Accessibility links

logo-print

როგორ ეხმარება აშშ საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებას?


თებერვლის დასაწყისში საქართველოს თავდაცვის

სამინისტრომ საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის სფეროში გასულ წელს გაწეული მუშაობის შედეგები შეაჯამა. უწყების მიერ წარმოდგენილი საგარეო სამხედრო დახმარების მოცულობით, პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, რომელიც საქართველოს სამხედრო ძალების "წვრთნისა და აღჭურვის" მეტად მნიშვნელოვან პროგრამას აფინანსებს. თუმცა საზოგადოებას გაცილებით ნაკლები ინფორმაცია აქვს ერთობლივ ქართულ-ამერიკულ პროექტებზე, რომლებიც სახმელეთო და საზღვაო საზღვრების დაცვის თანამედროვე სისტემებით უზრუნველყოფასა და კრიზისული მართვის ერთიანი ცენტრის შექმნას ისახავს მიზნად.

სავარაუდოდ, აპრილის თვიდან, საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი 10 მილიონი დოლარის მოცულობის დახმარების ათვისებას დაიწყებს. საქართველოს სასაზღვრო უწყების ოფიციალური ინფორმაციით, ამერიკის მხარესთან ერთად უკვე განსაზღვრულია პრიორიტეტები, რომელთა მიხედვითაც ამ თანხის ათვისება მოხდება.

როგორც ირკვევა, პირველი რიგის ამოცანას ქართველ მესაზღვრეთა დამატებითი კონტინგენტის აღჭურვა, სხვადასხვა საგუშაგოების გაძლიერება და საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე კონტროლის გაფართოება წარმოადგენს. ამასთან, აღნიშნული თანხის ათვისება მოხდება პროგრამულად და მის განკარგვას მთლიანად ამერიკული მხარე გააკონტროლებს. საქართველოს სასაზღვრო უწყება კი, როგორც მიმღები მხარე, ტექნიკური საშუალებებისა და ინვენტარის პრიორიტეტების მიხედვით განაწილებასა და მათ სწორ ექსპლუატაციაზე იქნება პასუხისმგებელი.

ასეთ რეჟიმში მუშაობას, ქართველი მესაზღვრეები და ამერიკელი სპეციალისტები მეხუთე წელია განაგრძობენ პირველი ერთობლივი პროექტის ირგვლივ, რომელიც სახელმწიფო საზღვრის მართვის, კონტროლისა და თვალთვალის სისტემის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.

ამ სისტემას სახელად "იორი" ეწოდება და მისი შექმნის იდეა ეკუთვნის ქართველ მეცნიერს ანატოლი გორგოშიძეს, რომელსაც სხვადასხვა დროს რუსეთის ზესაიდუმლო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში მუშაობის მრავალწლიანი სტაჟი აქვს და კარგად იცის რადიოელექტრონული ბრძოლის ულტრათანამედროვე საშუალებების უპირატესობა. ქართველი კონსტრუქტორის მიერ შემუშავებული იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყნის საზღვრის დაცვა სწორედ ცენტრალიზებულ-ელექტრონული სისტემით ხორციელდებოდეს და არ იყოს, როგორც აქამდე ხდებოდა, ცალკეული მწყემსების მიერ "გოდრით ჩამოტანილი" ინფორმაციების იმედზე.

ქართველი კონსტრუქტორის მიერ შექმნილი სისტემა "იორი" კომპლექსურია და იგი სამი - კავშირის, კონტროლისა და თვალთვალის - ქვესისტემისაგან შედგება.
კავშირის ქვესისტემა მოიცავს ინფორმაციის გადაცემის, გადამუშავებისა და დაარქივების კომპონენტებს და იგი ცენტრალური სტრუქტურებისთვის საზღვრის მდგომარეობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მიწოდებას მოწესრიგებული კავშირგაბმულობის საშუალებით უზრუნველყოფს. ამ მიზნით, ცენტრიდან დაშორებულ სასაზღვრო საგუშაგოებზე მონტაჟდება მცირეგაბარიტიანი ამერიკული ფირმა "ჰარისის" მოკლეტალღოვანი რადიოსადგურები, რომლებიც მცირე რაოდენობის ელექტროენერგიას მოიხმარენ და, ფორსმაჟორულ ვითარებაში, ელექტრომომარაგების მიღება მზის ბატარეებითა და ქარის ელექტროგენარატორებიდანაც შეუძლიათ.

აღსანიშნავია, რომ სისტემა "იორის" შესაქმნელად ამერიკა უკვე ყოველწლიურად გამოყოფს 3-4 მილიონი დოლარის ტექნიკურ დახმარებას და ანატოლი გორგოშიძეც პირველ შედეგებზე საუბრობს.

[ანატოლი გორგოშიძის ხმა] "დაახლოებით 30-40 პროცენტი რაელიზებულია და, თუ ორი სიტყვით გაინტერესებთ, გეტყვით, რომ ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ნებისმიერი სახელმწიფო, ასეთი სისტემების გარეშე თანამედროვე პირობებში ვერ იმუშავებს. იმიტომ რომ, თუ არ იქნება ინფორმაციის რეალურ დროში გადაცემა საზღვრიდან ცენტრში და ცენტრიდან - საზღვრამდე, თუ არ იქნა დაყენებული გარკვეული სენსორები, როგორ უნდა ვიმუშაოთ? ეს აუცილებელი ატრიბუტია."[სტილი დაცულია]


სისტემა "იორის" მეორე კომპონენტია კონტროლის ქვესისტემა, რომელიც საკონტროლო-გამშვებ პუნქტებში სპეციალური აღრიცხვის აპარატის ფუნქციონირებას ითვალისწინებს. ეს კომპონენტი მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მინიმუმამდე შემცირდეს ქვეყანაში კონტრაბანდული საქონლის შემოტანა და კონტროლდებოდეს საქართველოს გავლით ტრანზიტული ტვირთების ბრუნვა. არავისთვის დასამალი არ არის, რომ კონტრაბანდული საქონლის მაღალი ხვედრითი წილის გამო, საქართველოს ბიუჯეტი ყოველწლიურად 50-60 მილიონი დოლარის შემოსავლებს კარგავს.

მესამე, თვალთვალის, ქვესისტემით ხდება საზღვაო სანაპირო ზოლისა და მწვანე საზღვრის კონტროლი სპეციალური სენსორებითა და რადიოლოკატორებით. ამერიკელების დახმარებით, სუფსის ნავთობის ტერმინალზე უკვე დაწყებულია ამგვარი აპარატურის დამონტაჟება. კიდევ უფრო ძლიერი სენსორული აპარატურა დამონტაჟდება ბაქო-თბილისი- ჯეიხანის ძირითადი საექსპორტო ნავთობსადენის მარშრუტზე.

გარდა ამისა, საზღვრის დარღვევების აღმოსაჩენად, ერთ წელიწადზე მეტია სპეციალური სენსორები ფუნქციონირებენ საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ჩეჩნეთ-ინგუშეთის მონაკვეთზე. ამიტომ საქართველოს სახელმწიფოს პირველი პირების მიერ ბოლო ხანს გაკეთებული განცხადებები ამ მონაკვეთზე არსებული ოპერატიული ვითარების შესახებ სწორედ ამ აპარატურით მიღებულ ინფორმაციებს ეყრდნობა. ინფორმაციის სიზუსტე კი უმნიშვნელოვანესი ელემენტია კრიზისული მართვის ცენტრებისთვის, რომლებიც ამ ინფორმაციების გადამუშავების შემდეგ განსაზღვრავენ საფრთხეს და სათანადო სტრუქტურებს გარკვეულ რეკომენდაციებს აძლევენ.

ანატოლი გორგოშიძის თქმით, სისტემა "იორი" ამგვარი მართვის ცენტრის შექმნასაც გულისხმობს.

[ანატოლი გორგოშიძის ხმა] "ამერიკის დახმარებით, ამერიკის ტექნიკური დახმარებით კეთდება ყველაფერი. ტექნიკა, რასაც ჩვენ ვიყენებთ, ჩამოდის მათგან. ჩვენი პროექტია, ჩვენი ექსპერტები მუშაობენ და ჩამოდის მათგან. მთელ ამ სისტემას აქვს თავისი მართვის ცენტრი, რომელიც უნდა შეიქმნას. მაგრამ ამჟამად ყველაფერი კეთდება დაუმთავრებელ სიტუაციაში. მაგრამ წლის ბოლოს, რაღაც გარკვეული გადაწყვეტილებები ავტომატურადაც იქნება მიღებული."

მაგრამ იმისთვის, რომ საქართველოს შესაბამისი სტრუქტურები სრულად ფლობდნენ ქვეყნის საზღვრებზე მიმდინარე პროცესებს, სისტემა "იორი" ერთ-ერთი აუცილებელი, მაგრამ არა საკმარისი პირობაა. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ სისტემის შექმნა მხოლოდ შუა გზაზეა და თანაც "იორი" არ არის გათვალისწინებული საქართველოს საჰაერო სივრცის კონტროლისათვის, რაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეროგატივაა. მაგრამ წელს საქართველოს გაუჩნდა შანსი შეუერთდეს ნატოს ინიციატივას, რომელიც წევრ სახელმწიფოთა შორის საჰაერო ვითარების მონაცემთა ურთიერთგაცვლას ითვალისწინებს. თუ ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც ჩაფიქრებულია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ალიანსის ამ ინიციატივასთან მიერთების პროცედურა 2-3 წელს გასტანს, დაახლოებით ამდენივე დრო სჭირდება სისტემა "იორის" სრულყოფილად ამოქმედებას, რის შემდეგაც საქართველოს ზუსტი სურათი ექნება მის ტერიტორიაზე წყლით, ხმელეთითა თუ ჰაერით მოხვედრილ ყველა დაპატიჟებულ თუ დაუპატიჟებელ სტუმარზე.
XS
SM
MD
LG