Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ წარმოუდგენია ვაშინგტონს ერაყი სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ?


რაც დროს გადის, ამერიკელი ოფიციალური პირები სულ უფრო მეტს ამხელენ იმის შესახებ, თუ როგორ წარმოუდგენიათ ერაყი სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ. ისინი ირწმუნებიან,

რომ შესაძლო ომის შემდეგ საჭირო გახდება ქვეყნის ოკუპაცია, რათა განვითარდეს დემოკრატიული სისტემა და ჩამოყალიბდეს სტაბილური სახელმწიფო, რომელიც საფრთხეს აღარ შეუქმნის მეზობლებს. მაგრამ, რაც უნდა მისასალმებელი განზრახვა იყოს ერაყის დემოკრატიზაცია, ეჭვს არ იწვევს, რომ მისი განხორციელება დიდ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული. გაართმევს თუ არა თავს ვაშინგტონი ასეთ, უკიდურესად ამბიციურ გეგმას?

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი, ბუნებრივია, ოპტიმისტურ პროგნოზს აკეთებს. როგორც მან გასულ კვირაში უთხრა იტალიაში განთავსებულ ამერიკელ ჯარისკაცებს: [რამსფელდის ხმა] "ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს ვალდებულება, ვიზრუნოთ იმაზე, რომ რეჟიმის დამხობის შემდეგ ერაყი გახდეს სახელმწიფო, რომელსაც არ გააჩნია მასობრივი განადგურების იარაღი, რომელიც არ ემუქრება მეზობლებს, არ იყენებს "სკადის" ტიპის რაკეტებს ან ქიმიურ იარაღს საკუთარი ხალხისა თუ მეზობლების წინააღმდეგ. ომის შემდეგ ერაყი ნაწილებად არ უნდა დაქუცმაცდეს და უნდა დაადგეს გზას, რომელიც მას სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვამდე და პატივისცემამდე მიიყვანს".

რამსფელდს არც ის დაუმალავს, რომ ამ მიზნების მისაღწევად ვაშინგტონში უკვე კონკრეტულ გეგმებზე მუშაობენ: [რამსფელდის ხმა] "ეს საქმე მოითხოვს დახმარებას იმათ მხრივ, ვინც მზად არის, მონაწილეობა მიიღოს სამოქალაქო მმართველობის შექმნასა და ჰუმანიტარულ ძალისხმევაში - ყოველივე ამის დაგეგმვა უკვე მიმდინარეობს".

პენტაგონის ხელმძღვანელს, მართალია, მზადების დეტალები არ გაუმხელია, მაგრამ მისი განცხადება ცხადჰყოფს: ვაშინგტონი ემზადება ერაყში საკმაოდ ხანგრძლივი საქმიანობისათვის, რათა არსებითად შეცვალოს ამ ქვეყნის მმართველობითი სისტემა. ზუსტად რამდენი ხანი გასტანს ასეთი ოკუპაცია, ცნობილი არ არის. ამერიკულ მასმედიაში ლაპარაკია 18 თვეზე, ხოლო როგორც 11 თებერვალს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ითქვა, ამერიკელი სამხედროები ერაყის ტერიტორიაზე, შესაძლოა 2 წლით ან კიდევ უფრო მეტ ხანს დარჩნენ.

უპასუხოდ რჩება კიდევ ერთი, საკვანძო მნიშვნელობის შეკითხვა: რა თანხა დასჭირდება ერაყის წინააღმდეგ ომისა და მისი შემდგომი პერიოდის დაფინანსებას? ამერიკის ერთ-ერთი კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც მასაჩუსეტსის შტატშია განთავსებული, რომ იტყვიან, ასტრონომიულ რიცხვებს ასახელებს - 99-დან 2 000 მილიარდამდე დოლარს! როგორც ჩვენი რადიოს თანამშრომელმა, ჩარლზ რეკნაგელმა შეიტყო, ეს თანხა შეესაბამება ათწლიან პერიოდს და დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს გასტანს ომი და ომისშემდგომი ოკუპაციის პერიოდი.
ასე რომ, ისევ ოკუპაციის ხანგრძლივობის საკითხს ვუბრუნდებით - ის კი, დაფინანსების გარდა, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ძნელი აღმოჩნდება ერაყის - ცენტრალიზებული, ავტორიტატული რეჟიმის გარდაქმნა საპარლამენტო დემოკრატიად.

როგორია ერაყი დღეს, ჩარლზ რეკნაგელთან საუბარში საკმაოდ მოხდენილად აღწერა ერაყელმა სოციოლოგმა ფალიჰ აბდულ ჯაბარმა, რომელიც ლონდონის უნივერსიტეტის თანამშრომელია: [ჯაბარის ხმა] "მთავრობა ნავთობით არის გამდიდრებული და საკუთარი შემოსავალი აქვს. ის არ არის დამოკიდებული გადასახადების აკრეფაზე - ხოლო გადასახადების გარეშე, როგორც ვიცით, საპარლამენტო დემოკრატია არ არსებობს. იმის მაგივრად, რომ მოსახლეობა უხდიდეს ფულს თავის ერთგულ მთავრობას, ერაყში პირიქით ხდება - მთავრობა უხდის ფულს თავის ერთგულ მოქალაქეებს. ყველაფერი თავდაყირა დგას".

ჯაბარის თქმით, ერაყში კერძო სექტორიც კი მთლიანად არის დამოკიდებული მთავრობაზე: [ჯაბარის ხმა] "ერაყში არ არსებობს ზღვარი ეკონომიკასა და პოლიტიკას შორის. ეკონომიკას ზემოდან მართავენ და კერძო სექტორში, ასე ვთქვათ, "კლიენტების" ძალიან ვიწრო, პრივილეგირებულ წრეს ცნობენ. კერძო სექტორი მთავრობაზეა დამოკიდებული საფინანსო თუ კონტრაქტების გაფორმების თვალსაზრისით. არადა, როცა არ არსებობს ზღვარი პოლიტიკასა და ეკონომიკას შორის, არ არსებობს ინსტიტუციური საფუძველი ლიბერალური ეკონომიკისათვის".

ასეთი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ტრანსფორმაციის სირთულიდან გამომდინარე, ამერიკელ ოფიციალურ პირთა შორის აზრთა სხვადასხვაობა სუფევს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წარიმართოს პროცესი სამხედრო ოპერაციის შემდეგ. ზოგი ემხრობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონიაში ნაცადი სტრატეგიის გამოყენებას, რაც გულისხმობს ამერიკელებისა და მისი მოკავშირეების მიერ დამარცხებული ქვეყნის საკმაოდ დიდხანს, შესაძლოა, 2-3 წლით მართვას. მაგრამ ვაშინგტონში არიან ისინიც, ვინც მიზანშეწონილად მიიჩნევს ერაყელების სამოქალაქო მთავრობის ამოქმედებას ომის დამთავრებიდან რაც შეიძლება მოკლე დროში, რათა ამერიკელმა სამხედროებმა მალე შეძლონ ამ ქვეყნის ტერიტორიის დატოვება. ეს პოზიცია საკმაოდ დამაჯერებელ ვარაუდს ემყარება: ერაყის ოკუპაციამ, შესაძლოა, კიდევ უფრო გააღვივოს ანტიამერიკული განწყობილება არაბულ სამყაროში.

დაბოლოს, აღსანიშნავია, რომ 14 თებერვალს გაეროდან გავრცელებული ინფორმაციით, ერაყში ომის შემთხვევაში, სამხედრო მოქმედებების შემდეგ აშშ იკისრებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისა და სურსათით მომარაგების ამოცანას. ამის შესახებ ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს მას შემდეგ, რაც გაეროს გენერალურმა მდივანმა და უშიშროების საბჭოს 15 წევრი ქვეყნის წარმომადგენლებმა ერაყთან დაკავშირებულ ჰუმანიტარულ საკითხებზე იმსჯელეს.
XS
SM
MD
LG