Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰყავთ თუ არა პოლიტიკურ პარტიებს შეიარაღებული რაზმები


თამარჩიქოვანი, თბილისი პოლიტიკური პარტიები და ქართველი ექსპერტები, საპარლამენტო არჩევნების ვადის მოახლოებასთან ერთად, საქართველოში ვითარების გამწვავების პროგნოზს უკვე ხმამაღლა აკეთებენ.

იმ განცხადებების ფონზე, რომ პარტიათა უმრავლესობას შეიარაღებული რაზმები ჰყავს, ასეთი პროგნოზი, სამწუხაროდ, საფუძვლიანად გამოიყურება. მაგრამ რამდენად საფუძვლიანია თავისთავად მტკიცება იმისა, რომ პოლიტიკური პარტიები შეიარაღებულები არიან?

ბუნებრივია, საუბარია იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ პოლიტიკურ ცხოვრებაში და ხელისუფლებაში მოსვლის ან დარჩენის პრეტენზია აქვთ. ფაქტია, რომ ამ პარტიების ლიდერები, ტრადიციულად, შეიარაღებული დაცვის თანხლებით გადაადგილდებიან და, რაკი დაცვის წევრები, ჩვეულებრივ, კერძო დაწესებულებათა თანამშრომლები არიან, ეს სიამოვნება პარტიებს საკმაოდ სოლიდური თანხა უჯდებათ. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, ბოლო არჩევნებისას - იყო ეს ვაკის მაჟორიტარულ ოლქში გამართული თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები - რა დიდი მოთხოვნილება იყო კუნთმაგარ ბიჭებზე, ხან საარჩევნო ყუთების დაცვით რომ იყვნენ დაკავებულები და ხან - პირიქით - ამ ყუთების გატაცებით, უსაფუძვლოდ აღარ მოგვეჩვენება საზოგადოებაში არსებული ეჭვი, რომ პარტიებთან რაღაც არაფორმალური ჯგუფები ნამდვილად მოქმედებენ,.
ამ კვირაში პარლამენტის სხდომაზე ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირის" თავმჯდომარემ ვიტალი ხაზარაძემ წარმოადგინა გეგმა, თუ როგორ შეიძლება მოგვარდეს შეიარაღებული ჯგუფების არსებობის პრობლემა.
[ვიტალი ხაზარაძის ხმა] " უკვე დავიღალეთ ყველა და დაიღალა საზოგადოებაც. საზოგადოებაში ითესება შიში იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკურ პარტიებს - ყველას - ჰყავთ უკანონო რაზმები."
ვიტალი ხაზარაძის მიერ მომზადებული დადგენილების პროექტით, სამართალდამცავმა ორგანოებმა ერთი თვის ვადაში უნდა გაარკვიონ, ჰყავთ თუ არა პოლიტიკურ პარტიებს შეიარაღებული ჯგუფები და, ამასთანავე, გაერკვნენ პარტიების დაფინანსების საკითხებში. ეს უკანასკნელი მოთხოვნა, ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირის" ლიდერის აზრით, პირდაპირ უკავშირდება უკანონო შეიარაღებული რაზმების თემას, რადგან ეს რაზმები სწორედ პარტიიდან ფინანსირდება.
პარტიების ფინანსური შემოწმების მცდელობას ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტარი კოტე კემულარია ოპოზიციაზე ზეწოლის მცდელობად აფასებს:
[კოტე კემულარიას ხმა] " აბა, დაუკვირდით, როგორ ჟღერს: ერთი თვის ვადაში უშიშროებამ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პროკურატურამ და კონტროლის პალატამ არჩევნებამდე 7 თვით ადრე შეამოწმოს პოლიტიკური პარტიები დაფინანსების თაობაზე. ხომ კარგად ჟღერს? ხომ კარგია? ვის შეამოწმებენ - მოქალაქეთა კავშირს? თანადგომას? ხომ ყველანი ხვდებით, რომელი ოპოზიციური პარტიიდან დაიწყებენ შემოწმებას?"
გულახდილად რომ ითქვას, შემოწმებით ყველა პარტია უნდა შემოწმდეს. სხვა საკითხია, რომ შემმოწმებლები -პროკურატურის გამოკლებით - არცთუ დიდი ხნის წინათ ოპოზიციურმა პარტიებმა შეთქმულებაში დაადანაშაულეს. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამართალდამცავი ორგანოები კანონის სრული დაცვით იმოქმედებენ, ოპოზიციის მხრიდან ეს ანგარიშსწორებად იქნება შეფასებული. სამწუხაროდ, გამჭვირვალობის დევიზის მიუხედავად, პარტიათა უმრავლესობა საკუთარი ორგანიზაციის გამჭვირვალობის პრინციპს არ იცავს.
XS
SM
MD
LG