Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორი უნდა იყოს საქართველოს საარჩევნო სისტემა


საქართველოში, საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკური ბრძოლა სულ უფრო მწვავდება. ექსპერტები წინასაარჩევნოდ შეიარაღებულ დაპირისპირებასაც არ გამორიცხავენ,

მით უმეტეს, რომ პოლიტიკური უთანხმოების ძალისმიერი მეთოდებით გადაწყვეტის პრეცედენტები უკვე არც ისე ცოტაა. პოლიტიკური უსამართლობის წარმოქმნას, რაც ძალთა შორის უთანხმოების საფუძველია ხოლმე, გაუმართავი საარჩევნო სისტემა უწყობს ხელს.

ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფი თბილისიდან გამგზავრების წინ ჩვენს ხელისუფლებას დაჰპირდა, რომ ივნისის თვეში უფრო ხანგრძლივი დროით ესტუმრება საქართველოს. ამჟამინდელი ვიზიტის შედეგების შესახებ რადიო "თავისუფლების" 13 და 14 თებერვლის გადაცემებში ვისაუბრეთ. მათგან თვისებრივად განსხვავებული იქნება ივნისის თვეში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები, რადგან ის მხოლოდ საქართველოს საარჩევნო სისტემის საკანონმდებლო ბაზისა და წინასაარჩევნო მდგომარეობის ანალიზს მიეძღვნება. 14 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფის წევრმა მათიას მორმა განაცხადა:

[მათეას მორის ხმა] „უზარმაზარი უნდობლობაა პოლიტიკურ ძალებს შორის და ხელისუფლების მიმართაც ეს უნდობლობა დიდია. მინდა გავაფრთხილო საქართველოს ხალხი და პოლიტიკოსები, რომ თუ საქართველოში არ ჩატარდება ეფექტური, მაღალი დონის არჩევნები ყველა აღმოჩნდება წაგებულ პოზიციაში. ვერავინ ვერ იქნება არჩევნებში გამარჯვებული, თუ არ იქნება ნდობა და იმის რწმენა, რომ თავისუფლად და ობიექტურად ჩატარდა არჩევნები."

თუ როგორ უნდა მოეწყოს ისეთი არჩევნები, როგორსაც ევროსაბჭოს ექსპერტები გვირჩევენ, ჯერჯერობით არაა გადაწყვეტილი. მაგალითად, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი შემდეგნაირი საარჩევნო სისტემის შექმნის მოთხოვნით გამოდის:

[შალვა ნათელაშვილის ხმა] „ჩვენ ვთავაზობთ ადამიანურ სისტემას, სადაც მიცემული ხმა მივა დანიშნულების ადგილზე და არ გადასკუპდება გამყალბებელი სტრუქტურების განკარგულებაში. საუბარია საარჩევნო კომისიის პარიტეტზე, რომ იქ არც ერთ პარტიას არ ჰყავდეს ერთმანეთზე მეტი წარმომადგენლობა. საუბარია იმაზე, რომ საარჩევნო კომისიები აღარ ამტკიცებდნენ არჩევნების შედეგებს და ეს კომპეტენცია გადაეცეს სასამართლო ორგანოებს, ყველა 2-3 ფეხა პარტიამ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში ..."

ნათელაშვილი ამ წინადადებებს ევროსაბჭოს ექსპერტებს ჯერ კიდევ 2-3 წლის წინ სთავაზობდა, თუმცა მაშინ ევროსაბჭო თვალს ხუჭავდა საქართველოში არჩევნებისას მომხდარ დარღვევევბზე და ჩვენს მომავალს იმედის თვალით შეჰყურებდა. ახლა, როდესაც ილუზიები დაიმსხვრა, ამ ინსტიტუტის რეკომენდაციები უფრო მკაცრი გახდა და დროულად შესრულებასაც საჭიროებს. საქართველოს ხელისუფლების დაპირების მიხედვით, საარჩევნო სისტემის რეფორმირება ივნისის თვემდე, ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფის ჩამოსვლამდე, მოხდება. თუმცა - როგორ და რა ფორმით, ჯერჯერობით ხელისუფლებაში არ იციან.

საარჩევნო სისტემის სასწრაფო რეფორმირების აუცილებლობას ჩემთან სატელეფონო ინტერვიუში ხაზი გაუსვა არჩევნების ცნობილმა ექსპერტმა, პარლამენტარმა ვახტანგ ხმალაძემ. მისივე თქმით, ცვლილებების განხორციელებისთვის საკმარისი დრო ჯერ კიდევ რჩება.

[ხმალაძის ხმა] „იმის შემდეგ, რაც არ გამოიყო კენჭისყრის ელექტრონული სისტემის დანერგვისთვის, რჩება ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ამომრჩეველთა სიები მაინც გავწმინდოთ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, შევადგინოთ ამომრჩეველთა სიები ისეთი, რაც შეესაბამება რეალობას. ამის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არის. თუ ეს პროცესი გაიჭიმა და გვიან დაიწყო, მაშინ ამასაც გავუშვებთ ხელიდან."

ასევე აუცილებელი და სასწრაფოა საარჩევნო კომისიების ფორმირების წესისა და კომისიათა შემადგენლობის შეცვლა. ვახტანგ ხმალაძე ფიქრობს, რომ კომისიები ამომრჩეველთა ხმების 4 პროცენტის მფლობელი პარტიების წარმომადგენლებით, პარიტეტულ საწყისებზე უნდა დაკომპლექტდეს.

ამ და სხვა ინიციატივების განხილვა სახელმწიფო კანცელარიასა და პარლამენტში შექმნილ სპეციალურ კომისიებში მიმდინარეობს. კომისიათა წევრებსა და თავად ამ კომისიებს შორის კონსენსუსის მიღწევის შესაძლებლობა ჯერჯერობით ბუნდოვანია. მით უმეტეს, მათი თანხმობის შემთხვევაშიც კი საარჩევნო სისტემის რეფორმირებისთვის ხელისუფლების პოლიტიკური ნებაცაა საჭირო.

ევროსაბჭოს მისიის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ხელისუფლებაში ასეთი ნაძალადევი პოლიტიკური ნების არსებობა იგრძნობა, რადგან ევროსაბჭოში საქართველოს წევრობა დგება კითხვის ქვეშ. თუ რამდენად ეფექტური აღმოჩნდება ეს ნაძალადევი ნება, მხოლოდ ოთხიოდე თვის შემდეგ გახდება ნათელი, როდესაც ევროსაბჭოს მონიტორინგის მისია საქართველოში მორიგ რევიზიას განახორციელებს.
XS
SM
MD
LG