Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ახალგაზრდულ პროგრამას" კიდევ ერთხელ


ეკა წამალაშვილი და დავით პაიჭაძე, თბილისი "ახალგაზრდულ პროგრამას" კიდევ ერთხელ

ვუთმობთ პრობლემებს, რომელიც ჩვენი საზოგადოების - განსაკუთრებით კი, მისი უმცროსი თაობის - ყველაზე მძიმე პრობლემებად უნდა მივიჩნიოთ. ეს არის ნარკომანია და დამნაშავეობა.

ჯერ ნარკომანიის პრობლემაზე ვისაუბრებ, შემდეგ კი შემოგთავაზებთ დავით პაიჭაძის ინტერვიუს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, კახი კახიშვილთან, თემაზე : რატომ ირჩევენ ახალგაზრდები კრიმინალურ კარიერას და როგორია ვითარება საქართველოს ციხეებში.


საქართველოში, რა თქმა უნდა, არ არსებობს სტატისტიკა იმის შესახებ, თუ ბოლო წლებში რამდენი ადამიანი გარდაიცვალა ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზით მიღების გამო, რამდენი ადამიანი დაავადდა იმ მძიმე ქრონიკული დაავადებებით, რომელთა გავრცელებასაც, მეტწილად, ნარკომანიის პრობლემა განაპირობებს, ან ნარკოტიკების რამდენი აქტიური მომხმარებელია, დაახლოებით, საქართველოში. ნარკოლოგიის ინსტიტუტში ნარკომანთა იმ რაოდენობის დასახელება შეუძლიათ, რამდენიც აღრიცხვაზეა აყვანილი. იქ განმარტავენ, რომ, მათ ხელთ არსებული მონაცემების საფუძველზე, უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოში 120000 ნარკომანი მაინც უნდა იყოს. რამდენად ახლოს არის ეს ვერსია რეალობასთან, ძნელი სათქმელია. ფაქტია, რომ ბოლო წლებში საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ეგრეთ წოდებული "კაიფის" ქვეშ ცხოვრობს და, ამ მხრივ, უმძიმესი მდგომარეობაა არა მარტო დედაქალაში, არამედ საქართველოს ყველა რეგიონში.
თუ ადრე ნარკოტიკებზე დამოკიდებულ ადამიანებს ნარკოტიკების საშოვნელად ჩრდილოეთ კავკასიაში, ჩრდილო თუ ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ან ამ საზღვრის იქით უხდებოდათ მოძრაობა, ბოლო წლებში ნარკოტიკები გაცილებით იოლი მისაწვდომი გახდა. ცნობილია მიმართულებები, საიდანაც საქართველოში ნარკოტიკები შემოედინება. აღნიშნავენ, მაგალითად, რომ აფხაზეთიდან დანარჩენი საქართველო, ძირითადად, მარიხუანით მარაგდება, ოსეთიდან კი - უფრო ძლიერმოქმედი ნარკოტიკებით, კახეთის - და არამარტო ამ რეგიონის - ნარკოტიკებით მომმარაგებელი პანკისის ხეობაა და ასე შემდეგ. ნარკოტიკები საქართველოში შორეული ქვეყნებიდანაც შემოაქვთ. მაგალითისთვის, ბოლო დროს საქართველოში თავისი აქტიური მომხმარებელი გაუჩნდა ევროპის ქვეყნებიდან შემოტანილ პრეპარატ სუბუტექსს. ნარკოლოგები განმარტავენ, რომ ვინაიდან ეს პრეპარატი აქ ძვირად იყიდება, მას მაინცდამაინც ფართო მომხმარებელი არ უნდა ჰყავდეს. მათი მტკიცებით, ძლიერი ზემოქმედების ნარკოტიკებიდან საქართველოში ყველაზე ფართო მოხმარებას მაინც ჰეროინი და ოპიატები ექვემდებარება - ის ნივთიერებები, რომლებზეც ადამიანი პირველივე მოხმარებიდან შეიძლება გახდეს დამოკიდებული. აღარაფერს ვიტყვით ჰაშიშზე, რომლის მომხმარებლებიც მას ნარკოტიკად არ აღიქვამენ, მაგრამ რომელიც განსაკუთრებით საშიშია, მომხმარებლის ფსიქიკაზე ზეგავლენის თვალსაზრისით. ამ და სხვა ნარკოტიკების რეალიზატორები არსებობენ საქართველოს ყველა რაიონში, თბილისის ყველა უბანში და ისინი ამ მომაკვდინებელ ბიზნესს თითქმის დაუფარავად ეწევიან. მათი სახელები კარგად უნდა იყოს ცნობილი პოლიციელებისთვისაც. მაგრამ ნარკობიზნესი და ნარკომანია საქართველოში იქცა პრობლემად, რომლის არსებობით - ნარკომანებზე მეტად თუ არა, არა ნაკლებ - პოლიციელები უნდა იყვნენ დაინტერესებულნი.

არსებული კანონმდებლობით, ნარკოტიკების ზემოქმედების დადასტურების შემთხვევა პირის აღრიცხვაზე აყვანით და ადმინისტრაციული სასჯელით ისჯება. განმეორებით შემთხვევას კი უკვე 6 თვემდე პასუხიმგებლობა ეფარდება. ნარკოტიკული ნივთიერების ზეგავლენა პლუს ნარკოტიკის ქონის დადასტურება (საუბარია, მცირე, არასარეალიზაციო რაოდენობაზე) სისხლის სამართლის შესაბამისი მუხლით - 12 წლამდე პასუხისმგებლობით ისჯება. გააჩნია ნარკოტიკს და გააჩნია დოზას. ძლიერი ზემოქმედების ნარკოტიკის -ჰეროინის ქონაზე, 0,05 დოზიდან ზემოთ, სასჯელი 12 წლამდე პასუხისმგებლობით განისაზღვრება. თუმცა 2000 წლამდე ასეთი ფატების დადასტურება 3 წლამდე პატიმრობით ისჯებოდა. კანონის შეცვლამდე საუბარი იყო მცირე დოზის ქონის შემთხვევების დეკრიმინალიზაციაზე, მაგრამ მოხდა პირიქით და პოლიციამ გარიგების მაჩვენებელიც ასწია. ვინც ფულს გადაუხდის, გაუშვებს. ასეა უმეტეს შემთხვევაში. შინაგან საქმეთა მინისტრი კი აცხადებს, რომ მისი უწყება ნარკომანიას ებრძვის და საქართველო, ნარკოტიკების გავრცელებისა და მოხმარების თვალსაზრისით, მოწინავე ქვეყანა არ არის.

[კობა ნარჩემაშვილის ხმა] "არა ვართ, გაზეთებში კი იწერება, თითქოს, ვიყოთ. რაც შეეხება მოვაჭრეებს, პოლიციამ დააკავა რამდენიმე ნარკოტიკებით მოვაჭრე. ეს პროცესი გრძელდება და არ არის ისე, რომ პოლიციას წამყვანი როლი უკავია ამ პრობლემის არსებობის გამო. რა თქმა უნდა პოლიციის სპეციფიკიდან გამომდინარე, გარკვეული პრობლემები არის, მაგრამ..."


მაგრამ, როგორც კობა ნარჩემაშვილმა ამ რამდენიმე დღის წინ პარლამენტში გამოსვლისას თქვა, ყევლაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ არ არსებობდეს ნარკომანიის პრობლემით ხელით მოთბობის ნიადაგი. მინისტრის მტკიცების მიუხედავად, რამდენად, როგორ და რა მეთოდებით უწყობს ხელს პოლიცია ნარკობიზნესის არსებობას, შესაბამისად - ნარკომანიას, ყველასთვის ნათელია. სხვაგვარად რომ იყოს, მაშინ არც ნარკომანიის ბუმი იქნებოდა.

სიმართლე ნარკოტიკების შესახებ არის ის, რომ იგი იწვევს სასიამოვნო ემოციებს ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური რეზერვების ხარჯზე. თვეებზე და წლებზე განსაზღვრული რეზერვი ერთ ჯერზე იხარჯება. გამოდის, ადამიანი თავის ჯანმრთელობას, თავის სიცოცხლეს იპარავს და ამის შესახებ მაშინღა იგებს, როცა ნარკოტიკების გარეშე არსებობა აღარ შეუძლია, როცა ნარკოტიკის მოსაპოვებლად ყველაფერზე წავა. ეკლესია წამალთდამოკიდებულებას უმძიმეს ცოდვად განიხილავს. აი, რას ამბობენ ამ სენის შესახებ საქართველოს საპატრიარქოში:

[ზურაბ ცხოვრებაძის ხმა] "ნარკოტიკული გაბრუების ტყვეობაში მყოფი ადამიანი, ფაქტობრივად, სატანის ტყვეობაში იმყოფება. როდესაც ადამიანი ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზის მიღების შედეგად გარდაიცვლება, ეკლესია ვეღარ ლოცულობს მისი სულისათვის. ამიტომ ამ ადამიანებს უნდა ესმოდეთ, რამდენად მძიმე სნეულებაა ნარკომანია. ამავე დროს, მინდა ვუთხრა მათ, რომ არ არის შეუძლებელი მისი დაძლევა, რადგან ის, რაც კაცთათვის შეუძლებელია, უფლისათვის არის შესაძლებელი."


ზურაბ ცხოვრებაძე ამბობს, რომ ყოფილა შემთხვევები, როცა უიმედო ნარკომანებს სხეულის და სულის სახსნელად ეკლესიისთვის მიუმართავთ და ეკლესიის დახმარებით ეს სენი დაუმარცხებიათ. მაგრამ ასეთი ფაქტები არცთუ ისე ბევრია. ნარკომანია და თავისუფლება, ნარკომანია და არჩევანის თავისუფლება ერთმანეთს ვერ უთავსდება. ნარკოტიკებს სჭირდებათ მონები, ნარკოტიკები იმონებს ადამიანს და მათგან გათავისუფლება ძალიან რთული, ზოგ შემთხვევაში თითქმის შეუძლებელი ხდება. ნარკოტიკებს დამონებული ადამიანი ყველაფერს კარგავს და, ბოლოს და ბოლოს, დგება რეალობის წინაშე, როცა ის აღარავის სჭირდება, ნარკოტიკებით მოვაჭრეებისა და პოლიციელების გარდა. საქართველოში ასეთები ძალიან ბევრნი არიან. ხელისუფლებას კი მაინც არ უნდა აღიაროს, რომ ნარკომანიის პრობლემა საქართველოში ყველაზე საშიში პრობლემაა და მასთან ბრძოლის ის მეთოდები, რომელსაც ის იყენებს, უფრო ამძიმებს მას.

გადაცემას განვაგრძობთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახი კახიშვილთან საუბრით. მასთან ინტერვიუს დავით პაიჭაძე უძღვება.
XS
SM
MD
LG