Accessibility links

logo-print

ორი ჩემპიონატი და ერთი ყრილობა


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი საქართველოს მოჭიდავეთათვის ახალი სპორტული სეზონი,

ტრადიციულად, ეროვნული ჩემპიონატით დაიწყო. მიხეილ კეკელიძის სახელობის ვერის სპორტულ დარბაზში ზედიზედ ორი ჩემპიონატი გაიმართა: ჯერ თავისუფალ ჭიდაობაში, მერე - ბერძნულ-რომაულში. ადრე ამგვარი ტურნირები უხმაუროდ და უინტერესოდ ჩაივლიდა ხოლმე. ჭიდაობის ფედერაციის ახალმა ხელმძღვანელობამ ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად სწორედ ეროვნული ჩემპიონატის აღორძინება დაისახა და, როგორც ჩანს, მიზანსაც მიაღწია: ახლანდელი შეჯიბრებები, ორგანიზაციული თუ სპორტული თვალსაზრისით, ადრინდელზე უკეთესია, რასაც მონაწილეთა ოსტატობა, დაძაბული ორთაბრძოლები და გულშემატკივართა სიმრავლეც ადასტურებს. მსოფლიო ჩემპიონების - ელდარ კურტანიძისა და მუხრან ვახტანგაძის გარდა, სარბიელზე ყველა უძლიერესი მოჭიდავე გამოვიდა. შარშანდელი მძიმე სეზონის შემდეგ, მწვრთნელებმა კურტანიძეს დასვენება ურჩიეს, ვახტანგაძეს კი გრიპმა შეუშალა ხელი. ამ ფალავნებს არაერთხელ მოუგიათ ქვეყნის ჩემპიონატი, ბადრი ხასაიამ და მანუჩარ კვირკველიამ კი ამის გაკეთება პირველად წლეულს შეძლეს. არადა, საერთაშორისო ტიტულები არ აკლიათ: ხასაია შარშან ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა, კვირკველიამ კი ამავე ტურნირებში, შესაბამისად, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიგო. "აქ გამარჯვება არანაკლებ გამიჭირდა, ვიდრე ევროპის შარშანდელ ჩემპიონატზე, - ამბობს ბადრი ხასაია. - ჩემს წონაში რამდენიმე ძლიერი მოჭიდავეა და რაკი მათი დამარცხება შევძელი, ნაკრებში ადგილს შევინარჩუნებ და ოლიმპიური ლიცენზირებისთვის ვიბრძოლებ." ეროვნული ჩემპიონატის შედეგებით კმაყოფილია საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა ნაკრების უფროსი მწვრთნელი ბეგი დარჩია, რომელიც მედალოსნებს და ნაკრების სხვა კანდიდატებს მალე საწვრთნელ შეკრებაზე უხმობს და საერთაშორისო ტურნირებისთვის მოამზადებს. ამათგან უმთავრესია ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები. საქართველოს სპორტის აკადემიის ჭიდაობის კათედრის გამგის გურამ რატიშვილის თქმით, უმეტეს წონით კატეგორიაში პერსპექტიული ახალგაზრდები გამოჩნდნენ, რომელთაც გუნდური შეჯიბრების მოგებაც ხელეწიფებათ.
(გურამ რატიშვილის ხმა): "კიდევ ერთი საინტერესო შეჯიბრება გაიმართება წელს მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ - მსოფლიო თასი ალმა-ათაში. იქ ყველა შანსი გვაქვს ჩვენ, რომ გავხდეთ გამარჯვებულები. ყოველ შემთხვევაში, ბიჭებშიც და მწვრთნელებშიც ისეთი განწყობაა, რომ უნდა იჭიდაონ ღირსეულად. შარშანდელთან შედარებით, რამდენიმე ნაბიჯი არის გადადგმული უკეთესობისკენ. ჭიდაობის ქართული სკოლა გამოირჩეოდა ტექნიკით და დღეს სწორედ ის თაობა გამოჩნდა, რომელიც კარგად ფლობს ჭიდაობის ტექნიკას."
ჭიდაობის პროფესორად აღიარებული ვახტანგ ბალავაძე ასევე ოპტიმისტურად უყურებს თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა პერსპექტივას და დღევანდელ დებიუტანტებში მომავალ ჩემპიონებს ხედავს. "ნიჭიერი თაობა მოდის, მაგრამ ნიჭს მოვლა-პატრონობა სჭირდება," - ამატებს მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, საქართველოს პარლამენტის სპორტის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე რომან რურუა. მისი აზრით, ქართველ ფალავანთა სპორტული შედეგები ახლოსაც ვერ მივა ჩვენს პოტენციურ შესაძლებლობებთან.
(რომან რურუას ხმა): "რაც დევს ჩვენს ბუნებაში, იმას ვერ ვიყენებთ. ჩემთვის ეს ტრაგედიაა. მე ამას ვუყურებ და ვხედავ, მაგრამ ვინც არ იცის, იმისთვის ეს არაფერი არ არის. შეხედავ ბავშვს, ხედავ, რომ ამ საქმისთვის არის დაბადებული, ოღონდ ცოტა ხელი შეუწყვე და ნაღდი ჩემპიონია. საქართველოში ოთხი მოჭიდავიდან ერთი მსოფლიო ჩემპიონი უნდა ხდებოდეს."
რომან რურუას თქმით, საქართველოში არა გვყავს ისეთი სპორტსმენი, რომელზეც თამამად ვიტყვით - მსოფლიო ჩემპიონატზე ან ოლიმპიურ თამაშებზე ჩავა და ჩემპიონი გახდებაო. თუ სპორტს მივხედავთ და ვუპატრონებთ, საქართველო აუცილებლად დაიბრუნებს სპორტული ქვეყნის სახელს, - აცხადებს ბატონი რომანი და, იმავდროულად, სპორტული ფედერაციების დამოუკიდებლობაზე საუბრობს.
(რომან რურუას ხმა): "ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მომავალში ფედერაცია ნამდვილად დამოუკიდებელი იყოს. ყველა დამოკიდებულია სახელმწიფო ბიუჯეტზე და ეს უკვე დამოუკიდებლობა არ არის. ჩვენც გვინდა შევქმნათ ისეთი ფედერაცია, რომელიც იარსებებს სახელმწიფოს დახმარების გარეშე."
თუ დამოუკიდებლობის ხარისხი სახელმწიფო ბიუჯეტთან ურთიერთობით განისაზღვრება, მაშინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ვერავინ მივა. ამ ფედერაციას ბიუჯეტი არ აფინანსებს და ზოგჯერ თავი ისე უჭირავს, თითქოს სახელმწიფოსთან საერთო არაფერი ჰქონდეს. თუნდაც შარშანდელი საყრილობო ამბები გავიხსენოთ, როცა ფედერაციის ხელმძღვანელობა კანონზე მაღლა დადგა და სამოქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილა, სწორედ იმ სასამართლოს, რომელმაც თავის დროზე ფედერაციის წესდება რეგისტრაციაში გაატარა. სამაგიეროდ, ფედერაციამ სრულად გაითვალისწინა მამა-მარჩენლის - ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის - მითითებები და წესდების ახალი პროექტი მოამზადა. ეს პროექტი ზარ-ზეიმით მიიღეს გასულ პარასკევს გამართულ რიგგარეშე ყრილობაზე და იქვე, რამდენიმე წუთში, დაარღვიეს ახალი წესდებით განსაზღვრული გენერალური მდივნის არჩევის წესი. გენმდივანი აღმასკომის ახალ შემადგენლობას უნდა აერჩია, მაგრამ ფედერაციის პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ ამის გაკეთება საჭიროდ არ მიიჩნია და ვალერი ჩოლარიას კანდიდატურა დამტკიცებულად გამოაცხადა. ჩოლარიამ თავი მოიწონა, ჩვენი ახალი წესდება, ფიფა-უეფას წესებთან ერთად საქართველოს კანონმდებლობასაც ითვალისწინებს და ამიერიდან მუშაობაში ხელს ვერავინ შეგვიშლისო. მოკლედ, ყრილობამ, როგორც იტყვიან, სრული ურთიერთგაგების ვითარებაში ჩაიარა, იქ მიღებული გადაწყვეტილებები კი მერაბ ჟორდანიას მორიგ გამარჯვებად გამოცხადდა. ამ ისტორიაში ცუდი ის არის, რომ ჟორდანიას გამარჯვება სულაც არ ნიშნავს ქართული ფეხბურთის გამარჯვებას.
XS
SM
MD
LG