Accessibility links

logo-print

რატომ არ სურს ხელისუფლებას ხალხთან ურთიერთობა


საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე არ ჰყოლია ხელისუფლება, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობას ისურვებდა. პოლიტიკოსები მოსახლეობას წინასაარჩევნოდ ხვდებიან

და შემდგომ არჩევნებამდე ეკარგებიან. აღმასრულებელი ხელისუფლება კი ათას ბარიერს ქმნის იმისათვის, რომ რიგით მოქალაქესთან კონტაქტი შეიზღუდოს. ეს ეხება არა მხოლოდ მათ საქმიანობას, არამედ პირად ცხოვრებასაც - რასაც მდიდარი ჩინოვნიკების სასახლეების ირგვლივ შემოვლებული გალავნებიც ადასტურებს.

რატომ არ სურს ხელისუფლებას ხალხთან ურთიერთობა? ამ შეკითხვაზე პასუხის საკუთარ ვერსიას შემოგთავაზებთ.

სოციოლოგია, რომელიც საზოგადოების არსებობისა და განვითარების კანონებს სწავლობს, "ურთიერთობის" ცნებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. იმისათვის, რომ ადამიანების კრებული საზოგადოებად ჩამოყალიბდეს, მათ შორის უშუალო კონტაქტი საკმარისი არ არის, აუცილებელია ურთიერთობა. ურთიერთობას კი მკაცრად განსაზღვრული ფუნქციები აქვს, რაც ადამიანებს ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობას აკისრებს. მეორე მხრივ, იმისათვის, რომ ჩვეულებრივი საზოგადოება სამოქალაქო საზოგადოებად გარდაიქმნას, საჭიროა სრულფასოვანი ურთიერთობა ხელისუფლებასა და ქვეყნის დანარჩენ მოსახლეობას შორის. როგორც კი ურთიერთობის არსებით ფუნქციებს გავიაზრებთ, მაშინვე გაეცემა პასუხი შეკითხვას - რატომ არ სურს ხელისუფლებას ხალხთან ურთიერთობა. და აქვე მივიღებთ პასუხს მეორე შეკითხვაზე: რატომ არ და ვერ იქმნება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება.

დავიწყოთ იმით, რომ ურთიერთობას აქვს კავშირის ფუნქცია. როგორც კი ხელისუფლების რომელიმე მაღალჩინოსანი ხალხთან ურთიერთობას ცხოვრების წესად გაიხდის, იგი მაშინვე აღმოჩნდება დაკავშირებული უბრალო ადამიანთან. ესე იგი, უშუალოდ დაინახავს ადამიანის ყოველდღიურ ყოფას, გასაჭირს, დარდს და სიხარულს. რაკიღა ნებისმიერმა მინისტრმა და პოლიტიკოსმა ზოგადად იცის, რომ დღევანდელ საქართველოში ადამიანი დაუცველია, რომ მისი ყოფა გაუსაძლისია და რომ საზოგადოების ნებისმიერ წევრს დახმარება სჭირდება - უარს ამბობს მასთან ურთიერთობაზე, მასთან კავშირზე. ამის შედეგად, ხელისუფლება კომფორტულად ცხოვრობს სახელისუფლო აკვარიუმში.

ურთიერთობას აქვს ადამიანის ჩამოყალიბების ფუნქციაც. როგორც ბავშვი იცვლება უფროსების გვერდით, ჩინოვნიკიც უსათუოდ შეიცვლება საზოგადოებასთან ურთიერთობის პირობებში. შეიცვლება მისი საქმიანობის წესი, გაიზრდება პასუხისმგებლობის ხარისხი, მოიმატებს პროფესიონალიზმი და მიღებული გადაწყვეტილებების ეფექტიანობა. ამით კი ქართველი ჩინოვნიკები დაინტერესებულები არ არიან. პირიქით. როგორც პარლამენტის წევრმა კოტე კემულარიამ განმარტა, საქართველოს ხელისუფლებაში პირადი ინიციატივა დასჯადია. ამიტომ საზოგადოებასთან ურთიერთობის გაწყვეტის პირობებში ნებისმიერი ხელისუფალი რჩება განვითარების საწყის დონეზე, რაც კომფორტულია მისთვის, რადგან კომფორტულია მთლიანად სისტემისთვის.

ურთიერთობის შემდეგი ფუნქციაა დამკვიდრება. ადამიანი ეძებს საყრდენ კუნძულებს საზოგადოებაში, რაც დამკვიდრებაში ეხმარება. ურთიერთობის ეს ფუნქცია განსაკუთრებით მიუღებელია ხელისუფლებისთვის. მთავრობის და პარლამენტის წევრები ხშირად ჩრდილოვანი შემოსავლებით ცხოვრობენ, ჩრდილოვანი შემოსავლები კი სწორედ საზოგადოებისთვის მოპარული ფულია. ამიტომ ხელისუფლების წარმომადგენელთა მიზანია, საზოგადოებამ საერთოდ დაივიწყოს მათი არსებობა. ისინი უხმოდ აცხადებენ: მე აქ არ ვარ, მე არ ვარსებობ. -თითქმის ასეც არის.

ურთიერთობის კიდევ ერთი არსებითი ფუნქციაა პიროვნებებს შორის დამოკიდებულების განსაზღვრა. ეს კი გულისხმობს ერთი ადამიანის მიერ მეორის შეფასებას: მომწონს - არ მომწონს, მისაღებია - მიუღებელია, წესიერია - უწესოა, გონიერია - უგუნურია და ასე შემდეგ... ამ უბრალო ადამიანურ კრიტერიუმებს ხელისუფლებიდან ცოტა ვინმე თუ უძლებს. ამიტომაც დანარჩენებს, უმრავლესობას, არ სურს, თავისი სახით წარდგეს საზოგადოების წინაშე. ამ კუთხითაც, იზოლაცია გაცილებით კომფორტულია, ვიდრე ურთიერთობა.

დაბოლოს, ურთიერთობის ცნების უაღრესად საინტერესო ასპექტია მისი შიდაპიროვნული ფუნქცია - ურთიერთობა საკუთარ თავთან. ძნელი სათქმელია, რას ფიქრობს რომელიმე მინისტრი, როდესაც საკუთარ თავთან მარტო რჩება და ფიქრობს თუ არა საერთოდ. მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ ხელისუფლებამ უარი თქვა დანარჩენ საზოგადოებასთან ინტეგრირებაზე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ურთიერთობის შიდაპიროვნული ფუნქცია მას, მით უმეტეს, გაუქმებული აქვს. თუ ასე არ არის, მაშინ ხელისუფალმა, კორუფციული პირამიდის ბურჯმა, საზოგადოებისგან მოწყვეტილმა, კეთილდღეობაში ჩაძირულმა, საკუთარ თავს უნდა აუხსნას, რატომ ცხოვრობს მაინცდამაინც ასე და არა სხვაგვარად. და, რაც კიდევ უფრო ძნელია, საკუთარ თავს უნდა აუხსნას, რატომ ცხოვრობენ სხვა ადამიანები მაინცდამაინც ისე, როგორც ცხოვრობენ.

ადვილი მისახვედრია: ხელისუფლების წარმომადგენლები ამგვარი ახსნა-განმარტებით რომ იწუხებდნენ თავს, ამ თემაზე საუბარი საერთოდ აზრს დაკარგავდა.
XS
SM
MD
LG