Accessibility links

logo-print

უვარგის საგადასახადო კოდექსს ჯერ მხოლოდ აკრიტიკებენ


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ბოლო პერიოდში საგადასახადო სისტემის მიმართ გამოთქმულმა სრულიად სამართლიანმა პრეტენზიებმა ამ სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის შეცვლის საკითხი უფრო აქტუალური გახადა.



საგადასახადო კოდექსის უსუსურობაზე გამუდმებით საუბრობენ არამხოლოდ დამოუკიდებელი ექსპერტები, უცხოელი კონსულტანტები და ბიზნესმენები. - ამგვარი შეფასებები სულ უფრო ხშირად გაისმის, ასევე, სამთავრობო ტრიბუნიდან და კანონმდებლებისგან. ამავე საკითხს გვერდი ვერც კვირის ბოლოს გამართულმა ორდღიანმა "დიდმა სამთავრობო ფუსფუსმა" აუარა.

სამწუხაროდ, ამგვარ საუბრებს ჯერჯერობით მხოლოდ თეორიული დისპუტებისა და პროექტების ხასიათი აქვს. ამასთან, ფისკალური პოლიტიკის რეფორმირებისას ხელისუფლება თავისი გადმოსახედიდან მსჯელობს, კერძო ბიზნესი სათავისო შეღავათებსა თუ დაბეგვრის რეჟიმს ლობირებს, უცხოელი ექსპერტები ცივილიზებული კანონმდებლობისაკენ მოგვიწოდებენ, მეცნიერ-ეკონომისტებს კი თავიანტი ვარიანტი აქვთ შემუშავებული. საბოლოოდ, მოქმედი კანონმდებლობა, მართალია, არავის მოსწონს, მაგრამ მის შესაცვლელად პრაქტიკულად არც არავინ ზრუნავს.

თავად საგადასახადო კოდექსი, რომელიც თავის დროზე სავალუტო ფონდის რეკომენდაციით შეიქმნა და, ძირითადად, ევროპულ გამოცდილებას დაეფუძნა, დროთა განმავლობაში შეტანილი ურიცხვი შესწორებების შედეგად, ფაქტობრივად, პირვანდელი ვარიანტისაგან პრინციპულად განსხვავებული დოკუმენტია. იმ პერიოდშიც, როდესაც საგადასახადო კოდექსი მივიღეთ, ევროპულ ფისკალურ სამართალზე მისი დაფუძნება დამოუკიდებელ ექსპერტებს კანონის პრაქტიკული რეალიზაციის სერიოზულ ეჭვს აღუძრავდა, თუმცა იმ დროსაც, როგორც ჩანს, ხელმძღვანელობდნენ პრინციპით - საგადასახადო კოდექსის უქონლობას ეკლექტური კანონი სჯობს.

კანონის ეკლექტურობა მას შემდეგ უფრო თვალში საცემი გახდა, რაც სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებმა, სხვადასხვა პერიოდში სათავისო ცვლილებების შეტანა შეძლეს ამ დოკუმენტში. ამჟამად კოდექსის ესა თუ ის მუხლი სხვა მუხლთან მოდის წინააღმდეგობაში და მისი ზედმიწევნით ზუსტი განსაზღვრა არათუ წვრილ და საშუალო მეწარმეს, თავად საგადასახადო ორგანოების თანამშრომლებსაც უჭირთ.
ამგვარი ეკლექტურობა ისედაც "მეტისმეტად" დამძიმებულ კოდექსს კორუფციულ ოაზისად აქცევს და რაც არ უნდა გვარწმუნოს ხელისუფლებამ, რომ კორუფციას ხმალამოღებული ებრძვის, ეს პროცესი მაინც ქარის წისქვილებთან ჭიდილს ემსგავსება.

ამჟამად მოქმედი კანონით, მეწარმე იხდის 18 დასახელების სხვადასხვა გადასახადს. ამასთან, თითოეულ ამ გადასახადს აქვს თავისი ინსტრუქციები და მოთხოვნები, ისევე რთული და ბუნდოვანი, როგორიც გადასახადის სტრუქტურაა. საინტერესოა, რომ გადასახადების უმრავლესობა სხვადასხვა ადგილზე და სხვადასხვა ორგანოში უნდა გადავიხადოთ.
როდესაც საუბრობენ სუსტ ფისკალურ ადმინისტრირებაზე - ადვილი წარმოსადგენია ამ საგადსახადო ლაბირინთში თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაწყვეტა.

პრობლემატურია ისიც, რომ ქვეყნის ეკონომიკის 70-80% ჩრდილშია მოქცეული. შესაბამისად, ქვეყანაში ფინანსური გარიგებების დაახლოებით ეს პროცენტი ოფიციალური საბანკო სისტემის გარეშე ნაღდი ანგარიშსწორებით ხორციელდება.

ეს ის სექტორია, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის გვერდის ავლით ახდენს ანგარიშსწორებას კორუმპირებულ ჩინოვნიკურ აპარატთან. თუ სახელმწიფო ოფიციალურად ყოველწლიურად მხოლოდ დაახლოებით 600-700 მილიონი ლარის მობილიზებას ახერხებს გადასახადების სახით, ძნელი გასათვლელი არ არის, კორუმპირებული ჩინოვნიკების კერძო ჯიბეებში რამდენი ასეული მილიონი ილექება.

რთულად განსამარტავი, ეკლექტური საგადასახადო კოდექსი მშვენიერ კორუფციულ ნიადაგს ქმნის, რაც თვალნათლივ აისახება როგორც ქვეყნის ბიუჯეტზე, ისე მის ეკონომიკაზე და, საბოლოო ჯამში, ყოველი ჩვენგანის ცხოვრების დონეზე.

ხშირად აღგვინიშნავს, რომ საქართველოში თითქმის არ არსებობს საქონელი, ნივთი თუ მომსახურება, რომელიც არ იბეგრებოდეს, მაგრამ იბეგრება არალეგალურად, საგადასახადო ორგანოებთან მარცხენა გარიგებით. საინტერესოა, რომ ჩრდილოვან სექტორში შედის არა მარტო ტრადიციულად ძნელად ადმინისტრირებადი მომსახურების სფერო და საკვების ობიექტები, არამედ მშენებლობები, ნავთობპროდუქტების, თამბაქოსა და სასტუმრო ბიზნესი. ფაქტობრივად არ არსებობს, ეკონომიკის სეგმენტი კი არა, სამეურნეო სუბიექტიც კი, რომელიც მთლიანად თეთრ ბუღალტერიაზე იყოს მინდობილი. ამგვარი საგადასახადო "ურჩობა" სრულიად ბუნებრივია დრაკონული ფისკალური კანონმდებლობის პირობებში - მეწარმემ ყველა მოსაკრებელი რომ პატიოსნად გადაიხადოს, ალბათ, გაკოტრებას ვერ გადაურჩება.

საგადასახადო კოდექსში ახალ ცვლილებათა პაკეტზე - უკეთ კი, მის ახალ ვარიანტზე - რამდენიმე ჯგუფი მუშაობდა, თუმცა საბოლოო პროექტის სახით მხოლოდ ორიოდე ვარიანტი თუა გამოქვეყნებული. თავისი მოსაზრება აქვს მთავრობასაც, რომელიც ჯერჯერობით საბოლოოდ არ არის ჩამოყალიბებული.

ხელისუფლების ვარიანტი, სახელმწიფო მინისტრის მოადგილის გიორგი ისაკაძის თქმით, გადასახადების გამარტივებას გულისხმობს. "დღგ მაღალია და მასზე ორიენტაცია, გარკვეულწილად, აკნინებს სხვა გადასახადების მიმართ დამოკიდებულებას". უმთავრეს მიზეზად კი, რომელმაც საბოლოოდ დაუკარგა სახე ამჟამინდელ საგადასახადო კოდექსს, გიორგი ისაკაძე მიიჩნევს იმ უამრავ შესწორებებს, რომელიც მეწარმისათვის ცნობილი მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც ახალი განაკვეთების გადახდის აუცილებლობის საკითხი წამოიწევს ხოლმე.

მეწარმეების ვარიანტიც გადასახადების გამარტივებას ითვალისწინებს და მათი შემოთავაზება, 18 სხვადასხვა გადასახადის ნაცვლად, 4 გამარტივებული გადსახადის შემოღებას გულისხმობს. მრეწველები ასევე ითხოვენ დღგ-ს 15 პროცენტიან განაკვეთს. ამასთან, მნიშვნელოვნად შეიცვლება შინაარსით ამ რთული გადასახადის გამოთვლის მეთოდიკა.

საერთოდ, საგადასახადო რეფორმაზე საუბრისას, აუცილებელია მოხდეს ამ რეფორმის საერთო ეკონომიკურ კონტექსტში განხილვა და რეფორმის შედეგების პროგნოზირება. ამასთან, საგადასახადო კოდექსი ის თემაა, რომელიც არანაკლები ვაჭრობის საგანი შეიძლება გახდეს, ვიდრე სახელმწიფო ბიუჯეტი. შესაბამისად, ცვლილებების მიღებისას ხელისუფლებამ თუ ისევ ნაცადი პოლიტიკური კონიუნქტურით იხელმძღვანელა, დიდი შანსია ამჟამად მოქმედი უვარგისი კანონის დარი ფისკალური მონსტრი შეიქმნას.
XS
SM
MD
LG