Accessibility links

logo-print

დაძაბული შიდა პოლიტიკური ცხოვრების მიუხედავად, გასული კვირის ქართული პრესის ყურადღების


თამარ ჩიქოვანი, თბილისი დაძაბული შიდა პოლიტიკური ცხოვრების მიუხედავად, გასული კვირის ქართული პრესის ყურადღების ცენტრში გლობალური პრობლემა - ერაყში საომარი მოქმედებების დაწყების შესაძლებლობა

და ამ პროცესში საქართველოს როლის განსაზღვრა იქცა. 14 თებერვლის გაზეთ "რეზონანსის" განცხადებით, საქართველო ამერიკის გრძელვადიანი მოკავშირე ხდება. რადიოსადგურ "ბი-ბი-სის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე - შეგახსენებთ, ბი-ბი-სი-მ პენტაგონში საკუთარი წყაროებიდან შეიტყო, რომ შეერთებული შტატები სერიოზულად განიხილავს საქართველოს მთავრობის წინადადებას, ერაყის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიისას გამოყენებულ იქნეს საქართველოს სამხედრო ბაზები - გაზეთი წერს, რომ ოფიციალური თბილისი ამერიკელებს ვაზიანის აეროდრომს დაუთმობს. "რეზონანსს" ეს ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროშიც დაუდასტურეს. თავდაცვის სამინისტროს აპარატის ხელმძღვანელის ალეკო მჭედლიშვილის თქმით, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე აქცენტს თავად ამერიკელები აკეთებენ. ამ ბაზას აქვს შედარებით განვითარებული ინფრასტრუქტურა და, როგორც ცნობილია, რუსეთის სამხედრო შენაერთების გასვლის შემდეგ ვაზიანის სამხედრო ბაზის თანამედროვე ტექნოლოგიებთან მისაახლოებლად ქართული მხარეც სერიოზულად გაისარჯა.


"საქართველოს ექსპერტთა გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოს მიერ ანტიერაყული პარტნიორობის შეთავაზება, არამედ ამ მიმართულებით თავად ვაშინგტონის გააქტიურება და ის, რომ შეერთებული შტატები თანახმაა საქართველოსთან სამხედრო პარტნიორობაზე. თუმცა საზოგადოების გარკვეული ნაწილისათვის ერთი რამ ნათელია- თბილისის ანტიერაყულ კოალიციაში ჩართვა უფრო მეტად პოლიტიკური ნაბიჯია, ვიდრე სამხედრო აუცილებლობა. " ეს გახლავთ სამხედრო-პოლიტიკური სტრატეგია და ამ თანამშრომლობაში უფრო მოსაწონია სწორედ პოლიტიკური პერსპექტივები. მიმაჩნია, რომ ეს თანამშრომლობა უფრო გრძელვადიანია და არ არის დამოკიდებული ანტიერაყული კამპანიის მოკლე ფრაგმენტზე," - მიაჩნია პოლიტილოგ რამაზ საყვარელიძეს.
თუმცა საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მაინც ფიქრობს, რომ ჯობდა ჩვენს ქვეყანას ერაყის მიმართ ნეიტრალური პოზიცია დაეკავებინა, რადგან საფრთხე იმისა, რომ ერაყის წინააღმდეგ ამერიკასთან ღია თანამშრომლობა ქვეყანას ისლამური სამყაროს პირისპირ დააყენებს, მაინც არსებობს.
ბი-ბი-სის მიერ გახმაურებული ინფორმაციის შემდეგ საქართველოს საზოგადოება ქართულ-ამერიკული ურთიერთობის მრავალმხრივ ასპექტზე დაფიქრდა. პირველი და უმთავრესი კი ის გახლავთ, თუ რა როლს შეასრულებს ანტიერაყულ კამპანიაში საქართველოს ჩართვა, აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების თვალსაზრისით. საგულისხმოა ბი-ბი-სის მიერ ქართულ-ამერიკული მოლაპარაკების კიდევ ერთი დეტალის გახმაურება. კერძოდ ის, რომ არ არის გამორიცხული, ერაყთან ომის დასრულების შემდეგ ამერიკელი სამხედროები ხანგრძლივი დროით დარჩნენ იმავე ვაზიანის სამხედრო ბაზაზე. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკელი ჯარისკაცების საქართველოში დარჩენის გრძელვადიანი პერსპექტივა ვაშინგტონს ქართულმა მხარემ შესთავაზა. პოლიტოლოგები და ექსპერტები ფიქრობენ,რომ ამ შემთხვევაში საქართველოში უკვე ჩნდება ამერიკული ბაზების არსებობის გარკვეული ნიშნები.
დაბოლოს, საქართველო ამერიკის მთავრობას აიმედებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამერიკელი სამხედროები საქართველოს ტერიტორიაზე განთავსდებიან, ადგილობრივი მოსახლეობა მათ მიმართ საკმაოდ თბილად იქნება განწყობილი. ფაქტი ერთია, რომ საქართველომ არჩევანი უნდა გააკეთოს სიბნელეში დარჩენასა და რეალურ თავისუფლებას შორის, რასაც ძლიერი მოკავშირის მხარდაჭერით მიაღწევს. რამდენად ძლიერია ამერიკა - პასუხი ყველასთვის ნათელია.


ექსპერტებზე დაყრდნობით, 14 თებერვლის "მთავარი გაზეთი" წერს, რომ ერაყში საომარი მოქმედებების წარმატებით დასრულებისთვის აუცილებელია ჩრდილოეთ ერაყზე მძლავრი საჰაერო დარტყმების განხორციელება. ამისთვის კი აუცილებელია თურქეთის ან საქართველოს აეროდრომების გამოყენება. აქედან გამომდინარე, ეს ორი ქვეყანა, სამხედრო თვალსაზრისით, ჰუსეინის რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვას ერთ-ერთი საუკეთესო პლაცდარმია. ამ შემთხვევაში, თურქეთისგან განსხვავებით, საქართველოს უფრო მომგებიანი პოზიცია აქვს. თუ ჰუსეინის რეჟიმი საპასუხო დარტყმებს განახორციელებს, მის ხელთ არსებული რაკეტები თურქეთის ტერიტორიას თავისუფლად მიაღწევს, საქართველოს კი ჰუსეინის ხელში არსებული რაკეტები ვერანაირად ვერ მისწვდება. "მთავარი გაზეთი" საქართველოს კიდევ რამდენიმე უპირატესობაზე ამახვილებს ყურადღებას:


თურქეთის ხელისუფლება დიდხანს მერყეობდა, დაეთმო თუ არა ამერიკისთვის საკუთარი აეროდრომები, ბოლოს მაინც იძულებით დათანხმდა. სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა ნატოს სამი წევრის - საფრანგეთის, ბელგიისა და გერმანიის მიერ დადებულმა ვეტომ იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ითვალისწინებდა თურქეთის აეროდრომებისთვის ფინანსურ დახმარებას. მესამე და ძირითადი ფაქტორი გახლავთ ის, რომ ამერიკელებს ერაყის კამპანიის საწარმოებლად თურქეთის ტერიტორიაზე უსაფრთხოების სრული გარანტია არ გააჩნიათ, რადგან თურქეთის ძირითადი მოსახლეობა მუსულმანები არიან.
სამხედრო ექსპერტების განმარტებით, ამერიკული ბაზის განლაგება საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოსთვის ძალზე მომგებიანია. მაგრამ ამისთვის, კონსტიტუციის თანახმად, საჭიროა პარლამენტის გადაწყვეტილება, რომელსაც, ექსპერტთა აზრით, აღმასრულებელი ხელისუფლება მარტივად მიიღებს.
ამჟამად ვაზიანის სამხედრო ბაზა და აეროდრომი საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია, თუმცა აეროდრომს ერთი ნაკლი აქვს - მას არ შეუძლია ღამის ფრენების მომსახურება.
ექსპერტები ფიქრობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამერიკელებმა მიიღეს გადაწყვეტილება გამოიყენონ საქართველოს ტერიტორია, მაშინ მათ ამ პრობლემის მოგვარება მაქსიმუმ ორ კვირაში შეუძლიათ, თუ ჩამოიტანენ შესაბამის ტექნიკას, რომლის დამონტაჟებას რამდენიმე დღე სჭირდება. ვაზიანის აეროდრომიდან ერაყამდე სულ რაღაც 800 კმ-ია. სამხედრო ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ აშშ-ის სამხედროებმა, ერაყში საომარი კამპანიის დაწყების შემთხვევაში, შეიძლება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კიდევ ერთი დიდი, შირაქის, აეროდრომი გამოიყენონ. ამის მიზეზად იმას ასახელებენ, რომ საქართველოში ეს ერთადერთი აეროდრომია, რომელსაც შეუძლია მოემსახუროს ზემძიმე ბომბდამშენებს, რომლებსაც აშშ-ის მხრიდან ანტიერაყული კამპანიის დროს აუცილებლად გამოიყენებენ.

14 თებერვლის გაზეთ " 24 საათის" ცნობით, ინფორმაცია ამერიკელებისთვის ბაზის გადაცემის შესახებ არ დასტურდება. "24 საათის" წყარომ ვაშინგტონიდან განაცხადა, რომ პენტაგონი არ გეგმავს ვაზიანის ბაზის გამოყენებას, უფრო მეტიც, ამ უწყებაში მომუშავე კავკასიის სპეციალისტები, რამდენიმე დღეა, ქალაქში არ იმყოფებიან და არავითარი გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით არ მიუღიათ. ქართული წყაროებიც ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ რედმეიკერის ვიზიტისას ვაზიანის ბაზის თემა არ განხილულა. საუბარი, ძირითადად, საქართველო-რუსეთის ურთიერთობას შეეხებოდა.
ექსპერტების თქმით, საქართველოს არაფერი უნდა ჰქონდეს იმის საწინააღმდეგო, თუ ვაშინგტონი მისი ბაზების გამოყენებას მართლა გადაწყვეტს. მაგრამ ამჟამად ვაზიანის ბაზა და საქართველოს საჰაერო ნავიგაციის სისტემა არ არის ისეთ მდგომარეობაში, რომ ამერიკულ თვითმფრინავებს, განსაკუთრებით, სამხედრო ავიაციას, მისი გამოყენება შეეძლოს. შეერთებული შტატები რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის დახარჯვას აპირებს, რათა საჭირო კონდიციამდე მიიყვანოს თურქეთის პორტები და აეროდრომები, რომლებსაც შეუდარებლად უკეთესი ინფრასტრუქტურა აქვთ, ვიდრე ვაზიანის აეროდრომს.
XS
SM
MD
LG