მსოფლიო, იდეალური თუ არა, სტაბილური მაინც იყო. კავშირი ინგრევა, ვინაიდან მისმა წევრებმა უკვე აღარ იციან, რა საერთო ინტერესები აერთიანებს მათ - დასძენს "ველტი", ხოლო ქალაქ ბოსტონში გამომავალი გაზეთი "ქრისჩიენ საიანს მონიტორი" მიიჩნევს, რომ მეტის გაგებით უნდა გაიცნობიეროს შეერთებულმა შტატებმა ის ფაქტი, რომ გერმანია ერაყთან ომის დაწყების წინააღმდეგია. გაზეთი დასძენს:

"სულ 13-დე წელმა განვლო მას შემდეგ, რაც გერმანია გაერთიანდა, და მთელი ამ ხნის მანძილზე ეს ქვეყანა თავისი ახალი როლის დამკვიდრებას ცდილობს მსოფლიო არენაზე. ეს, ძალზედ მოკლე ვადაა, ხოლო წარსულში, როცა საბჭოთა კავშირისა და აშშ-ის დაპირისპირება ბატონობდა მსოფლიო პოლიტიკაში, ბონელი პოლიტიკოსები საქმეში არ ერეოდნენ. საფრანგეთს, ეს, არ ეხება, გერმანია კი, უბრალოდ, ნელ-ნელა იღვიძებს. და არ უნდა დავივიწყოთ, რომ ტერორისტების ძიების საქმეში ეს ქვეყანა აქტიურად თანამშრომლობს შეერთებულ შტატებთან".

ერაყთან ომის მუქარამ უკვე გამოიღო ერთი დადებითი შედეგი: ეგვიპტემ და იორდანიამ, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, განაახლონ უწინდელი მჭიდრო ურთიერთობა ისრაელთან - წერს გერმანიის გაზეთი "ზიუდოიჩე ცაიტუნგი" და სარედაქციო სტატიაში განაგრძობს:

"შეერთებულმა შტატებმა ივალდებულა, სადამ ჰუსეინის დამხობის შემდეგ გაააქტიუროს ძალისხმევა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოსგვარებლად და იმედოვნებს, რომ ამ პროცესს ზომიერი არაბული ქვეყნებიც შეუერთდება. როგორც ეგვიპტემ, ასევე იორდანიამ, თავიანთი ელჩები გაიძახეს თელ-ავივიდან მას შემდეგ, რაც 2000 წლის შემოდგომაზე ინტიფადა დაიწყო, რითაც პროტესტი გამოთქვეს იმის გამო, რომ პალესტინელთა აჯანყებას არაადექვატური სამხედრო ოპერაცია მოჰყვა ისრაელის მხრიდან. მომდევნო ორი წლის განმავლობაში უშედეგოდ დამთავრდა ისრაელის პრემიერ-მინისტრის არიელ შარონის არაერთი მცდელობა - ეგვიპტის პრეზიდენტს ჰოსნი მუბარაკს შეხვედროდა. ამ უკანასკნელს არ აწყობდა, რაღა თქმა უნდა, შარონთან შეხვედრით სხვა არაბული ქვეყნებისა და საკუთარი მოსახლეობის გადამტერება. თუმცა, მას შემდეგ, რაც შარონი უკანასკნელ არჩევნებში გამოვიდა გამარჯვებული, ეგვიპტის პრეზიდენტს, როგორც ჩანს, პოლიტიკის შეცვლა აქვს განზრახული. მან გამარჯვება მიულოცა შარონს და შესთავაზა, ახალი მთავრობის შექმნის შემდეგ, ეგვიპტის ქალაქ შარმ აშ შეიხში ჩავიდეს მოსალაპარაკეთლად. მუბარაკმა განაცხადა, რომ შარონის ბოიკოტი უშედეგო აღმოჩნდა, და რომ პირადად სურს დარწმუნდეს, არის თუ არა მზად ისრაელის პრემიერ-მინისტრი ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დასამყარებლად. ქაიროს მაგალითს იორდანიის მთავრობამ მიბაძა. გასულ ორშაბათს, იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ამანში, შარონის კანცელარიის უფროსი მიიღო."

რატომ მოხდა დასავლელ მოკავშირეებში პოზიციათა დაპირისპირება ერაყის კრიზისის გამო? შესაძლოა იმიტომ, რომ მოსალოდნელი ომი ერაყთან, გაუმართლებელია - წერს სარედაქციო სტატიაში ბრიტანეთის გაზეთი "ინდეპენდენტი" და იქვე დასძენს, რომ არასწორად მოიქცნენ საფრანგეთი და გერმანია, როცა ვეტო დაადეს ნატოს გადაწყვეტილებას თურქეთის დაცვის შესახებ, თუმცა, საერთაშორისო სტრუქტურებს საფრთხეს უქმნის თეთრი სახლის ადმინისტრაცია, რომელმაც გარკვევით მიანიშნა, რომ გაეროს, საფრანგეთის, გერმანიისა თუ რუსეთის პოზიციათა მიუხედავად, ომს დაიწყებს ერაყთან.

ხოლო ლონდონში გამომავალი გაზეთის "ტაიმსის" აზრით, საფრანგეთის, გერმანიისა და ბელგიის ვეტომ ნატოს გადაწყვეტილებაზე, ომის შემთხვევაში თურქეთის დაცვასთან დაკავშირებით, იმდენად მძიმე დარტყმა მიაყენა ჩრდილოატლანტიკურ კავშირს, რომ შესაძლოა მისი დაშლის საწინდარიც გახდეს.


ცნობილი ფრანგი საზოგადო მოღვაწე ჟანა აპტეკმანი გაზეთ "ლიბერასიონში" გამოქვეყნებულ წერილში პროტესტს გამოთქვამს იმ მიღების გამო, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს რომ მოუწყო ოფიციოზმა პარიზში. წერილში ვკითხულობთ:

"საფრანგეთის რესპუბლიკამ გულში ჩაიხუტა ბატონი პუტინი. როგორც ჩანს, მთელი ხალხის განადგურებამ, საკუთარი მოქალაქეების გაზით მოწამლვამ თეატრში, ოპოზიციური პრესის დევნა-შევიწროებამ - ყოველივე ამან სულაც ვერ შეუშალა ხელი ვლადიმირ პუტინს - საფრანგეთის დიდი მეგობარი გამხდარიყო. დიახაც, რუსეთის ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე ერაყის ომის წინააღმდეგ რუსეთ-საფრანგეთის ალიანსის ფონზე, ჩეჩენი ხალხის ტანჯვა არავის ახსოვს. მსოფლიო კამპანიას იწყებს მომავალი ომის წინააღმდეგ, ხოლო იმ ბარბაროსობაზე, რასაც ფედერალური ჯარი სჩადის ჩეჩნეთში, თვალს ხუჭავს".

როგორც გაზეთი "მონდი" აღნიშნავს პარიზში პრეზიდენტ პუტინის ახლახან დამთავრებული ვიზიტის შესახებ, თავის საჯარო გამოსვლებში, ერაყის კრიზისისა თუ ამერიკა-ევროპის ურთიერთობათა შესახებ, ბატონი პუტინი გლობალური მშვიდობის მტრედად მოგვევლინა, თუმცა ერთი სიტყვითაც კი არ უხსენებია ის სისხლიანი ომი, თითქმის ოთხი წელი რომ მიმდინარეობს ჩეჩნეთში. სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ:

"იმ დროს, როცა რუსეთის პრეზიდენტს მიღება მოუწყეს ელისეს სასახლეში, საფრანგეთის დედაქალაქის ქუჩებში გამოსული ასობით დემონსტრანტი გაჰყვიროდა: "პუტინი - მკვლელი", და საფრანგეთის მთავრობას გმობდა დუმილისთვის, ჩეჩნეთის საკითხში. ეს დუმილი, პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა დაარღვია. მაგრამ, ისევე, როგორც რუსეთის პრეზიდენტთან ყველა უწინდელი შეხვედრებისას, შირაკმა ეს ისეთნაირად გააკეთა, რომ არ გაენაწყენებინა კრემლი. პრესკონფერენციაზე ჟაკ შირაკმა გაიმეორა ის, რაც პუტინს უთხრა ვახშმობის დროს: "ჩვენ გულწრფელად შევეხეთ, საუბრების დროს, ჩეჩნეთის საკითხს. ეს კონფლიქტი, რომლისგანაც მშვიდობიანი მოსახლეობა ზარალდება, სამხედრო გზით ვერ მოგვარდება. საფრანგეთი იმედოვნებს, რომ თქვენი პროექტი საკონსტიტუციო რეფერენდუმისა გახდება პირველი ნაბიჯი, რომელიც შესაძლებელს გახდის მშვიდობის აღსადგენად პოლიტიკური პროცესის დაწყებას" - განაცხადა ჟაკ შირაკმა. ამდენად, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფაქტობრივად მოიწონა ჩეჩნეთში რეფერენდუმის მოწყობის იდეა, იმ დროს, როცა კავკასიის ამ რესპუბლიკაში ომია გაჩაღებული, რასაც ყოველდღე, ათობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება, გრძელდება ეგრედ წოდებული "წმენდები", დატყვევებულთა წამება, ტერორი და მშვიდობიან მოქალაქეთა უგზო-უკვლოდ გაუჩინარება".
XS
SM
MD
LG