Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1933 წლის 19 თებერვალს სტალინმა პირველად


1933 წლის 19 თებერვალს სტალინმა პირველად

წამოაყენა ლოზუნგი "გავხადოთ კოლმეურნეობები ბოლშევიკურ კოლმეურნეობებად, ხოლო კოლმეურნეები - შეძლებულებად". სტალინის ეს სიტყვა, რომელიც მან კოლმეუნეთა სრულიად საკავშირო ყრილობაზე წარმოთქვა, არა მარტო კოლმეურნეების, არამედ ხელოვნების მუშაკთა საბრძოლო პროგრამა უნდა გამხდარიყო. რა საერთო ჰქონდა კოლმეურნეობას - კულტურასთან და როგორ შეიძლებოდა განზოგადებულიყო სტალინის ეს სიტყვები?

"კოლმეურნეები რომ შეძლებულნი გახდნენ, ამისათვის საჭიროა მხოლოდ ერთი რამ - პატიოსნად მუშაობა კოლმეურნეობაში, ტრაქტორებისა და მანქანების სწორად გამოყენება, მუშა-პირუტყვის სწორად გამოყენება, მიწის სწორად დამუშავება, საკოლმეურნეო საკუთრების სწორად დაცვა."

ეს სტალინის სიტყვებია, წარმოთქმული 70 წლის წინ, კოლმეურნეთა სრულიად საკავშირო ყრილობაზე. სიტყვა "სწორად" ამ მოხსენებაში შემთხვევით არ მეორდება... "სწორად" - ანუ ზუსტად, ზედმიწევნით, ხაზობრივად. "სწორად", ანუ პარტიის გენერალური ხაზის "ასპროცენტიანი" დაცვით.

"გენერალური ხაზი" დაარქვა სერგეი ეიზენშტეინმა კოლმეურნეთა სრულიად საკავშირო ყრილობამდე 4 წლით ადრე გადაღებულ ფილმს, რომელსაც საბჭოთა კინოში კოლექტივიზაციის პროცესი უნდა აესახა და რომელიც მაგალითი უნდა გამხდარიყო ჩვენი მწერლებისთვის, მხატვრებისთვის და, ცხადია, კოლმეურნეებისთვის... იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა იცხოვრო "სწორად", როგორ დაიცვა "სწორად" საკოლმეურნეო საკუთრება და სხვ. მოგვიანებით ეიზენშტეინის ფილმს სათაურს შეუცვლიან... "ძველი და ახალი" -ასე დაარქმევენ, მერე ზოგიერთ სცენას ამოჭრიან და, ბოლოს, საერთოდ არ გამოუშვებენ ეკრანებზე. ასეთი ბედი ეწია კოლმეურნეთა საკავშირო ყრილობამდე შექმნილ თითქმის ყველა მხატვრულ ნაწარმოებს, რომელშიც ავტორი კოლექტივიზაციის პროცესებს ასახავდა. 1931 წელს გამოქვეყნდა პირველი ნაწილი კონსტანტინე ლორთქიფანიძის რომანისა "ძირს სიმინდის რესპუბლიკა", რომელსაც მოგვიანებით ასევე შეუცვლიან სახელს და "კოლხეთის ცისკარს" დაარქმევენ. მექი ვაშაკიძე, უღარიბესი გლეხი, საკოლმეურნეო ცხოვრებამ რომანის პირველ ვარიანტში გაამდიდრა, მერე კი სიმდიდრემ ცხოვრების რწმენა შესძინა... კოლმეურნეებად ქცეული გლეხები "გაბედნიერდნენ" მაშინ, როცა "სწორად" ცხოვრება ისწავლეს. მანამდე ყოყმანობდნენ, თავიანთ თავს ებრძოდნენ... მაგრამ 1933 წელს ჩატარებული ყრილობის შემდეგ ნათელი გახდა, რომ მხატვრულ ნაწარმოებებში, რომელიც კოლექტივიზაციას ასახავდა, დადებითი გმირის "ყოყმანი" უკვე იკრძალებოდა. მხატვრული ნაწარმოები "სწორად ცხოვრების" ქრესტომათია უნდა გამხდარიყო, თავისებური სახელმძღვანელო იმ გლეხებისთვის, ვისაც ჯერ კიდევ ვერ მიეგნო "სასიცოცხლო იდეალებისთვის".

"სასიცოცხლო იდეალის" ცნებას კი ხელისუფლება თავად უკარნახებდა მოსახლეობას. თუმცა განუწყვეტლივ ცვლიდა მას. კოლმეურნეთა ყრილობამდე "სასიცოცხლო იდეალი" სიუხვეს და სიმდიდრეს გულისხმობდა. ზუსტად ისე, როგორც ეს ეიზენშტეინის "გენერალურ ხაზშია" გამოხატული, სადაც სიუხვის დანახვაზე გლეხის ქალი მარფა ლაპკინა ექსტაზის გრძნობას განიცდის, ამ სიტყვის მრავალნაირი და არა მარტო ეროტიკული გაგებით. თავდაპირველად აქ მარფა ლაპკინა გაოგნებული შესცქერის ორ გლეხს, უზარმაზარი ხერხით ხელში... ისინი ხის ღობის გადახერხვას ცდილობენ, რათა მოისპოს კერძო საკუთრება მიწაზე და რათა საერთო მიწა ყველამ ერთად დაამუშაოს. მოგვიანებით მარფა ლაპკინას ამღვრეულ თვალებში ექსტაზი კიდევ უფრო ეფექტურად იხატება: ძროხას, რომელიც კოლმეურნეობაში გამოზარდეს, მექანიკურ სეპარატორს აცმევენ. ხანგრძლივად გრძელდება მზადება "ამოფრქვევისთვის". მარფას სახე უბრწყინავს და როცა რძე, ბოლოს და ბოლოს, ამოიფრქვევა, გლეხის ქალს - უფრო სწორად, ახლა უკვე "კოლმეურნე ქალს" - სახეზე ნაღების შხეფები ესხმება... ცოტა ხანში ეს შხეფები გადაიქცევა რძის მდინარედ, შემდეგ კი რძის ზღვად, რომელშიც სრულიად გაშიშვლებული მწველავი ქალი ბანაობას იწყებს.

ასე გაიგო იმდროინდელი საბჭოთა კინოს ნომერმა პირველმა რეჟისორმა პარტიის "გენერალური ხაზი", ასე "სწორად", სწორხაზოვნად: კოლმეურნეობა მან ლამის სექსუალური ორგიის სინონიმად აღიქვა - ოღონდ ორგია მასში მონაწილე გლეხის ქალებისა და კაცებისათვის ორგაზმით სრულდება მხოლოდ მაშინ, როცა ისინი "დოვლათში" ლივლივებენ, როცა ძროხა ისე იწველება, რომ მისი რძე მთელ ქვეყანას ჰყოფნის.

თავდაპირველად "გენერალური ხაზის" პრემიერა კოლმეურნეთა ყრილობისთვის იყო დაგეგმილი. მაგრამ ჯერ ყრილობა გადაიდო, შემდეგ კი ეიზენშტეინის ფილმში ხელისუფლებას რაღაც არ მოეწონა. ამასობაში დიდი რეჟისორი მექსიკაში გაემგზავრა და რამდენჯერმე საეჭვოდ გადადო სამშობლოში დაბრუნება. ამიტომ კრემლმა "გენერალური ხაზის" ყრილობაზე ჩვენება გადაიფიქრა. არადა, ამ ყრილობაზე წარმოთქმული სტალინის სიტყვა ძალიან მოუხდებოდა მარფა ლაპკინას კინობიოგრაფიას. ყრილობის დელეგატები უკეთ ჩასწვდებოდნენ სტალინის შემდეგი სიტყვების არსსაც:

"საბჭოთა ვაჭრობა არის ვაჭრობა გარეშე კაპიტალისტებისა - დიდი და პატარა კაპიტალისტებისა, ვაჭრობა გარეშე სპეკულანტებისა - დიდი და პატარა სპეკულანტებისა. ეს განსაკუთრებული სახის ვაჭრობაა, რომელსაც დღემდე არ იცნობდა ისტორია და რომელიც შემოღებული გვაქვს მხოლოდ ჩვენ, ბოლშევიკებს, საბჭოთა განვითარების პირობებში."

კოლმეურნეთა პირველ ყრილობაზე წარმოთქმულმა სტალინის სიტყვამ, რომელიც მეორე დღესვე გამოქვეყნდა გაზეთ "პრავდაში’, როგორც ჩანს, საკმაოდ დააბნია საბჭოთა კულტურის მოღვაწეები. კრემლმა შემოქმედებით ორგანიზაციებს ამ მოხსენების განხილვა მოსთხოვა, მაგრამ - შესაძლოა, პირველად საბჭოთა კულტურის ისტორიაში - ამ განხილვებზე ვერ იპოვა ვერც ერთი მომხსენებელი, რომელიც მწერლებს, მხატვრებს, რეჟისორებს რაიმეს გააგებინებდა. მაინც გაურკვეველი დარჩა, რას ნიშნავს "სწორად" ცხოვრება და როგორ უნდა გამოხატულიყო ეს მხატვრულ ნაწარმოებში, რას ნიშნავს "განსაკუთრებული სახის ვაჭრობა"... აქამდე მხატვრულ ნაწარმოებებში დასცინოდნენ გამდიდრებაზე მეოცნებე მუშებსა და გლეხებს, ხატავდნენ კომუნიზმის სურათს - კომუნიზმისა, რომელშიც აღარ იარსებებდა ფული, აღარ იქნებოდა დაგროვების საჭიროება, რომელიც ისე გაამდიდრებდა ხალხს, რომ ადამიანებს მეტი დრო დარჩებოდათ "ფიზკულტურისა და დასვენებისთვის" და ქვეყანა რძის მდინარეში დაიწყებდა ლივლივს. მაგრამ კოლმეურნეთა ყრილობამ ამ იდეებს ბოლო მოუღო. სტალინის თქმით:

"კომუნისტთა ერთი ნაწილის რიგებში ჯერ კიდევ მეფობს მედიდური, ათვალწუნებითი დამოკიდებულება საერთოდ ვაჭრობისადმი და, კერძოდ, საბჭოთა ვაჭრობისადმი. ამ, უკაცრავად პასუხია, კომუნისტებს საბჭოთა ვაჭრობა მიაჩნიათ მეორეხარისხოვან, უმნიშვნელო საქმედ, ხოლო ვაჭრობის მუშაკები - წყალწაღებულ ხალხად... ამ ადამიანებს არ ესმით, რომ საბჭოთა ვაჭრობა ჩვენი, საკუთარი, ბოლშევიკური საქმეა, ხოლო ვაჭრობის მუშაკები, მათ შორის, დახლის მუშაკები, თუ ისინი პატიოსნად მუშაობენ, - ჩვენი, რევოლუციური, ბოლშევიკური საქმის გამტარებლები არიან."

სტალინი აქ აღარ დააკონკრეტებს, თუ როგორ უნდა "გაატაროს" ბოლშევიკური საქმე მაღაზიის ჩვეულებრივმა გამყიდველმა, რომელსაც ცარიელ დახლებთან უწევს მუშაობა. მაგრამ საკმაოდ მკაფიოდ აყალიბებს თავის მოთხოვნას ხელოვნების მუშაკთა მისამართით - ამიერიდან მათ "სწორად" უნდა აღწერონ სინამდვილე... ანუ მოიტყუონ, შექმნან თავისებური "ფანტასტიკური რეალობა", თუნდაც გოგოლის სამყაროს მსგავსი. ხოლო ვინც ამას არ გააკეთებს, ახლა უკვე აუცილებლად დაისჯება.

[სტალინის ხმა]: "ასეთ ადამიანებზე, გაურკვეველი ტიპის ადამიანებზე, ასეთ ადამიანებზე, რომლებიც პოლიტიკურ ობივატელებს უფრო გვანან, ვიდრე პოლიტიკურ მოღვაწეებს, საკმაოდ მახვილად თქვა დიდმა რუსმა მწერალმა გოგოლმა: გაურკვეველი ტიპის ხალხია, არც ისეთი, არც ასეთი, ვერ გაიგებ რა ხალხია, არც წყალია, არც ღვინო, არც ქალაქ ბაღდადში, არც სოფელ სილიფანში, არც ღმერთისაა, არც ეშმაკისა."

კოლმეურნეთა პირველი ყრილობა ძირეულად იმოქმედებს მთელ საბჭოთა ხელოვნებაზე. ამის შემდეგ კულტურას აეკრძალება ისეთი ტიპის გმირის შექმნა, რომელიც "არც წყალია, არც ღვინო", "არც ღმერთისაა და არც ეშმაკისა". ამიერიდან მხატვრულ ნაწარმოებებში "წყალი" და "ღვინო" ცალ-ცალკე დამკვიდრდება, ცალკე "ღმერთი", ცალკე "ეშმაკი"... და ღმერთისა და ეშმაკის ამ ჭიდილში, ცხადია "ღმერთი" გაიმარჯვებს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG